12:17:31     23-04-2011
ჩერნობილის "სხივები" მსოფლიოს დღესაც აცხუნებს

ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური,ს მეოთხე ბლოკის აფეთქებამ გამოიწვია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით, მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა,რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის კატასტროფა დაღუპულთა, დაშავებულთა რაოდენობით, ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.
აფეთქების შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა სსრკ-ს ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი მოიცვა. რადიოაქტიური ნალექის 60% ბელორუსიის ტერიტორიაზე დაილექა. დაბინძურების ტერიტორიიდან, საერთო ჯამში, 200 000 ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული. ჩერნობილის კატასტროფა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა გახდა, ავარიის მიზეზების გამოძიება დიდხანს მიმდინარეობდა, ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი, დროთა განმავლობაში იცვლებოდა.
აფეთქება 1:23:50 საათზე მოხდა. დაინგრა რეაქტორი, ენერგო ბლოკის შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ამის შემდეგ კი აქტიური ზონების ნარჩენები ჩამოდნა, დამდნარი მეტალის, სილის, ბეტონის და საწვავის ნარევი ქვერეაქტორის განყოფილებებს მოედო. ავარიისას მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება, მათ შორის იყო ურანის იზოტოპი,პლუტონიუმი, იოდი-131 (ნახევრად დაშლის პერიოდი 8 დღე), ცეზიუმი-134 (ნახევრად დაშლის პერიოდი 2 წელი), ცეზიუმი-137 (ნახევრად დაშლის პერიოდი 33 წელი) და სტონციუმი-90 (ნახევრად დაშლის პერიოდი 28 წელი). მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.
ატომური და ქიმიური რეაქციების კონტროლირება შეუძლებელი იყო. დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს მოხერხდა. როგორც ირკვევა, აფეთქების ერთერთი მიზეზი, ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკში რიგი ცდების ჩატარება გახდა, რომლის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, რაც ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდა ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.
ცდები 700 მეგავატ სიმძლავრეზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ოპერატორის უყურადღებობის გამო ის 30 მეგავატამდე დაეცა. გადაწყდა სიმძლავრე დაგეგმილ 700 მეგავატამდე არ აეწიათ და 200-ით შეზღუდულიყვნენ. სიმძლავრის სწრაფი ვარდნით გაძლიერდა რეაქტორის აქტიური ზონის დაბინძურება ქსენონ-135-ის იზოტოპით. 200 მეგავატამდე მიღწევის შემდეგ ჩაირთო დამატებითი ტუმბები, რომელთა დანიშნულება ექსპერიმენტის დროს გენერატორების დატვირთვის თავიდან აცილება იყო. აქტიური ზონიდან წამოსული წყლის რაოდენობა, გარკვეული დროის მანძილზე სცილდებოდა დასაშვებ ნორმას.
ექსპერიმენტი 1:23:04 საათზე დაიწყო. ამ მომენტში გაუმართაობის ან რეაქტორის არასტაბილურობის შესახებ რაიმე სიგნალი არ ყოფილა. ”გაქცეულ” გენერატორთან მიერთებული ტუმბების სიჩქარის დაწევის და რეაქტიულობის დადებითი ორთქლის კოეფიციენტის გამო რეაქტორი სიმძლავრის მომატების ტენდენციას განიცდიდა, თუმცა მართვის სისტემა ამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა. 1:23:40 საათზე ოპერატორმა ავარიული დაცვის ღილაკი ჩართო. მან სიმძლავრის მკვეთრი ზრდა შენიშნა. მოხდა ორი აფეთქება რამდენიმე წამის ინტერვალით.
26 აპრილს კატასტროფის ადგილზე მყოფი მეხანძრეები და სადგურის თანამშრომლები, დაახლოებით 400 ადამიანი დასხივების მიღების გამო შესაბამის ცენტრებში მოათავსეს. დიაგნოზი 134-ს დაუმტკიცდა, 106 ადამიანი მკურნალობის შემდეგ გამოკეთდა, 28 კი რამდენიმე დღეში დაიღუპა.
25 წლის წინ მომხდარ კატასტროფაზე და გამოძიების მრავალფეროვან შედეგებზე დაუსრულებლად შეიძლება წერა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩერნობილის რადიაცია უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე ახდენს ზეგავლენას საკვებ პროდუქტებზე. რადიოლოგიურ კვლევაში,რომელიც ბუნების დაცვის ერთერთმა ორგანიზაციამ “გრინპისმა” განახორციელა, აღნიშნულია რომ ცეზიუმ-137 და სხვა რადიოაქტიური ელემენტები მცენარეებისა და ცხოველების მეშვეობით საკვებ პროდუქტებსაც წამლავს. “გრინპისის” თანამშრომლებმა 117 სახის პროდუქტი გამოიკვლიეს. ზოგიერთ მათგანში რადიაციული ელემენტები საგრძნობლად აღემატება დასაშვებ ნორმას. ორგანიზაციის წარმომადგენლები, უკრაინის მთავრობას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ, რადგან გასულმა წლებმა ჩერნობილის კატასტროფის სავალალო შედეგებს ვერაფერი დააკლო.
უკრაინაში არსებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება ხალხს ბოლომდე არ უხსნის „კარტებს“. მათი კვლევების მიხედვით, უკრაინაში იწარმოება 30–ზე მეტი დასახელების პროდუქტი, რომლებზეც ჩერნობილის რადიაცია დღესაც კი უარყოფითად მოქმედებს. ესენი, ძირითადად, არადაკონსერვებული საკვებია: ძეხვეული და ხორცეული პროდუქტები. შეფუთვაზე, რა თქმა უნდა, მითითებული არ არის, რომ პროდუქტი შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
რაც შეეხება თვითონ ქალაქ ჩერნობილს, იქ სიცოცხლე დღესაც ჩამკვდარია. უშუალოდ ქალაქში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად, მოხუცებისგან შემდგარი. ქალაქი საშინლად გამოიყურება: მიტოვებული სახლები, აჭედილი ფანჯრები, დამახინჯებული სათამაშოები ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში... ჩერნობილის ცენტრში მოუვლელი და გავერანებული მემორიალია, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად ააგეს. ამ მემორიალთან ყვავილები მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 26 აპრილს ჩნდება...
0