11:16:14     23-03-2016
საქართველოს პროკურატურა: "ბოლო 2 წელში საქართველოში 53 ქალი მოკლეს, აქედან 27 ოჯახური ნიშნით"
საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ნიშნით ქალთა მკვლელობების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში საქართველოში 53 ქალი მოკლეს, აქედან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 27, სხვა მოტივით კი 26 ქალი.
პროკურატურის ცნობით, 53 მკვლელობიდან 35 შემთხვევა 2014 წელს მოხდა, 18 კი 2015 წელს. რაც შეეხება ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა მკვლელობის შემთხვევებს 2014 წელს 19 ფაქტი მოხდა, 2015 წელს კი 8.
ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარი 27 მკვლელობიდან 8 თბილისში მოხდა, 4 -კახეთში, 3 - შიდა ქართლში, 3 - აჭარაში, 2 - ქვემო ქართლში, 2 - სამეგრელოში და 5 - დასავლეთ საქართველოში. მკვლელობის 22 ფაქტი სახლში მოხდა, თითო-თითო შემთხვევა კი სავაჭრო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში.
მოკლული ქალებიდან ერთი 18 წლამდე იყო, 2 – 18-25 წლამდე ასაკის, 6 ქალი 25-35 წლამდე, 4 გარდაცვლილი 35-45 წლამდე, 3 - 45-55 წლამდე, 3 ქალი 55-65 წლამდე ასაკის, 7 მოკლული კი 65 წელს ზევით ასაკის.
ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარი 27 მკვლელობიდან 13 ქმრის მიერ ცოლის მკვლელობაა, 5 - ყოფილი ცოლის მკვლელობა, 4 - შვილის მიერ დედის მკვლელობა, თითო თითო შემთხვევა კი შვილიშვილის მიერ ბებიის, მამამთილის მიერ რძლის, მაზლის მიერ რძლის, სიძის მიერ სიდედრის და ბიძის მიერ დისშვილის მკვლელობა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი 12 შემთხვევაში ეჭვიანობა იყო, 8 შემთხვევაში შურისძიება, 7 შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი.
დანაშაულის ჩადენის იარაღი 8 შემთხვევაში დანა იყო, 5 შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი, 11 მკვლელობა სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, 3 ქალის მკვლელობა კი ფიზიკური ძალადობის შედეგად მოხდა. მოკლული ქალებიდან 21 ეროვნებით ქართველი იყო, 3 აზერბაიჯანელი, თითო-თითო კი უკრაინელი, სომეხი და რუსი ეროვნების.
მკვლელობის ჩადენის მომენტში 12 მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულებიდან 17 უმუშევარი იყო, 4 - პენსიონერი, 2 - საჯარო სექტორში მუშაობდა, 2 არაოფიციალურად იყო დასაქმებული, 1 კი - კერძო სექტორში დასაქმებული.
მკვლელობაში ბრალდებულებიდან 22 ნასამართლეობის არმქონეა, 2 - ნასამართლევი, 2 კი -ამნისტირებული.
2014-2015 წლებში ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილმა 2-მა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 24 საქმეზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აქედან 6 საქმე შეწყდა, 5 ბრალდებულის შეურაცხადობის, 1 კი ბრალდებულის გარდაცვალების გამო. გამამტყუნებელი განაჩენი 18 პირის მიმართ დადგა, აქედან 5 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მკვლელობაში ბრალდებულ ერთ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორს - 12 წელი, სამს - 11 წლით პატიმრობა, ექვს ბრალდებულს - 9 წელი, ხუთს - 7 წელი და ერთ მამაკაცს 4 წლით პატიმრობა.
0