00:04:19     26-04-2011
როგორ აღნიშნავენ აღდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში

აღდგომა, ქრისტეშობის შემდეგ, ყველაზე დიდ საეკლესიო დღესასწაულად ითვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის ადამიანები, თითქმის ერთნაირად აღნიშნავენ.
ჩემი თავდაპირველი დაინტერესება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ დღის აღმნიშვნელმა სიტყვამ, EASTER-მა გამოიწვია, რადგან ეს სიტყვა არანაირად არ უკავშირდება და არ მიუთითებს ამ დღის აღმნიშვნელ თუ გამომხატველ მოვლენას - ქრისტეს აღდგომას. ქართულ ენაში, როგორც ვიცით, სიტყვა აღდგომა- პირდაპირ მიუთითებს და აღნიშნავს მკვდრეთით აღმსდგარს, ასევეა რუსულშიც და რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრ ენაში.
ინგლისურში, სიტყვა „აღდგომა“ გამოითქმის როგორც RESURRECTION, მაგრამ თვითონ ამ დღეს და ამ დღესასწაულს, როგორც უკვე აღვნიშნე, უწოდებენ სრულიად განსხვავებულ სახელს: EASTERS. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა, ვერც ერთმა ამერიკელმა ვერ მითხრა, კოლუმბიის ენციკლოპედიის მეხუთე გამოცემის მიხედვით კი დგინდება, რომ ეს სიტყვა მომდინარეობს გაზაფხულის ქალღმერთის ეოსტრეს პატივსაცემად, თუ რატომ, მითითებული არ არის.
სამაგიეროდ, სხვა გამოცემების და ვიკიპედიის მიხედვით ირკვევა, რომ ძველი ინგლისური სიტყვა - ეოსტრე და ასევე ძველი გერმანული - ოსტარა, ანგლო-საქსონთა ქალღმერთის სახელწოდებაა. თუ რატომ დაერქვა ქრისტიანულ დღესასწაულს,- ყველა დროის ყველაზე უდიდესი მოვლენის, უფალ იესო ქრისტეს აღდგომის დღეს ეს სახელწოდება, ამაზე იმდენი სხვადასხვა ვერსია და იმდენად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რომ კონკრეტული პასუხიც კი ვარაუდის დონეზე რჩება. სამაგიეროდ, თანამედროვე გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს სიტყვა სწორედაც რომ გამოხატავს ამ დღესასწაულს მთელი იმ სიდიადით, როგორც ის იმართება ამ ქვეყანაში...
აღდგომა ჩვენთან და ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში და აგრეთვე ბევრ სხვა ტრადიციულ ქვეყნებშიც, განსაკუთრებული სიფაქიზით და საოცარი მოწიწებით აღინიშნება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ამერიკაზე. მართალია, წირვა-ლოცვა, საეკლესიო მსახურება ( მაგრამ არა ღამის) იმართება ეკლესიებში, ხალხი ზეიმობს უფლის აღდგომას, მაგრამ ის მაინც საერო დღესასწაულის ფორმას უფრო ატარებს. არ ვიცი, ეს დეკორაციების მოყვარული ამერიკელების ბრალია თუ თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე, ქალღმერთ ეოსტრეს პატივისცემა და ხსენება უფროა, მაგრამ ფაქტია, აღდგომა უფრო კომერციული და გასართობი სახის დღესასწაულია ამ ქვეყანაში, ვიდრე რელიგიური.
ვთქვი კომერციული და შემთხვევით ნამდვილად არ მიხსენებია ეს სიტყვა. დეკორაციების მოწყობაში, სახლებისა თუ ორგანიზაციების ლამაზად გაწყობაში, ალბათ ბადალი არ ჰყავთ ამერიკელებს და ამ დღესასწაულთან დაკავშირებითაც უამრავი სააღდგომო სიმბოლოებით დატვირთული თვალისმომჭრელი აქსესუარები, თუ ამ სიმბოლოებით გაფორმებული სპეციალური სააღდგომო ტკბილეულობა, მისალოცი ბარათები და სხვა ბევრი რამ, ბიზნესის კეთების ერთერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება და ეს აღიარებულიც არის.
