10:33:47     25-04-2016
ლანა პაპიძე – გაუნათლებლები, უწიგნურები, დედები ცხოვრებაში არ ყოფილან, შვილები ცხოვრებაში არ გაუზრდიათ
რამდენიმე დღის წინ მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო. წარმოდგენილი 100 კანდიდატიდან ჯერჯერობით 4 შეირჩა. ნაფიცმსაჯულთა შერჩევის შესახებ დეტალებს „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის და, ლანა პაპიძე უამბობს:
– მსაჯულების არჩევა ასე მალე ვერ მოხდება. ისეთი საშინელი ხალხი ჰყავდათ მოყვანილი, წარმოდგენაც ძნელია – გაუნათლებლები, უწიგნურები, დედები ცხოვრებაში არ ყოფილან, შვილები ცხოვრებაში არ გაუზრდიათ. ისეთი ხალხი ჰყავდათ შერჩეული, ძლივს გავცხრილეთ. ადგა ერთი ბიჭი და თქვა, სპეცრაზმელი ვარო… ერთი ადგა, გაკვირვებული იყო, – რატომ გამომიძახეთო. სასწაულები ხდებოდა: ჩემი და ერთ-ერთს კითხვას უსვამს, – ოდესმე ბავშვი გაგიზრდიაო? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. 18 წლის გოგოს რომ მსაჯულობას ანდობ, რაზე უნდა ვილაპარაკო? – იკრიჭებოდა იქ მოსამართლის წინ, აზრს ვერ აყალიბებდა… ნუცას სკოლა იყო, სასწაული… ბავშვი ცხოვრებაში არ გამიზრდიაო, 18 წლის ახლა გავხდიო და ბედნიერი იყო, რომ მაგდას განიკითხავდა… ვიჯექი სასამართლოზე და მეცინებოდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყველას გაცხრილვას ვერ მოვახერხებდით, მაგრამ მადლობა ღმერთს, ისეთი 4 კაცი შეირჩა, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ერთი კაცი იქ ცუდად გახდა, – რა გინდათ, ხალხო, არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ, ამ გოგოს საცოდაობით აღარ ვარ, გამიშვით, ამაცილეთო. ისეთი მძიმე იყო საყურებლად, ხალხი ცუდად ხდებოდა და ტოვებდა მსაჯულების არჩევის პროცესს.
ხალხი იცით, როგორ მსჯელობდა? მადლობა ღმერთს… სანამდე დაიმალება ზოგიერთი?
– ვის გულისხმობთ?
– ვინც არ გამოჩენილა, აგერ ოთხი თვეა. რა ცოდვა აქვს ასეთი მოსანანიებელი მონასტერში ოთო ბერძენიშვილს? ვიცი, ვინც მფარველობს მაგას… ბერძენიშვილები.
– რესპუბლიკელ ძმებ ბერძენიშვილებს გულისხმობთ?
– დიახ, ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა… არავინ ისე არ დატოვებს ამას. ჩამოვა ის მონასტრიდან და დადგება ჩემს წინ, ჩემი ოჯახის წინ… ჩემს სიძე დიდი წონა ჰქონდა ყველგან. ასეთი ბიჭის ცოლს საყვარელი ჰყავდა, თურმე 24 საათი მასთან იყო და ომარმა ეს ყველაფერი არ იცოდა?! კიდევ კარგი, ეს გაბრიჩიძე, მოსამართლე დადებითად არის მაგდას მიმართ განწყობილი, შევატყვე. აცილებები, რაც მივეცით კანდიდატებს, ყველაფერი დააკმაყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ…
– რამდენადაც ვიცი, მსაჯულებს შერჩევის დროს წინასწარი განწყობები არ უნდა ჰქონდეთ საქმეზე…
– ეს განწყობები ძირითადად პროკურატურამ შექმნა, როდესაც ე.წ. მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ძალიან მძიმედ მიდიოდა პროცესი. მაგდას ოთხჯერ აუწია შაქარმა და ოთხჯერ გამოცხადდა შესვენება. ვინც დედა იყო და შვილი ჰყავდა გაზრდილი, ყველას ცხრილავდა პროკურატურა.
იქ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის უმაღლესი განათლება არავის ჰქონდა, ნასწავლი არავინ იყო… ზოგი პოლიციაში მუშაობდა, ერთ გოგოს დედა ჰყავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი… გაგიჟდა მაგდა, გაგიჟდნენ ადვოკატები, – რატომ მოგყავთ ასეთებიო… დარჩა ერთი უბრალო ქალი, ორი კაცი და ერთი გოგო, რომელსაც არც განათლება აქვს, იკრიჭება, ცანცარებს, ჩამოუყალიბებელია… მე კი არ განვიკითხავ, მაგრამ, როცა ასეთი მძიმე საქმე გაქვს განსახილველი, ნება იბოძე და მოიყვანე ისეთი, ვისაც ლაპარაკის უნარი მაინც აქვს და აზრს მაინც ჩამოაყალიბებს. გაგიჟებულია მაგდა. თავი არ აუწევია, თვალებით მეუბნებოდა – ეს სად ვართო?!
– კანდიდატები, როგორც წესი, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან საარჩევნო სიებიდან…
– ვიცი…
– შერჩევის პროცესი როდემდე გაგრძელდება?
– ეს იმხელა პროცედურაა, ზაფხულამდე არ დამთავრდება…
არადა, თუ ვერდიქტი ბრალდებულის დაკავებიდან 9 თვეში არ გამოქვეყნდება, საპროცესო კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ავალდებულებს, რომ ბრალდებული გაათავისუფლოს. მაგდა პაპიძეს კი ეს ცხრათვიანი ვადა სექტემბერში უმთავრდება… ასეთი საფრთხის წინაშე მართლმსაჯულება ერთი წლის წინაც დადგა, როდესაც საქმე ვადის ამოწურვის ზღვარზე იყო და მსაჯულებმა მიცემულ 13-საათიან ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მოსამართლე იძულებული გახდა, მსაჯულები დაეთხოვა. ახალ შემადგენლობას კი საპროცესო ვადებში ჩასატევად ძალიან მცირე დრო ჰქონდა…
რა თქმა უნდა, ეს ტაქტიკა ადვოკატებისთვის მუშა პრაქტიკაა და არც ერთ საქმეში არ გამოირიცხება, მით უმეტეს, როდესაც ისეთ გახმაურებულ ქეისთან გვაქვს საქმე, როგორიც მაგდა პაპიძის საქმეა.
P.S. ბუნებრივია, ბერძენიშვილების ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე დიდ აბსურდთან გვაქვს. ჩვენ კომენტარისთვის პარტიის ოფისსაც დავუკავშირდით, მაგრამ მათ საქმის კომენტირება, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალეს.
0