18:23:26     22-04-2016
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ამნისტიით დატოვეს
სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ამნისტიის შემდეგ დატოვეს.
გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე, რომლებსაც ბრალი 109-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებაში) წარუდგინეს 2013 წლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
გიორგი ყუფარაძე სასჯელს სვანეთისუბანში, აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის იხდიდა და მას 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2009 წელს მას სასჯელი პრეზიდენტის შეწყალებით გაუნახევრდა, 2013 წელს კი, მასზე ამნისტია გავრცელდა და აქედან რამდენიმე დღეში, კალენდარულად დატოვა პენიტენციური დაწესებულება.
გოშაძეს კი, რომელიც სასჯელს იხდიდა საქართველოს ბანკის გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის ასევე შეეხო შეწყალებაცა და ამნისტიაც.
გარდა ამისა, ორივე მათგანის გვარი 2003 წელს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. ისინი ბრალდების მხარის მოწმეები იყვნენ.
გოშაძე ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ხოლო ყუფარაძე ქვეყნიდან გაქცეულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
შეგახსენებთ, 2014 წლის ბოლოს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარი სახლის აბაზანაში 49 წლის ნატო კვეზერელი ნახეს მოკლული. ხოლო მისი შვილის, გურამ კვეზერელის ცხედარი მხოლოდ ორი დღის წინ, კოჯორში იპოვეს ჩამარხული.
0