11:33:40     23-04-2011
კოტ-დივუარელი სამხედროები ნაწილებში დააბრუნეს
კოტ-დივუარში რამდენიმეკვირიანი არეულობების შემდეგ, ვითარება სტაბილურობისკენ მიდის. ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის დაწყებული ბრძოლები დასრულდა. შესაბამისად, ჯარის და კომენდანტის საათის საჭიროებაც მოიხსნა.
ამიტომ ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალასან უატარამ ბრძანება გასცა, რომლის თანახმადაც კოტ-დივუარის ყველა სამხედრო მოსამსახურე, საკუთარ სამხედრო ნაწილებში, დისლოკაციის ადგილს უნდა დაუბრუნდნენ. უატარას თქმით, ქალაქების ქუჩებში და საერთოდ, მთელ ქვეყანაში, წესრიგის დაცვის საკითხს, ამიერიდან, პოლიცია და ჟანდარმები მიხედავენ.
როგორც “ბიბისი” იტყობინება, პრეზიდენტი სახელმწიფოში სიტუაციის ნორმალიზებისათვის პირველ ნაბიჯებს დგამს. შეგახსენებთ, რომ უატარამ ხელისუფლება კოტ-დივუარში გასულ კვირას, დიდი ბრძოლების და სხვა სახელმწიფოთა, ძირითადად, საფრანგეთის სამხედრო ჩარევის შედეგად მოიპოვა. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამხედროებმა ქალაქ აბიჟანში, საკუთარ რეზიდენციაში გამაგრებული ყოფილი პრეზედენტი ლორან გბაგბო დააპატიმრეს. 0