12:36:28     18-04-2016
14 წლის მოზარდი საკუთარ სადარბაზოში მოკლეს – მიზეზად გოგონა სახელდება
სამი კვირის წინ ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში, 14 წლის ანრი გოგიტიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლმა მოკლა. ანრი გოგიტიძე ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მას მეზობლები და თანატოლები დადებითად ახასიათებენ.
შემთხვევის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა რეალური მიზეზები ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა. „პრაიმტაიმი“ გარდაცვლილის, ანრი გოგიტიძის დედას, დეიდასა და ნათლიას ესაუბრა. შევეცდებით, მივყვეთ ქრონოლოგიურად და შემთხვევის დეტალები ზუსტად გავაცოცხლოთ.
სტატიაში რესპონდენტების მიერ დასახელებული სახელები და გვარები შეცვლილია, ვინაიდან საქმეს ჯერ ბრალდებულები არ ჰყავს და გამოძიება ისევ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ყველაფერი ექსპერტიზის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ანრის დეიდა ხათუნა მსხალაძე შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, ანრი მეგობარმა ეზოში მოტყუებით ჩაიყვანა, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.
ხათუნა მსხალაძე: „გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, ეს არის ცრუ ინფორმაცია. ბევრჯერ ვთქვი უკვე, ბავშვი არის მოკლული სადარბაზოში. მოკლა თავისმა თანატოლმა“.
დეიდა შემთხვევის დღეს ასე იხსენებს: „ანრი საჭმელს ჭამდა, როცა მისმა ძმაკაცმა დათომ დაუძახა, მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს. ეს ძმაკაცი შეკრული ყოფილა იმ მკვლელთან – ზურასთან და ანრი მოტყუებით ჩაიყვანა სადარბაზოში. დიდხანს ეხვეწებოდა ეს ბიჭი, გამოდიო, „სტრელკას“ უნიშნავდა. მისი დაძახებით ბავშვი ჩავიდა და მან სადარბაზოში დაახვედრა 3 ბიჭი. მეოთხე ბიჭი თავად დათო იყო, თუმცა მას ხელი არ დაურტყამს ანრისთვის. იქიდან ერთი ბიჭი 16-ის იყო, მეორე – 17-ის და დანარჩენი 14-ისები იყვნენ“.
„პრაიმტაიმი“ ანრი გოგიტიძის დედას ნანა მსხალაძესაც ესაუბრა. გარდაცვლილის დედა შემთხვევის დეტალებს იხსენებს და მოტივებზეც საუბრობს. მისი თქმით, ეს ყველაფერი გოგონას გამო მოხდა.
ნანა მსხალაძე, ანრის დედა:
– გოგოს გამო მოხდა ეს ყველაფერი. ანრის ხომ დაუძახა იმ დღეს ძმაკაცმა დათომ და ამ დათოს ჰყავს უფროსი ძმა, რომელმაც ამოაკითხა სახლში, დამიკაკუნა კარზე, მე დავმალე ბავშვი, გაშვება არ მინდოდა, შაბათი დღეა, სახლში იყოს-მეთქი. ვუთხარი, სახლში არ არის ჩემი შვილი-მეთქი. კარგიო და წავიდა. ამ დროს ანრი მეზობელთან იყო პირდაპირ კარებში შესული და რომ შემოვიდა, კომპიუტერთან დაჯდა, „ფეისბუკზე“ მოსწერა ძმაკაცმა, ჩამოდი დაბლაო, ჩემმა შვილმა კი უთხრა, ახლა ვერ ჩამოვალ, ვთამაშობო. იქვე ადგილზე ჭამდა ხოლმე საჭმელს კომპიუტერთან, ბოდიში და ისე ჩაითრევდა ხოლმე თამაშები, ტუალეტში გასვლაც კი ეზარებოდა. კომპიუტერთან უღამდებოდა ხოლმე. იმან კი მოსწერა, ვითომ რატომ არა ახლაო, ნამუსზე ააგდო ბავშვი.
– და გოგოს ამბავი რა კავშირია ამ ყველაფერთან?
– რა და, ამ ჩემი ბიჭის ძმაკაცს, დათოს თუ მის უფროს ძმას ჰყვარებია იქვე, სადარბაზოში, ერთი გოგო, ნათია და იმ ბიჭს, ვისაც კასტეტი ეკეთა და ვინც ჩემი ბიჭი მოკლა, ანუ ზურას, ეს გოგო ჰყვარებია. ამ დათომ კი ანრი ჩართო საქმეში, მე მიყვარს ის გოგო და ზურა კი ჩემს გოგოს ავიწროებსო.
