ორჯერ დამესიზმრა - ცოცხალი ვარ, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო - გურამ კვეზერელის ახლობელი ორჯერ დამესიზმრა - ცოცხალი ვარ, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო - გურამ კვეზერელის ახლობელი />


  23:21:59     26-04-2016

ორჯერ დამესიზმრა - ცოცხალი ვარ, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო - გურამ კვეზერელის ახლობელი

a51674.jpg

ორი წლის წინ მოკლული გურამ კვეზერელის მამიდაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2014 წელს მისი მამიდისა და მამიდაშვილის მკვლელებმა გაითამაშეს სცენა, თითქოსდა, შვილმა დედა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

 

ლელა კაშეიშვილი-კვეზერელი აცხადებს, რომ საქმეზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მისივე თქმით, მანაც არ იცოდა, რომ ნატო კვეზერელს ბინაში სათვალთვალო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული. მისივე თქმით, ახლობლის გარდა, კამერის შესახებ სხვას არ ეცოდინებოდა.

 

„ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია - ერთი ვერსიით, თითქოს გურამიკომ მოკლა დედა. ალბათ, ამ ჭორებმა აურია პოლიციასაც გზა-კვალი. გურამიკოს კომპიუტერი, საბუთები, ჩიპი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები მამიდას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მტკვრის ნაპირზე იპოვეს. მკვლელებმა გაითამაშეს ეს სცენა, რათა ყველას ეფიქრა, თითქოს თავი მოიკლა. მაგრამ მყვინთავებმა ცხედარი ვერ ნახეს. ყველაფერი წინასწარ განზრახული იყო, გაავრცელეს ხმები, მკვლელი შვილიაო.

 

მამიდა ძალიან ფრთხილი ქალი იყო და ბინაში დამონტაჟებული ჰქონია სათვალთვალო კამერა. მეც არ ვიცოდი კამერა თუ ეყენათ, რომელიც თურმე მოხსნილია. ახლობლის გარდა, ვის ეცოდინებოდა ეს ამბავი?ვითხოვ, გამოავლინონ ინფორმაციის მიმწოდებელიც! ყველა უნდა ამოლპეს ციხეში!“, - აცხადებს ლელა კაშეიშვილი-კვეზერელი.

 

იგი დარწმუნებულია, რომ გურამ კვეზერელი წამლით გათიშეს და კასრში ცოცხლად ჩამარხეს.

 

„ამდენი დრო გავიდა და მაინც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. ამ ხნის განმავლობაში, ორჯერ დამესიზმრა, მეუბნებოდა, ცოცხალი ვარ, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო. გადარეული ვიღვიძებდი და სანთლებს ვუნთებდი. დარწმუნებული ვარ, რაღაც წამლით გათიშეს და მერე იმ კასრში ცოცხლად ჩამარხეს. ამის გაფიქრებაც მზარავს. კასრში ჩატენეს ორმეტრიანი ბიჭი და მჟავა გადაასხეს. 12 000 დოლარის გამო შეიძლება ორი ადამიანი ასე წამებით მოკლა?!“, - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას გურამ კვეზერელის მამიდაშვილი.

 

მიმდინარე წლის 20 აპრილს, 29 წლის გურამ კვეზერელის ცხედარი სამართალდამცავებმა ორწლიანი ძებნის შემდეგ კოჯორში, კასრით ჩამარხული იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მკვლელობაში ბრალდებულმა ორმა პირმა ჯერ მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, კასრში მოათავსეს და მჟავა დაასხეს.

 

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გურამ კვეზერელის მკვლელობის შემდეგ, იმავე დღეს, ახალგაზრდა მამაკაცის დედა მოკლეს. ნატო კვეზერელი ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარი ბინის აბაზანაში ნახეს, სახლიდან კი 12 ათასი დოლარი და სხვა ნივთები იყო წაღებული.

 

კვეზერელის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი, განზრახ მკვლელობის მუხლით კი ერთი პირია დაკავებული, მეორე კი ძებნაშია.

 

სასამართლომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ერთ-ერთ პირს, რომელიც მიმალვაშია, დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს, იგი მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რადგან იგი უკვე მსჯავრდებულია და სასჯელს სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იხდის.

 

კვეზერელების მკვლელობისთვის ბრალდებული პირების სახელი და გვარი თბილისში მომხდარ არაერთ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას უკავშირდება.

 

როგორც ცნობილია, ადრე ჩადენილი დანაშაულებების გამო, ვასილ გოშაძეს 25, გიორგი ყუფარაძეს კი 27 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

 

ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ ციხე 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვეს, თუმცა მანამდე მათ სასჯელი შეუმცირდათ. გავრცელებული ინფორმაციით, გოშაძე განმეორებით რამდენიმე თვის წინ, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და 14 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს.

 

სავარაუდოდ, წარდგენილი ბრალდების და მოსალოდნელი სასჯელის გამო მან გამოძიებასთან ისევ ითანამშრომლა და დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობა აღიარა. მანვე დაასახელა მკვლელობის თანამონაწილის გიორგი ყუფარაძის გვარი.

info9.ge

0

ავტორი: