22:58:02     23-02-2016
ვინ იხდის მაგდა პაპიძის ძვირადღირებული ადვოკატის ფულს?
მაგდა პაპიძის საქმის გარშემო მითქმა-მოთქმა კვლავაც გრძელდება. საქმეში ჩაუხედავებსაც და კომპეტენტურებსაც, ეზარებათ თუ არ ეზარებათ, ეკითხებათ თუ არ ეკითხებათ, ოჯახების მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეგობრის მეგობრებს და ასე დაუსრულებლად – ყველას თავისი „კომპეტენტური“ აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით.
შესაბამისად, „პრაიმტაიმი“ დროდადრო შეეცდება ამ სიჭრელეში იმ ფაქტების შესახებ ესაუბროს თავის მკითხველს, რაც ნამდვილად კომპეტენტურ წყაროებს, შესაბამის თვალხილულ მტკიცებულებებს ან ინტერვიუების დროს გაკეთებულ აუდიოჩანაწერებს ეყრდნობა.
ამჯერად ეს სტატია რამდენიმე კონკრეტულ დეტალს შეეხება, რომლის შესახებაც მკითხველს სტატიის სათაურიც კარნახობს.რა საქმეები დევს პაპიძის ადვოკატების ანგარიშზე?
მას შემდეგ, რაც დეკემბერში ფერაძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ბრალდებულს დაცვა სახაზინო წესით დაენიშნა… ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი დიდხანს ცდილობდა საკუთარი ადვოკატის აყვანას, რადგან ასეთ საქმეზე ხელის მოკიდება ბევრს არ უნდოდა. საბოლოოდ ასეთებიც მოიძებნნენ, თუმცა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მაგდა პაპიძეს ხათუნა ჩხაიძე აღარ იცავდა, მხოლოდ ახლახან გახმაურდა, მას შემდეგ, რაც ორიოდე კვირის წინ დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე მაგდას ინტერესების დასაცავად სულ სხვა ორი ადვოკატი გამოცხადდა…
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვინ არიან ისინი, რა გახმაურებული საქმეები დევს მათ ანგარიშზე და რა შედეგებით დაასრულეს ის…
როგორც გაირკვა, ეს ადვოკატები არიან ირმა ბრელიძე და მარიკა ფხალაძე.
აი, რას ეუბნება მათ შესახებ „პრაიმტაიმს“ მაგდას და, ლანა პაპიძე:
– რატომ გადაწყვიტეთ ხათუნა ჩხაიძის შეცვლა სხვა ადვოკატებით?
– ხათუნა ჩხაიძე მხოლოდ ერთი დღე იყო ჩემი დის ადვოკატი. მას შემდეგ კი, რაც გახმაურდა, რომ მაგდა პოლიციაში სცემეს, იმ დღიდან ირმა ბრელიძე ავიყვანეთ ადვოკატად…
– მარიკა ფხალაძეზე რას იტყვით?
– ის ირმას თანაშემწეა…
– რა ნიშნით შეარჩიეთ ადვოკატი?
– ბრელიძე საქართველოში ძლიერ ადვოკატთა ხუთეულშია…
– ე.ი. ძვირად ღირებული ადვოკატია… და როგორ აპირებთ მისი ანაზღაურების დაფარვას საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ სახაზინო ადვოკატი გყავდათ…
– თქვენი რა საქმეა? ვინ გეკითხებათ, როგორ გადავიხდით ადვოკატის ფულს?..
ლანა პაპიძის თქმით „ადვოკატთა ხუთეულში მყოფი ირმა ბრელიძის შესახებ“ „პრაიმტაიმი“ დიდხანს კითხულობდა ცნობილი ადვოკატების წრეში და არ დაგიმალავთ, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა… ჩვენი საშუალებებით, მისი წარმოებული საქმეების შესახებ საბოლოოდ ორ საქმეს მივაკვლიეთ. ერთ შემთხვევაში ის იცავდა ვარკეთილში 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ინტერესებს. ეს იყო ბრალდებული, რომელმაც, სავარაუდოდ, საკუთარი 15 წლის გოგონას ღირსების შელახვისთვის დასაჯა ასე 19 წლის ბიჭი. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძალადობასაც ჰქონოდა ადგილი… საბოლოოდ, გასული წლის 21 აგვისტოს, სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლება აღუკვეთა…
მეორე საქმეც მკვლელობას შეეხება და ის დაახლოებით 2 წლის წინათ
ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში მოხდა. ირმა ბრელიძის დაცვის ქვეშ
მყოფი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში იყო ბრალდებული…
ახლა კი, რაც შეეხება მარიკა ფხალაძეს: მის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ ადვოკატთა წრეებსა და თუნდაც ინტერნეტსივრცეში. მას კოლეგები საკმაოდ ჭკვიან და თანმიმდევრულ ადვოკატად ასახელებენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიძიეთ მისი მოგებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ორ გახმაურებულ საქმეზე კი ნამდვილად გამოდიოდა დაცვის პოზიციით. ესენი იყო ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისა და ცნობილი ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის საქმეები. მარიკა ფხალაძე სწორედ მათ ინტერესებს იცავდა…
0