12:52:18     15-02-2016
ხიდაშელი: „ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზაობა მე-11 საუკუნეში გამოვთქვით"
ამერიკულმა გამოცემამ „USA TODAY“-მ მიუნხენის კონფერენციაზე მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა. თინათინ ხიდაშელი გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას ყურადღებას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზეც საუბრობს.
შაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ევროკავშირში საკუთარი ქვეყნის ინტეგრაცია ფეხბურთს შეადარა.
"საბჭოეთის დროს საქართველოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა, ყველა მათგანი საბჭოთა კავშირისთვის თამაშობდა. მაშინდელი ეროვნული ნაკრების 11-დან დაახლოებით 8 ფეხბურთელი საქართველოდან იყო,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა “USA TODAY”-სთან ინტერვიუში.
„საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ (1989), ჩვენს გუნდებს ჰქონდათ არჩევანი, მონაწილეობა აზიურ ტურნირებში მიეღოთ, სადაც ყველაფერს მოვიგებდით. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში გამოვსულიყავით. მიუხედავად დამარცხების დიდი ალბათობისა, ჩვენი სურვილი იყო, გვეთამაშა „მადრიდის რეალთან“ ან „ბარსელონასთან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ხიდაშელის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველო ამბიციური ქვეყანაა და მარტივი გზების ძიება არ აინტერესებს.
ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, სადაც ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების ტოპგუნდები ერთმანეთს კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის ეპაექრებიან. ქართულ გუნდს არასდროს მოუგია ეს ტიტული. ესპანურ „მადრიდის რეალს“ ჩემპიონთა თასი ყველაზე მეტჯერ - ათჯერ აქვს მოგებული.
ამგვარი შედარებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და შეეცადა, აეხსნა, თუ რატომ სურს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, გაწევრიანდეს ევროკავშირის შენგენის ზონაში - უვიზო მიმოსვლის ზონა, რომელშიც ევროკავშირის 22 წევრი და 4 არაწევრი ქვეყანაა გაერთიანებული - მაშინ, როცა ბლოკის ზოგიერთმა სახელმწიფომ მიგრანტთა კრიზისის გამო, დროებით შეაჩერა შენგენის ზონაში ოპერირება.
საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ თინათინ ხიდაშელის განმარტებით საქართველო თავს ევროპულ ქვეყნად აღიქვამს.
„ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზაობა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გამოვთქვით, როცა პირველი ელჩი გავაგზავნეთ პარიზში. ჩვენ გვწამს, რომ კულტურულად ამ ოჯახის ნაწილი ვართ და სურვილი გვაქვს, ოფიციალურად გავხდეთ ევროპული გაერთიანების წევრი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„საქართველოს იმპერია“ 975 წელს შეიქმნა.
საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა წლებია რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს. რუსეთის მარიონეტი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო, მოსკოვმა 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განახორციელა. 5-დღიანი კონფლიქტის დროს 170 ადამიანი დაიღუპა.
საქართველო ასევე ცდილობს, ნატოს წევრიც გახდეს. სამხედრო ალიანსმა მიმდინარე კვირაში მხარი დაუჭირა საქართველოს სურვილს, გახდეს გაერთიანების წევრი.
„გატარებული რეფორმებისა და საერთო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება ნატოს. ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერია. ალიანსი ეხმარება საქართველოს, განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ რეფორმებს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.
საქართველოს პერსპექტივები ზაფხულში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე უფრო მკაფიო გახდება. 1949 წლის შემდეგ ნატოს წევრების რაოდენობა 12-დან 28 ქვეყნამდე გაიზარდა.
სამმა სახელმწიფომ მოახდინა ნატოში გაწევრიანების დეკლარირება: ბოსნია-ჰერცოგოვინამ, საქართველომ და მაკედონიის - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ. მონტენეგრომ ალიანსის წევრობაზე მიწვევა გასულ წელს მიიღო. მიღების პროცესი, სავარაუდოდ, ერთ წელს გაგრძელდება.
თინათინ ხიდაშელმა თავი აარიდა შეკითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. პუტინი უკრაინის გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება.
„ეს მარტო ჩვენ არ გვეხება. ეს ყველაფერი რუსეთზე და დანარჩენ მსოფლიოზეა დამოკიდებული. ამჟამად რამე კონკრეტული ზეწოლა რუსეთის მხრიდან არ ხორციელდება.
ვფიქრობ, მოცემული მომენტისთვის ისინი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არიან დაკავებული ვიდრე საქართველოა, იქნება ეს სირია თუ სხვა მიმართულება. მაგრამ, თუ თქვენ ავტომანქანით გახვალთ თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, ადვილად დაინახავთ რუსულ დროშებს და ტანკებს, რომლებიც დროდადრო სოფლებშიც შედიან. ესეც ზეწოლის ფორმაა. ისინი საქართველოში არიან და არ გვაძლევენ საშუალებას, დავივიწყოთ ეს ფაქტი,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
0