11:52:49     06-06-2016
"ჩვენ ვთვლით, რომ ყველას თანასწორად უნდა ეპყრობოდნენ"
ხვალ ბათუმში მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ ჯგუფ Maroon 5-ს ელიან, თუმცა, საქართველოში ჩამოსვლამდე ჯგუფმა, 3 ივნისს, კონცერტი მოსკოვში გამართა და დიდი სცენის გარდა სალომე კინწურაშვილისა და სამველ კარაპეტიანის ქორწილში სამღერადაც მოიცალა.
გრანდიოზული ქორწილის ამსახველი ვიდეოები წყვილის მეგობრებმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Maroon 5-მა ორი კონცერტი გააუქმა ამერიკის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, ანტი-ლგბტ კანონის გამო.
კანონის თანახმად, მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოიყენონ იმ სქესის შესაბამისი საზოგადოებრივი ტუალეტები, რა სქესიც მათ დაბადების მოწმობაში აქვთ მითითებული.
შეზღუდვა ტრანსგენდერ ხალხს, ვისაც არ აქვს შეცვლილი დაბადების მოწმობა, ართმევს საშუალებას, ისარგებლონ თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისი ტუალეტებით, რადგან ჩრდილოეთ კაროლინაში, დაბადების მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სქესი ქირურგიული ჩარევის გზით აქვთ შეცვლილი.
"ჩვენ ვთვლით, რომ ყველას თანასწორად უნდა ეპყრობოდნენ", - ამბობდნენ ჯგუფის წევრები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ემღერათ მოსკოვში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება არალეგალურია.
ამ გადაწყვეტილების გამო ისინი მკაცრად გააკრიტიკეს, ჩრდილო კაროლინის გუბერნატორმა კი მათ საქციელს "თვალთმაქცობაც" კი უწოდა.
"5 ივნისს ისინი ბუქარესტში იქნებიან, სადაც ქვეყანა ერთნაირსქესიანთა კავშირს არ აღიარებს, 7 ივნისს კი ბათუმში, სადაც ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი" - წერს Washington Times.
0