09:38:46     08-04-2016
პეპლის ეფექტი - კვირიკაშვილის ეფექტი

აქამდე ვიცოდით პეპლის ეფექტი - აი, უწყინარი პეპლის ფრეთების ერთ აქნევამ რომ შესაძლოა დამანგრეველი ქარიშხალი გამოიწვიოს. ახლა, კი, გამოგვეცხადა ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და გვამცნო - გაჩნდა ასეთი ფენომენი - კვირიკაშვილის ეფექტიო. დიახ, კვირიკაშვილის ეფექტიო, რომელიც პირდაპირ აისახა „დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი“-ო.
როგორც ნიკა გვარამია უხმობს ხოლმე მაღალ ღმერთებს - ო, მაღალო ღმერთებო, რატომ დამაბრუციანეთ ასე, რომ თუალნი ჩემნი ვერ ხედვენ ამ პირდაპირ ასახულ დამოკიდებულებას ბიზნესის კეთებისადმი? ვერც ამაას რომ ვერ ვხედავ და ვერც კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ ყველა რეფორმას, რომელიც, როგორც მიტუა ქუმსიშვილი ამბობს, ამ წუთში მიმდინარეობს? და, საერთოდ რაი არს იგი, რასაცა გვაუწყებს მოციქულთა სწორი მიტუა? რომ ეს ჩვენი კვირიკაშვილი პეპელაა, აიქნია ფრთები და ქვეყანაში აღშენებლობის ქარიშხალი დაატრიალა? ბატონო მიტუა, გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, ბატონი კვირიკაშვილი ეს პეპელაა, თუ ის პეპელაა, რომელსაც „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს უმღერის ის ბრძენი კაცი? რომელ ფენომენზე და პეპლის ეფექტზე გვესაუბრებით, როდესაც მთელი ქვეყანა ხედავს რომ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების ის შეზღუდული თავისუფლებაც არ აქვს, რაც მის წინამორბედ ღარიბაშვილს ჰქონდა?
რომ რეალურად მთავრობასაც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი მართავს და პარტიასაც. ვერც უარყოფთ იმას, რომ სიის ბედს ივანიშვილი წყვეტს. ახლა თქვენ თუ გგონიათ, რაკი შუაშისტების „ბოღინია“ - კორძაია რომ კვირიკაშვილს „ქართული ოცნების“ ლიდერად მოიხსენიებს, ამას ვინმე ჭამს და დაიჯერებს, ძალიან ცდებით. ასეთივე ლიდერი იყო ღარიბაშვილიც, რომელსაც მოულოდნელი მოხსნისგან პირკატა ეცა და იმ პრიკატის შეციებაც არ აცადეთ და ისე უთავაზეთ ყველამ წიხლი მზის წნულში.
ბატონო მიტუა, თქვენმა კვირიკაშვილმა რომ ფრთანი აიქნია და შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგანაც ხომ არ იქონია სწორუპოვარი ეფექტი? არ დაგვზარედეთ, გვითხარით, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ისეთი დაუნახავები ვართ და თქვენ მაინც გვითხარით... მაინც რითი ხართ ასე ყველა კვირიკაშვილით კმაყოფილი? დანიშვნის დღიდან დღემდე რა ჩაიდინა? გარდა იმისა, რომ ცრუმოლოდინები გააჩინა ხავსმოჭიდებულ ქოც ელექტორატში? ყველამ ხომ კარგად ვიცით, რასაც ემსახურებოდა მისი აპრემიერ-გაპრემიერება? რომ ვიღაცას დაეჯერებინა მითი, რომ ეს კვირიკაშვილი იმ ღარიბაშვილზე უკეთესია? ამით ხართ კმაყოფილი, რომ ეს მითი ჯერად მუშაობს? მართალია „ბუქსაობს“, მაგრამ მაინც რომ მუშაობს? მაინც რა განსხვავებაა იმ ღარიბაშვილსა და ამ ღარიბაშვილზე უკეთეს კვირიკაშვილს შორის? მხოლოდ ის რომ იმის მკვახე განცხადებები კალიასავით ხტოდა და ეს ნაზად რომ აფართხუნებს ფრთებს?
მაინც რა ფენომენია კვირიკაშვილი? შუაშისტებსაც რომ ეპიტნავებათ, რესპებსაც, თვითონ ქოცებსაც და ბიძინასაც? ანუ მისი ფენომენი ეგაა „ყველას მოსაწონი“ რომაა? რა თქმა უნდა ვითომ და რა თქმა უნდა გარკვეულ დრომდე? ეს ის კაცი არაა, კანონი რომ „რეიტუზივით“ უნდა ამოიცვას და საკუტარ ტანს მოარგოს, რომ უპრობლემოდ შეეძლოს საარჩევნო კამპანიის წარამართვა - პრემიერის რანგში?
და კიდევ, ოლღა ბებიას ბროლის კბილების არ იყოს, მაინც სად ნახა ამ ქუმსიშვილმა ან კვირიკაშვილის ეფექტი, ან ის პირდაპირ ასახული „დამოკიდებულება ბიზნესის კეთებისადმი“, ან დაწყებული და ამ წუთებში მიმდინარე რეფორმები? ან რას ეწევით ამისთანას, ან რა სიზმრებს ხედავთ ასეთს რომ პრემიერები პეპლებივთ დაფარფატებენ?
რა საინტერესოა, რას იტყვის იგივე მიტუა ქუმსიშვილი, როცა ამ ღარიბაშვილზე უკეთესს პეპელა კვირიკაშვილსაც, ერთ მშვენიერ დღეს ის ბრძენი კაცი რომ „აქშას“ ეტყვის და დაიფრენს?
0