15:20:26     12-02-2016
"მოგიყვები რა დაემართა ქალაქს, რომელშიც გავიზარდეთ" - წერილი ომიდან
Fox News აქვეყნებს წერილს, რომელიც ადამიანის უფლებათა აქტივისტს რაბი ბანას მეგობარმა სირიის ქალაქ ალეპოდან გამოუგზავნა, სადაც ბანა დაიბადა და 2012 წლამდე ცხოვრობდა. ალეპო სირიის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ომის გამო გადანდგურების პირასაა.
"ძვირფასო რაბი!
შენ მეკითხებოდი ალეპოს შესახებ, ამიტომაც მოგიყვები რა დაემართა ქალაქს, რომელშიც გავიზარდეთ.
უკვე წლებია კარგი დღეები აღარ გვქონია.დაბომბვა არასდროს წყდება, ერთი-ორი საათითაც კი. ცხოვრება შეიცვალა, ყველა ადგილი, რომელიც გახსოვს, აღარ არსებობს: დაივიწყე ისინი. ვიცი, ეს ძალიან მტკივნეულია. რეჟიმის მიერ ნასროლი ბომბები ყველას თანაბრად ანადგურებს. ყველაფერი შეცვლილი, განადგურებული, დაცლილი და უსიცოცხლოა.
ჩვენს ოცნებებშიც კი აღარ ვიცით რა არის "უსაფრთხოება", ყოველ ჯერზე როცა თვალებს ვახელთ - არ ვიცით ეს ბოლო დილაა თუ არა, ან თუ ვნახავთ ჩვენს შვილებს.
ადამიანები, რომლებსაც იცნობდი, აღარ არიან. ჩვენი მოსაზღვრე ქალაქებიდან და სოფლებიდან ბოლო წლებში ყველა აქ გადმოვიდა უსაფრთხოების იმედით, რადგან ალეპო ყოველთვის უსაფრთხო ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ უმეტესობას წასვლა მოუწია. ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ იპოვონ უსაფრთხო ადგილები, მიდიან და მიდიან. ჩვენ მოხარულები ვართ, თუ დახმარებას შევძლებთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, ვიღლებით.
ალეპო ჯერ არაა მოქცეული სრულ ალყაში, მაგრამ გადაადგილება ძალიან რთულია. ადამიანების იმედი ქალაქთან ერთად კვდება, ისინი საყვარელ ადამიანებს კარგავენ.
უმარტივესი რაღაცებიც კი ძალიან რთული გახდა. ოჯახისთვის პური და წყალი რომ იყიდო, დიდხანს გიწევს ლოდინი, გრძელ რიგში. მთელი დრო გარშემო უნდა იყურო, გაამახვილო ყურადღება ყველა ხმაურზე.
დანარჩენი დრო კი შენს ოჯახზე ფიქრობ. დაგხვდებიან ცოცხლები სახლში მისულს? ან საერთოდ დაგხვდება სახლი?
და თუ გაგიმართლებს, შეიძლება სახლამდე ცოცხალმა მიაღწიო და თვითმფრინავიდან ბომბი არ დაგეცეს.
ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე, ეს არ არის მხოლოდ შეუწყეტელი დაბომბვა. სნაიპერები ყოველ კუთხეში არიან ჩასაფრებული.
ჩვენ ვცდილობთ შევეგუოთ. სკოლები მიწისქვეშეთში გადავიდა, სამედიცინო ცენტრებს შეზღუდული რესურსები აქვთ. ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა ახალი დემოკრატია, ავირჩიეთ ახალი ლიდერები. მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა.
ჩვენ ვცადეთ გავქცეულიყავით მეზობლებთან, მაგრამ ბომბები იქაც ცვივა. ვხედავთ როგორ დაფრინავენ ვერტმფრენები ჩვენს თავზე. ხანდახან მათ სირიის დროშები აქვთ, ხან რუსეთის, ხან კი არ ვიცი. თითქოს ყველგან თან გვდევენ.
დროა აქაურობა დავტოვო. არ მეგონა თუ ეს დრო ოდესმე დადგებოდა, მაგრამ უნდა დავნებდე. ვტოვებ ადგილს, რომელიც არც ვიცი თუ არსებობს.
ბევრი ჩემი მეგობარი დიდი ხანია თურქეთის საზღვართან ელის ხსნას. ეს არის ღია, ცივი სივრცე გადავსებული 70 000 ადამიანით. ყინავს. მე წავალ, მაგრამ ჩემი გული მუდამ აქ დარჩება.
ალეპო დიდი საომარი მანქანის წინ უიარაღოდ დგას. ეს მხოლოდ გეოგრაფიული სამიზნე არაა. ალეპო ღირსებაა, რევოლუცია უსამართლობის წინააღმდეგ.
ნახვამდის ალეპო, ჩემო მშობლიურო ქალაქო. ყველა ჩემი მოგონება შენ გეკუთვნის.
ჩემო მეგობარო, იმედია ოდესმე კიდევ შევხვდებით.
ნახვამდის.
შენი ბავშვობის მეგობარი ს."
0