ანრი მისულა იმ ზურასთან, თავი დაანებე ამ გოგოს, არ უყვარხარო. ჩემს ძმაკაცს და ნათიას ერთმანეთი უყვართო. ანრი თურმე ასე დალაპარაკებია და მერე წამოსულა სახლში.
შემდეგ, პარასკევს დღეს, ეს კასტეტიანი ბიჭი ზურა და ანრის კლასელი ლაპარაკობდნენ. ამ ზურას კი უთქვამს, ანრი გუშინ მოვიდა გოგოს თემაზე ჩემთანო, მე კიდევ დავარტყი და დედა შევაგინეო. ამას ეუბნება ანრის კლასელს ის ბიჭი. ანრისთან მისულა ეს კლასელი და შენზე იმ ზურამ ასეთი რათაც თქვაო, დავარტყი და დედა შევაგინეო. მერე ანრიმ იმ ზურას „ფეისბუკზე“ მისწერა: შენ, ბიჭო, დედა ვის შეაგინეო, მართლა შენი დედა ასე ვქენიო. ანრისაც შეუგინებია, მე არასწორად რატომ შემაგინეო, რაც არ ყოფილა, რატომ თქვი ის ჩემს კლასელთანო. და ამ ბიჭმა ანრის შეხვედრა დაუთქვა სკოლაში, პარასკევს, ანრი კი არ შეხვედრია.
მერე იმ საღამოს, 26 მარტს, 5-ის წუთებზე ანრი მეზობელთან იყო შესული, იქ კომპიუტერზე თამაშობდა. შემდეგ ანრი შემოვიდა იქიდან სახლში. პატარა ბავშვს საჭმელს ვაჭმევდი, ზუსტად მახსოვს ეს ყველაფერი, არასდროს არ დამავიწყდება, ჩემში არ წაიშლება. შემოვიდა და ვკითხე, – საჭმელი არ გშია, დედიკო, მთელი დღე კომპიუტერთან ზიხარ და მოგშივდებოდა-მეთქი. კაი, დედიკო, მშიაო. ვაჭამე საჭმელი, მივიდა კომპიუტერთან და ზუსტად იქ მოუწერია იმ თავის ძმაკაცს. მოწერის საათები და ბავშვის გასვლის საათები პოლიციამ ზუსტად დააფიქსირა.
– ანუ ანრი ძმაკაცმა, დათომ, და მისმა ძმამ მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან და იქ კასტეტიანი ზურა და სხვა ბიჭი დაახვედრეს?
– დიახ. რეალურად ანრი ჩარიეს მისმა ძმაკაცმა და ძმაკაცის ძმამ, იმ კასტეტიან ზურას თვითონ ვერ მოერივნენ და ამიტომ ჩემი შვილი გამოიყენეს.
– და ზურას იცნობდით მანამდე, ან იცოდით, რომ ანრისთან კონფლიქტში იყო?
– ზოგადად, ის ზურა ძალიან ცუდად იყო გაზრდილი, მთელ უბანს აწიოკებდა, მამამისი ასე ეუბნებოდა, მამი, სახლში ნაცემი არ მოხვიდე, მოკალი და ისე მოდი ჩემთანო. ამას ჩემს შვილზე კი არა, ყველაზე ასე ეუბნებოდა. პირველ სართულზე ცხოვრობს ჩემი მეზობელი, იმან თქვა, შარშან ჩემს ბიჭს ჩაარტყა ფილტვებშიო და სუნთქვა შეუკავაო. რამდენჯერმე ხელებიდან გამოვტაცე ჩემი შვილიო.
იქ, ასევე, იყო მესამე ბიჭი, ბექა. ზურას მეგობარია ეს, მისნაირი უზრდელი, გურიიდან გამოქცეული, სოფელში ვერ ჩადიოდა. ესეც იქ იყო და ურტყამდა ჩემს შვილს.
