11:14:58     22-04-2011
ლიბიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება?!
დასავლური საინფორმაციო საშუალებების ნაწილი, აშშ-ის და მისი მეკავშირეების სამხედრო მაღალჩინოსანთა ინფორმაციებზე დაყრდნობით, ლიბიაში ნატოს შესაძლო სახმელეთო შეჭრაზე ალაპარაკდა. როგორც ცნობილია, ამბოხებულებს სახელისუფლო ძალებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდათ. ფაქტია, რომ მხოლოდ დაბომბვებით ლიბიის ლიდერის მოშორება ძალიან გაძნელდა.
მაგრამ ამ ინფორმაციას ოფიციალურად, ჯერჯერობით, არავინ ადასტურებს. ამჯერად მხოლოდ სამხედრო მრჩევლების გაგზავნაზეა ლაპარაკი, რომლებიც ამბოხებულებს გარკვეული საომარი მოქმედებების წარმოებაში დაეხმარებიან. საამისოდ, მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ. ამ ქვეყნებიდან, სამხედრო მრჩევლები ლიბიის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ ლიბიაში სიტუაციის განვითარებით. მდგომარეობა უკიდურესი ნაბიჯების გადადგმისაკენ გვიბიძგებს, თუმცა ნატო კონფლიქტის ხმელეთზე გადატანას სარისკო ნაბიჯად მიიჩნევს”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ექსპერტების ვარაუდით, საზაფხულო სიცხეების დადგომის შემდეგ, ლიბიაში საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდება. მანამდე კი, ოპერაციის დასრულება რამდენად სწრაფად მოხერხდება, ჯერჯერობით, ამის პროგნოზი სულ უფრო რთულდება. 0