ცეკვა, რომელიც გვაერთიანებს ცეკვა, რომელიც გვაერთიანებს />


  18:24:16     19-04-2011

ცეკვა, რომელიც გვაერთიანებს

a5099.jpg

 

კიევი, შულიავსკაიას ქუჩა, რიტმი და ჯერ კიდევ გაურკვეველი ენერგია შორიდან იპყრობს ყურადღებას. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, რაც უფრო მეტად ვუახლოვდები შენობას, მით უფრო მეტად ვგრძნობ რაღაც მშობლიურის, მონატრებულის სითბოს... უკვე ლამის მივრბივარ, გული გამალებით მიცემს, პირში ბავშვობის მოტკბო გემო ტრიალებს, გონებაში კი მოგონებების კორიანტელი.

 

შენობაში ვარ, უკვე გარკვევით ვარჩევ რიტმს, მელოდიას, ენერგიას, თვლასაც და საკუთარ აღტაცებას. პატარა ბიჭივით ავრბივარ კიბეებზე და პირდაპირ დარბაზში შევვარდები, - ვფიქრობ, მაგრამ უხერხულია, რას იფიქრებენ ანსამბლის წევრები-მეთქი... არა, ისინიც ხომ ჩემსავით საკუთარ ქვეყანას მონატრებულები არიან-მეთქი, - ისევ გამიელვებს თავში ჩემს ალტერ ეგოს ხმა...

 

კარი მაინც მორიდებით შევაღე, შევედი და დავდექი... ვიდექი 10, 15, 20, 45 წუთი... „იბერიელის“ არც ხელმძღვანელს და არც წევრებს, ჩემი იქ ყოფნა არ შეუმჩნევიათ, არც გამკვირვებია, ისინი ხომ იმ „სენით“ იყვნენ დაავადებულნი, ქართული ცეკვა რომ ჰქვია?! ერთი ტრიალი მეორეს ცვლიდა, ერთი მეორეს უბამდა მხარს, ბგერების ევფონია, ცეცხლმოკიდებული რიტმი, მაკას ძახილი და ამაყი მზერა ოსტატისაც და შეგირდებისაც...

 

ანსამბლი, რომელმაც ასე ერთბაშად ამაღელვა, „იბერიალია“ - უკრაინაში ამავე სახელწოდებით მოქმედი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შვილობილიც და ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყე. 2003 წელს ჩამოყალიბების მიუხედავად, უკვე მესამე თაობას ზრდის, ათეულობით პროფესიონალს, მოყვარულს, უბრალოდ დაინტერესებულს კრებს და კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით აღმოსავლეთ ევროპაში ნამდვილ ქართულ კერას აჩაღებს.

 

რეპეტიციის ბოლოს, მაშინ, როცა ანსამბლის ხელმძღვანელმა მაკა ლომსაძემ და მოცეკვავეებმა დაღლილი სხეულებით, მაგრამ ცეცხლმოკიდებული მზერით გააცილეს მუსიკოსები, ჩემი ჯერიც დადგა. მაკამ იცოდა, რომ დღეს მათთან უნდა ავსულიყავი და „იბერიელზე“ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. მომიბოდიშა, რომ ამდენი ხანი მომიწია ლოდინი, არაუშავს, კიდევ დიდხანს ვიდგებოდი-მეთქი და საუბრის დაწყების დრომაც მოაწია.

 

„წელს რეპერტუარში „ლაზური“ და „რაჭული“ შევიტანეთ და გვინდა, რომ 30 აპრილს, ჩვენი ცენტრის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე განსაკუთრებულად წარვსდგეთ, გესმით ალბათ, რომ ათასი კილომეტრის მოშორებით ქართული ცეკვის ხიბლსა და ლაზათს, აქაური ქართველები სხვანაირად შეხარიან და ნამდვილად არ გვინდა, რომ იმედები გავუცრუოთ“ - ამბობს მაკა.

 

არადა, ძვირფასო მკითხველო, იმედების გაცრუება კი არა, „იბერიელმა“ იმდენ წარმატებას მიაღწია ამ წლების განმავლობაში, რომ ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს: რამდენიმე კონკურსსა თუ ფესტივალს მაინც დაგისახელებთ: მათ შორის ეროვნული შემოქმედების ფესტივალი “მშვიდობა კავკასიას” (2005 წ.), ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ფესტივალი (2005 წ.), მსოფლიოს ხალხთა ცეკვის ფესტივალი (2006 წ.) საერთაშორისო ეთნოფესტივალი (კიევი, 2007 წ), პირველი ეროვნული კულტურის ფესტივალი “სუცვიტია” (2008 წ.), საერთაშორისო ეროვნული კულტურის ფესტივალი “ფოლკლორამა” (გრან-პრი, 2008 წ.), ხალხური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი “მისტერია ტანცა” (1 ადგილი, 2009 წ.), ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი (2010 წ.) მსოფლიო ცეკვის II ფესტივალი (გრან-პრი, 2011 წლის თებერვალი) და სხვა.

