15:52:16     16-02-2016
Le Figaro: "თურქეთი მზადაა სირიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად"
თურქეთი მზადაა
განახორციელოს საჰაერო ოპერაციების სერია სირიაში. ეს ერთადერთი საშუალებაა
ქვეყანაში სამოქალაქო ომის შესაჩერებლად. ამის შესახებ გაზეთი "Le Figaro"
თურქი ანონიმური მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ანკარა ასევე არ არის წინააღმდეგი სირიაში სახმელეთო ოპერაციაც ჩაატაროს, მხოლოდ ეს იმ შემთხვევაში, თუ მას მოკავშირეები მხარს დაუჭერენ. თურქეთი ამ ოპერაციას მარტო არ ჩაატარებს, - განაცხადა გაზეთის წყარომ.
წინა
დღეებში თურქეთის მძიმე არტილერიამ სირიელი ქურთების პოზიციებზე სირიაში
იერიშები მიიტანა. დაბომბვა განხორციელდა ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთით.
ამას გარდა, სირიის რეჟიმი ირწმუნება, რომ თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე
უკვე შეიყვანა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, სატვირთო მანქანები, სადაც
თურქი ჯარისკაცები და დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, სირიაში ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. სირიის ხელისუფლება ანკარას მეამბოხეების ფინანსურ მხარდაჭერასა და მათთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს. თურქეთი თავის მხრივ ყველა ბრალდებას უარყოფს.