19:16:58     20-04-2011
ეკლესია „კამაზზე“ – აფხაზეთის რუსული ბაზების ნოუ ჰაუ
1 აპრილიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზებზე ერთი ფრიად უცნაური ავტომანქანა ივლის. ავტომანქანის მარკა – „კამაზი“ რუსებისთვის მშობლიურია, თუმცა, მანქანის ფორმა ფრიად უჩვეულოა. როგორც „ლაიფნიუსი“ იუწყება, ავტომანქანით, არც მეტი, არც ნაკლები, ეკლესია გადაადგილდება.
ეკლესიას თავისი მოძღვარი ჰყავს – მამა ალექსანდრე ტერპუგოვი, რომელიც მოვალეობის შესრულებას აპრილის დასაწყისიდან შეუდგა. არმიაში სამუშაოდ კიდევ ორმოცდაათ მოძღვარს ამზადებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი უკვე შეარჩიეს.
სხვათაშორის, მოძღვარს სამხედრო წოდება არა, მაგრამ სამხედრო თანამდებობა მაინც ექნება: იგი ავტომატურად ხდება სამხედრო ნაწილის მეთაურის თანაშემწე, წმინდა სამეთაურო ფუნქციებით – სასულიერო პირს ჯარისკაცთა ჰაუპტვახტში გაგზავნაც კი შეეძლება. 50 წლის ტერპუგოვი, სულ რაღაც ორი წლის წინ, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, თუ სასულიერო პირის ფუნქციებთან ერთად სამხედრო პირის მოვალეობებსაც შეითავსებდა. თუმცა, ბაზის ჯარისკაცებისთვის ერთი შეღავათი მაინც არსებობს: იმის გამო, რომ მოძღვარს სამხედრო წოდება არა აქვს, ისინი თავისუფლდებიან სამხედრო წესით მისალმების ვალდებულებისგან.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ მოძღვარი ჯარისკაცებს არავითარ ახალ ვალდებულებებს არ აჰკიდებს მხრებზე, პირიქით: ხელს შეუწყობს მათი მძიმე ყოფის შემსუბუქებას და დაიცავს კონფლიქტური სიტუაციებისგან.
„არმიაში მყოფნი წყდებიან ყოველდღიურ ყოფას, მათ იპყრობს სიმარტოვის შეგრძნება, ხდებიან კონფლიქტური სიტუაციების მსხვერპლნი. ასეთ დროს რწმენასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია“, – ამბობენ რუსეთის საპატრიარქოს პრესცენტრში.
მამა ალექსანდრე ტერპუგოვის ამოცანაა, მოკლე ხანში უზრუნველყოს სრულყოფილი ღვთისმსახურების ჩატარება. ამისთვის მას სპეციალური კარავიც აქვს – წმინდანთა გამოსახულებით. კარავი მცირე ზომისაა და მისი მეშვეობით ლიტურგიის ჩატარება მოძღვარს პატარა ოთახებსა და სამხედრო კარვებშიც შეუძლია. უახლოეს პერსპექტივაში მოძღვარს ევალება, რომელიმე ბაზაზე ეკლესია ააშენოს, ჯერჯერობით კი „კამაზზე“ დატეული ეკლესია თავად „მიდის“ ბაზებში. „ლაიფნიუსის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ასეთ ეკლესიას ყიდულობს, რათა ისინი სწავლებებისა და საბრძოლო ლაშქრობების დროს გამოიყენოს.
ასეთ ეკლესიებში მოძღვარს ნებისმიერი საიდუმლოს შესრულება შეუძლია, დაწყებული ნათლობით და დამთავრებული მღვდლად ხელდასხმით. მამა ალექსანდრემ ამისთვის კურთხევა უშუალოდ პატრიარქისგან მიიღო.
ტერპუგოვის კვალდაკვალ, „სამხედრო მღვდლობისთვის“ კიდევ ორი მოძღვარი ემზადება. ერთი სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტში, ხოლო მეორე ტაჯიკეთში მდებარე ერთ–ერთ რუსულ ბაზაზე იმსახურებს. შეიქმნება თუ არა ბორბლებზე მოძრავის კვალდაკვალ „მცურავი ეკლესია“ საზღვაო ფლოტის მუშაკებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილი გახდა ისიც, რომ 50 სასულიერო პირი, რომლებიც სამხედრო ნაწილებში მსახურებისთვის უკვე მზად არის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირებმა ერთობლივად, მკაცრი კონკურსის შედეგად შეარჩიეს.
ჯერჯერობით ისიც დაუდგენელია, რამდენად დაეხმარება მოარული ეკლესია რუს ჯარისკაცებს და, განსაკუთრებით, მათ მეთაურებს ძველი ცოდვების ჩამორეცხვაში, მაგრამ თუ რუსი ჯარისკაცი–ბლოგერების გამოხმაურებების მიხედვით ვიმსჯელებთ, ასეთი სახით ღვთისმსახურების შეთავაზებამ რუსი ჯარისკაცები უფრო სიცილის ხასიათზე დააყენა, ვიდრე მონანიების...
0