15:45:22     26-04-2011
წმინდა დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღე
1814 წლის 14 (ახალი სტილით 26) აპრილს დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი - წმინდა დიმიტრი ყიფიანი.
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის მახლობლად, სოფელ მერეთში. გაიზარდა ობლობაში. სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დატოვეს მასწავლებლად. 16 წლის გამორჩეული უნარის ახალგაზრდა მასწავლებელი, დიმიტრი ყიფიანი ასწავლიდა ქართულსა და რუსულ ენებს, არითმეტიკასა და გეოგრაფიას.
1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის 18 წლის დიმიტრი ყიფიანი ვოლოგდაში გადაასახლეს. გადასახლებაშიც გამოჩნდა მისი ნიჭიერობა და საგუბერნიო მმართველის მდივნად დანიშნეს (1835). 1837 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1945 წელს მთავარმართებელმა თავისი კანცელარიის დირექტორად დანიშნა და კოლეგიის მრჩევლის ტიტულიც მიანიჭა. მერე დანიშნეს მეფისნაცვლის საბჭოს წევრად. 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონების მეურვედ მუშაობდა. 1864-1870 წლებში თბილისის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის, თავადაზნაურობის საკრებულოს წინამძღვრად აირჩიეს. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქისთავი. იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის, ბატონყმობის გაუქმების პროექტის მომზადებაში. დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და “ქართული დრამატული საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიურად იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება-განვითარებისათვის.
1886 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი (1882 წლიდან) იყო მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, ქართველმა პატრიოტებმა მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ბილწი ჩუდეცკი. აი რას წერს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსი მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო თავის წიგნში "საქართველოს ეკლესიის ბედი":
“ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში.
თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.
ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.).
ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს (არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი ძილის დროს მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. გ. მ.).
ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.”
დიმიტრი ყიფიანის წამებული ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისი დასაფლავება, რომელსაც ილია და აკაკი ხელმძღვანელობდნენ, ეროვნულ დემონსტრაციად იქცა. აკაკიმ წაიკითხა თავისი ლექსი "განთიადი", მიძღვნილი სამშობლოსათვის წამებული დიმიტრი ყოფიანისადმი. აკაკი ისე აღელდა, რომ ქვითინით დაასრულა ლექსი.
დიმიტრი ყიფიანი იღწვოდა საქართვლოს უფლებების აღსადგენად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რომელიც უსამართლოდ დაარღვია რუსეთის იმპერიამ. მისი აზრით, ქართველობის ყველა სოციალური ფენის ინტერესები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული.
დიმიტრი ყიფიანმა 1841 წელს თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", რომელიც გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896 წელს. 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულად თარგმნილი გიორგი ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში", სადაც გამოქვეყნდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებანი. დიმიტრი ყიფიანმა 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა". გამოქვეყნებული აქვს ლექსი ბაქარ ქართლელის ფსევდონიმით.
განთიადი
(აკაკი წერეთელი)
მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა.…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…
“ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
“წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”
დიმიტრი ყიფიანს
(დუტუ მეგრელი)
"როცა ჩვენი მწარე ხვედრი
გულს მიწუხებს და მიწყლავს სულს,
ეჭვით ვუმზერ მომავალსა
და ვიგონებ შურით წარსულს, –
მაშინ თვალწინ მეხატება
სახე შენი, მადლიანი;
შენგან სიმხნით განვლილი გზა,
სახიფათო, ეკლიანი,
და ვიძახი: "იგი ერი
არ მომკვდარა, არც მოკვდება,
ვისაც შვილი ამისთანა
ჰყოლია და ეყოლება!"
0