ახლა მინდა, სწორედ ამ სააღდგომო სიმბოლოებს შევეხო. მითოლოგიიდან და სხვადასხვა სწავლულთა ნაშრომებიდან ირკვევა, რომ თურმე ქალღმერთი ეოსტრე კურდღლებისა და ბაჭიების მოყვარული ყოფილა, მას ყველგან თან ახლდა ეს საყვარელი არსებები და ხშირად მათთან თამაშით და მოფერებით ირთობდა თურმე თავს, ამიტომაც არის რომ ამერიკაში აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოს - კვერცხთან ერთად კურდღელიც წარმოადგენს და ნაყოფიერებასთან, გამრავლებასთან ასოცირდება.
ეს წარმართული დროის სიმბოლოა, რომელიც ახალ სიცოცხლეს გამოხატავს. სხვა ლეგენდის თანახმად კი კურდღელი თავდაპირველად ყოფილა დიდი ზომის, ულამაზესი ჩიტი, რომელიც გაზაფხულის ქალღმერთ ეოსტრეს ეკუთვნოდა. (ეოსტრე, აგრეთვე ცნობილია როგორც ოსტარა, ანუ ნაყოფიერების სიმბოლო და მისი დღესასწაული გაზაფხულზე ბუნიობის დროს აღინიშნებოდა). ერთხელაც, თურმე ეოსტრემ თავისი ლამაზი ჩიტი გადააქცია კურდღლად, ამიტომაცაა რომ სააღდგომო სიმბოლოდ კურდღელთან და კვერცხთან ერთად, ჩიტის ბუდეც მიიჩნევა.
სააღდგომო კურდღელი, ყოველთვის იშენებს ბუდეს და ავსებს მას შეღებილი კვერცხებით. ბევრისთვის ეს არალოგიკური და შეუსაბამოა, მაგრამ აშკარაა თანამედროვე სააღდგომო სიმბოლოების წარმართული წარმომავლობა.
ცნობილია, რომ ყველა ეს სიმბოლო, ამერიკაში 1700-იან წლებში გერმანელებმა შემოიტანეს, რომლებიც დღესაც კი სახლობენ პენსილვანიის შტატში და აქვთ თავიანთი დასახლება (DUTCH COUNTRY). კვერცხების შეღებვისა და მათი მოხატვის ტრადიციაც მათგან მოდის.
სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა, ტრადიციად ქცეული ყველაზე დიდი ზეიმია თითოეული ამერიკელის ოჯახში, რისთვისაც სამზადისს რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და რომელსაც უფრო გართობისა და თამაშის დატვირთვა აქვს. ხოლო თვით აღდგომა დღეს, მათ ბავშვებისთვის სპეციალური თამაშებიც აქვთ. ერთ-ერთი ასეთი თამაშია, როცა სააღდგომო კვერცხებს უმალავენ ბავშვებს და ვინც პირველი იპოვის და მიაგნებს მათ, გამარჯვებულადაც სწორედ მას თვლიან. ჩვენთან გავრცელებული კვერცხის კვერცხზე დარტყმა და გატეხვაც ყველაზე სახალისო თამაშია ამერიკაში. მაგრამ ვიმეორებ,- მხოლოდ თამაში.
აღდგომას ამერიკაში, როგორც აღვნიშნეთ, მხიარულებითა და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობით ხვდებიან და აღნიშნავენ. კვირის საეკლესიო წირვის მერე ნიუ-იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში ტარდება სააღდგომო აღლუმი, სადაც სპეციალური და ძალიან ორიგინალური ტანსაცმლით გამოწყობილი ადამიანები ხვდებიან და ულოცავენ ერთმანეთს ამ დღეს და ქალაქის ქუჩებში აწყობენ საერთო სეირნობას. მათ ტანისამოსში ძირითადად ჭარბობს გაზაფხულის ფერები და სააღდგომო სიმბოლოებიც.
მიჩნეულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღლუმი, ყოველთვის ნიუ-ორლეანში ეწყობა, რომელიც „მარდი ბრასის“ სახელწოდებით არის ცნობილი, აგრეთვე „პირამდე ავსებული ჭიქებისა“ და „ჯაზ ბენდების“ დღესაც უწოდებენ. აქ ჯაზ მუსიკის თანხლებით მხიარულება პიკს აღწევს ხოლმე.
