15:38:52     26-02-2016
მაია ფანჯიკიძე პეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს
მაია ფანჯიკიძე, თანაპარტიელის, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის დეტალებზე საუბრობს.
"პეტრიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი 5 ნასროლი ტყვიიდან. აქედან ორი ფეხში და ერთი ზურგის არეში. აქვს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა, რომელიც შეიძლება, იყოს დაცემის შედეგად ან შეიძლება, მანამდე ჩარტყმული, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა სტაბილურია.
მე ვიცი, რომ მარტო იყო მისული სასაფლაოზე, დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე, და ვინც კი იცნობს ბუკას, ყველამ იცის, რომ ის დღეს მიდის ხოლმე ლევანის საფლავზე. შარშანაც მარტო იყო მისული, უყვარს ხოლმე იქ მარტო მისვლა.
როგორც ვიცი, ირგვლივ მცხოვრებებმა დაინახეს და დარეკეს სასწრაფოში. მოტივი არ ვიცი და არც მჭირდება. ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს, დღისით-მზისით 12 საათზე, ქალაქის ცენტრში, საბურთალოს სასაფლაოზე დაესხა თავს შეიარაღებული პირი და გაიმეტა სასიკვდილოდ. მგონი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებულები და მოვუწოდოთ სამართალდამცველ ორგანოებს, ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიონ ეს საქმე. ”-განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ თავს. 0