მე ამ ამბების მერე ეზოში შევკრიბე ბავშვები და ყველაფერი მოვაყოლე. ერთმა ბიჭმა მითხრა, ეს ანრის ძმაკაცი დათო, ზურა და ბექა შეკრებილები იყვნენ ეზოშიო. ტყუპ ცხრიანებში ვცხოვრობთ ჩვენ და კორპუსებს შორის ვიწრო გასასვლელია და იქ ყოფილან შეკრებილები. იქ იმალებოდნენ. 4-ის წუთები იყო, როცა ანრის ეზოში ჩაყვანას გეგმავდნენ. ბავშვებმა მითხრეს ეს ყველაფერი.
ანრი გოგიტიძის დედის თქმით, მისი შვილის ძმაკაცისა და მისი ძმის მამა საკუთარ შვილებს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. თუმცა, ეს ოჯახი გოგიტიძეებთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გასულა. მათი სახლის კარი დაკეტილია და არავინ იცის, სად იმყოფებიან.
ნანა მსხალაძე:
– ამ ანრის ძმაკაცების მამა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, ამბობს, ჩემი შვილი არ არის დამნაშავეო. ამბობს, მეც მაგათი მტერი ვარ, ის ზურა ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. მაგრამ იცით, რა მიკვირს? თუ თავს დამნაშავეებად არ გრძნობენ, ტირილში მაინც რატომ არ მოვიდნენ? ერთი არ მოგვისამძიმრეს. ან ვინმე მოეგზავნათ ან რამე, არავინ არ მოსულა საერთოდ. დაკეტეს სახლები და წავიდნენ, დაიმალნენ ყველანი.
– ანრის სახლიდან გასვლის შემდეგ რა მოხდა?
– როცა ანრი სახლიდან გავიდა, 5 წუთში დამიძახა მეზობელმა, ანრი სადარბაზოში გდიაო, უგონოდააო. მე რომ ვნახე ბავშვი, უკვე გარდაცვლილი იყო. ძირს ეგდო, მაგრამ თავიდან მეგონა, გონება აქვს დაკარგული-მეთქი. რომ მივიყვანეთ საავადმყოფოში, უკვე აზრი არ ჰქონდა. ადგილზე გარდაცვლილა. კასტეტი ჩაარტყეს და ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდები. მე ამ ყველაფერს ვლაპარაკობ და თურმე არ იჭერენ, ამაზე კიდევ ჭკუა მეკეტება. მე უნდა შევცვალო კანონი, 13 წლის ბავშვს შეუძლია, 20 კაცი მოკლას და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს. ეს როგორ შეიძლება. ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას. ეს ისეთი ასაკია, კიდევ მოკლავს მაგი ვიღაცას. სისხლს დავღვრი, ვიომებ. ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას. არ გავჩერდები, სანამ ეგენი ციხეში არ მოხვდებიან.
ჩვენ ანრის ნათლიას შორენა ქათამაძესაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, ანრი უდავოდ მოკლულია და ეს მკვლელობა წინასწარაა დაგეგმილი.
შორენა ქათამაძე, ბავშვის ნათლია:
– მინდა თქვენ გკითხოთ, როცა ბავშვს ეძახი სხვისი სახელით და შენ თვითონ არ ჩანხარ, ანუ მოტყუებით ჩაგყავს სადარბაზოში, ელოდები ჩუმად, ჩამოდის ბავშვი და იქიდან ხუთ წუთში მკვდარს ნახულობს დედა, მიპასუხე, განზრახ მკვლელობა არის თუ არა?
– ანრი იმ ბიჭებთან კონფლიქტში ადრეც იყო? თქვენ ან ოჯახის წევრებს ამაზე თუ გქონდათ ინფორმაცია?
– ვერ გეტყვით. არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი. ფაქტია, რომ მათი ხელიდანაა ბავშვი მოკლული.
– ის ბიჭები იმალებიან?
– აბა, სად არიან, სად, გამაგებინეთ.
– როგორი ბავშვი იყო ანრი, კონფლიქტური თუ იყო თანატოლებთან?
– არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. ძალიან კეთილი. ანრის აგრესია არასოდეს შემიმჩნევია.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად შსს-საც დაუკავშირდა, თუმცა მათგანაც იგივე ინფორმაცია მოვისმინეთ. გამოძიება ექსპერტიზის შედეგების დადებამდე, ჯერ ისევ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ოჯახის წევრების აზრით, „დამნაშავე“ თანატოლები დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ყველა მათგანი საკუთარ საცხოვრებელ ადგილას ამ წუთას იმ იმყოფება. გამოძიება შემდეგ ეტაპზე უკვე ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადავა. ოჯახი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ისინი დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვენ.
0