ყველაზე საინტერესო კი, რაც ამ დღეს უკავშირდება, არის ის, რომ ამერიკელები აღდგომა დღეს ქორწილის გადახდას ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად აღიქვამენ. უამრავ წყვილს, სწორედ ამ დღეს უჩნდება სურვილი ერთმანეთთან ცხოვრების დაკავშირებისა და ქორწილის გადახდისა, რადგან ეს დღე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაყოფიერების დღედაც ითვლება. თან ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ატრიბუტების ქონაა ქორწილის დღეს, რა ატრიბუტებიც აღდგომას ახლავს ხოლმე. ეს არის სიმბოლოები კვერცხი და კურდღელი. ქორწილს ორმაგად ალამაზებს ხოლმე. კვერცხი - როგორც სიმბოლო სიცოცხლისა და კურდღელი- როგორც ნაყოფიერებისა, გამრავლებისა.
საინტერესოა და მრავალფეროვანი სააღდგომო სუფრაც. მიჩნეულია რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ღორის ხორცი, ბარკალი, შემწვარი კარტოფილი და ბოსტნეული. ჩვენთან დამკვიდრებული პასკაც ძალიან პოპულარულია, თუმცა ყველა ოჯახში იგი სუფრის აუცილებელ ატრიბუტად არ მიიჩნევა.
არსებობს აგრეთვე ტრადიცია, რომ პრეზიდენტმა თეთრ სახლში აუცილებლად უნდა უმასპინძლოს ბავშვებს და მისცეს სააღდგომო კვერცხები. და ბოლოს, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი: არ შემიძლია არ შევეხო თანამედროვე ინდიელთა სააღდგომო რიტუალს, რომელიც გაჯერებულია წარმართული დროის ელემენტებით.
უაქუის და მაიას ტომის ინდიელები, რომლებიც დღესდღეობით მკვიდრობენ არიზონას შტატში და სონორაში (შტატი მექსიკაში), საინტერესონი არიან იმდენად, რამდენადაც მათი სააღდგომო რიტუალი წარმოადგენს თეატრალიზებულ სანახაობას, გაჯერებულს კათოლიკური და წარმართული საიდუმლო ელემენტებით.
ცერემონიალი იწყება დიდ ხუთშაბათს და ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ჩაპაიაკა, რაც დიდ ცხვირს ნიშნავს, თავისი განუყრელი გრძელცხვირიანი და დიდყურა ნიღბით, ფეხებზე ქოქოსშემოხვეული, მიდის ეკლესიაში. სადაც ხვდება უამრავი ხალხი. ამ დროს ძალიან ძნელია მათ ეკლესიაში შესვლა, არც გადაღების უფლებას აძლევენ ვინმეს. თუმცა ეკლესიის კარს ოდნავ ღიას ყოველთვის ტოვებენ, საიდანაც კარგად შეიძლება იმის დანახვა, რომ ეკლესიაში მთავარ ადგილზე აღმართული აქვთ ჯვარი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს კი - პატარა საცეკვაო მოედანი.
რიტუალი იწყება ლოცვით, მათი ტრადიციული ცეკვით და შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამი დღის განმავლობაში აღდგომამდე მხოლოდ ამით არიან დაკავებული, ხოლო აღდგომა დღეს თავაწყვეტილი ცეკვისა თუ მათი შამანური ლოცვების მერე, ერთბაშად იხსნიან ნიღბებს, იძრობენ ტანზე შემოხვეულ სამოსს და მიდიან ჯვართან, რათა ემთხვიონ და იწყებენ გალობას. საფინალო პროცესიისას კი ყველანი გარშემო ეხვევიან ჯვარს. ეკლესიის თავი კი - იწყებს ახსნას აღდგომის დღესასწაულისას და საუბრობს მის უზენაესობაზე.
ეს რიტუალი, თითქოს ერთგვარი სპეკტაკლია მათი ცხოვრებისა, რაც კარგად გამოხატავს იმ სიბნელეს, რომელშიც იმყოფებოდნენ და იმ ნათელს, რომელიც უფალმა თავისი ამქვეყნად მოსვლით, ჯვარცმით, მიცვალებითა და შემდგომ უკვე აღდგომით დაანახა მათ. დაგვანახა ჩვენ ყველას, ბნელში მსხდომთ.
უფალი ხომ აღსდგა და ამით დაგვანახა უზენაესი იდეა სულიერი არსობისა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
0