 

„სანამ მოგიყვებოდეთ ანსამბლ „იბერიელზე“, ორიდე სიტყვით მინდა გითხრათ იმაზე, თუ როგორ აღმოვჩნდი უკრაინაში. ეს ქართველ მკითხველთან ურთიერთობის პირველი შესაძლებლობაა ჩემთვის და ამიტომაც ვისარგებლებ: უკრაინაში ოჯახური პირობების გამო მოვხვდი: მეუღლე ფეხბურთელი გახლავთ  და მისი საქმიანობის გამო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გვიხდებოდა. ალბათ ყველა ქართველს უცხო ქვეყანაში აწუხებს ის ტკივილი, რასაც განიცდის შვილების აღზრდის პერიოდში,  არც მე ვარ გამონაკლისი, მაწუხებდა მათი მომავალი, მშობლიური ენის დავიწყების პრობლემა, რელიგიის, კულტურის გაცნობა, გათავისება და შენარჩუნება. სწორედ ამ წუხილმა და გულის ტკივილმა მომახვედრა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელში“.  ბედნიერი ვარ იმის მერე, რაც ანსამბლის ხელმძღვანელობას შევუდექი: თავი საქართველოში ვიგრძენი; ქართველებთან ურთიერთობა, ქართული საქმე,  ქართული ატმოსფერო დღითიდღე მიმსუბუქებდა მშობლიური ქვეყნის მონატრებას.

 

პროფესიით ქიმიკოს-ბიოლოგი ვარ. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. დამთავრებული მაქვს ასევე ქართული ხალხური ცეკვების სტუდია. ბავშვობიდანვე უსაზღროდ ვიყავი შეყვარებული ქართულ ცეკვებზე. მეამაყება ჩემი საქმიანობა, რადგან უცხო ქვეყანაში ყველა ქართველს თუ სხვა ეროვნების მოსწავლეს ვაცნობ იმ ფენომენს, რომელსაც ქართული ცეკვა ჰქვია. ვცდილობ შევასწავლო ცეკვის ხელოვნების საფუძველი, თვისება-თავისებურებანი, ხასიათი, ტემპის, რიტმისა და მოძრაობების მუსაკისთან შეთანხმების უნარი, - ასე მგონია, მაკას დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს ქართულ ფოლკლორსა და „იბერიელზეც“.

 

გასაკვირი არც არის - ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში ყოფნისას აცნობიერებ, რომ ეს ადამიანები ქართულ ფოლკლორში სულსა და გულს დებენ. ანსამბლის რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ნიმუშებს: “ფარცა” ,”დავლური”, ქართული”, “აჭარული”, “სამაია”, “ქალთა ხორუმი”, “ნარნარი” ,”რაჭული”,” “ხევსურული”, ”ძველი თბილისი”, “სიმდი”. ანსამბლის რეპერტუარში ასევე იხილავთ განახლებულ ქართულ ცეკვებსაც “შეხვედრა მთაში”, „სამანი”, “კავკასიური”, რომელიც ანსამბლის ქორეოგრაფემბა დაამუშავეს და ახალი ელემენტებიც დაამატეს.

 

მაკა განსაკუთრებით პატივისცემით იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ანსამბლის შემოქმედებით განვითარებაში საკუთარი ხელწერა დატოვეს: კობა არტიომოვი, ირაკლი აბაშიძე და მალხაზ ელიავა.

 

„იბერიელში“ 26 მოცეკვავეა, მაგრამ პროფესიონალებთან ერთად ანსამბლის სასწავლო სტუდიაში დადიან მოყვარულებიც, დამწყებებიც, სხვათა შორის, ქართულ ცეკვებს, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც სწავლობენ.     

  - ხშირად ჩემი უკრაინელი მეგობრები მთხოვენ, რომ ცოტათი მაინც შევასწავლო ქართული ცეკვა, სიხარულით იმეორებენ ილეთებს და ისინი გამონაკლისები ნამდვილად არ არიან, ერთი-ორმა უკვე ჩემთან გაჯიბრებაც კი მოინდომა, - ღიმილით ამბობს ანსამბლის წევრი ლერი ხაბულიანი.

      

   - სომხები, უკრაინელები, რუსები, ჩვენს სტუდიაში ბევრი დადის, გამოდის ისე, რომ ქართული ცეკვა სხვადასხვა ეროვნების შვილების გვაერთიანებს და გვაახლოვებს. ეს განსაკუთრებით საამაყოა. ქართული ცეკვა ჩემთვის ყველგან სასურველია, სადაც არ უნდა ვიყო.  ყოველთვის ვიქნები იმით ამაყი, რომ ვარ ქართველი და ვცეკვავ ქართულს! - საუბარში „აჭარულის“ განუმეორებელი სოლისტი თამილა თურმანიძე გვერთვება.

  

        - როგორც ყველა  ქართველი ადამიანისთვის, ჩემთვისაც ქართული ცეკვა არის ქართული ტემპერამეტის, ქართული სულისა და  ხასიათის გამოხატულება. სამშობლოსგან მოშორებული ქართველებისათვის  საქართველოს სიყვარული გაათმაგებულია, რაც დიდი მონატრებითაა გამოწვეული. დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მინდა ვაჩვენო ჩვენს ქვეყანას, რომ ემიგრანტები არ ვივიწყებთ ჩვენს ტრადიციებს და უკრაინაშიც ღირსეულად წარმოვადგენთ საქართველოს, - ამ სიტყვებით მემშვიდობება თეონა ჩეჩელაშვილი...   

ვისურვებდი, რომ ასეთმა ერთსულოვნებამ მთელი ქართველი ერი გააერთიანოს.

0

ავტორი: