10:52:03     10-02-2016
ფარმაცევტული ზვიგენების ომი და დაჩაგრული მომხმარებლები

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლები კვლავ ძვირია. მიუხედავად მონოპოლიური კომპანიების: PSP-სა და ავერსის დაპირებებისა, ე.წ. „ჯენერიკ მედიკამენტები“ ხშირ შემთხვევაში ისევ მძიმე ტვირთად აწევს ათი ათასობით პენსიონერს.
მობილური კომპანიების მსგავსად, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ფაქტობრივად, ადგილი აქვს შეთანხმებულ თამაშს, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებელს აზარალებს, კომპანიების მფლობელებისათვის კი - კოლოსალური მოგება მოაქვს.
ამას ემატება ფარმაცევტული კომპანიების მფლობელთა პოლიტიკური ლავირებაც. მაგალითად: ერთ დროს პირწავარდნილი ნაციონალი, კახა ოქრიაშვილი, რომელიც სააკაშვილის მზეს იფიცებდა, დღეს გაქანებული „ქოცია“. ის, პირველივე შეფერხებისთანავე გადახტა ივანიშვილის ნავში, რითაც, როგორც მეგობრების წრეში ბაქი-ბუქობდა, ბიზნესი გადაარჩინა.
ე.ი. ბატონი ოქრიაშვილისათვის მნიშვნელოვანია არა ღირებულებები, არამედ ბიზნეს-ინტერესები, რადგან ივანიშვილ-სააკაშვილამდე, ის ედუარდ შევარდნაძის იდეებითაც იკვებებოდა.
„ავერსის“ მფლობელს, პაატა კურტანიძეს კი, ოქრიაშვილისაგან განსხვავებით, შედარებით სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს. უფრო სწორად, თითქმის არ აქვს... ყოველ შემთხვევაში, პინგ-პონგივით არ დახტის ნავიდან-ნავში...
თუმცა, ცხადია, ეს გარემოება არ ათავისუფლებს იგივე ავერსს იმ მონოპოლიური მიდგომებისაგან, რომლის შედეგადაც წამლები შეუსაბამოდ მაღალ ფასად იყიდება სააფთიაქო ქსელში...
ახალი მოთამაშე ფარმაცევტულ ბაზარზე
„ჰუმანითი ჯორჯია“ - ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ხელისუფლების მხარდაჭერით შემოდის. ამის მტკიცების საფუძველს თუნდაც ის გარემოება იძლევა რომ საპარტნიორო ფონდმა, რომელსაც ასევე ბიზნეს-ინტერესებით „დაავადებული“ დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს, „ჰუმანით ჯორჯიას“ 30 მილიონი გადაურიცხა.
აღსანიშნავია რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტსაც, რადგან „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე, დავით საგანელიძის ძმის შვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუმანითი ჯორჯია“ მზადაა საქართველოში ფარმაცევტული ქარხანა ააშენოს, სადაც 120 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.
თუმცა, არსებობს ვარაუდი რომ კომპანიის უკან, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ბიზნეს-პარტნიორი, ასევე მილიარდელი მაშკევიჩი დგანან. რატომ?
ცოტა ხნის წინ, ფარმაცევტული ბიზნესის მფლობელი მაშკევიჩი თბილისს სტუმრობდა. ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მას რესტორან „ფაეტონში“ შესაბამისი დახვედრაც მოუწყვეს, სადაც მასპინძლობას უკვე დავით საგანელიძე უწევდა.
შესაძლოა სწორედ მაშინ დაიხვეწა ქართული ფარმაცევტული ბაზრის ათვისების იდეა, რადგან გაკეთდა ღია განცხადებები რომ მაშკევიჩი საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებს.
რაც შეეხება ახალ ფარმაცევტულ კომპანიას, „ჰუმანითი ჯორჯიას“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ რომ ქართული ბაზრის საკმაოდ დიდ ნაჭერს დაისაკუთრებენ, რაც პერსპექტივაში საფრთხეს შეუქმნის PSP-სა და „ავერსის“ მონოპოლიასაც.
მეტიც, არსებობს მოსაზრება რომ მისი აქტიური გამოჩენა წამლებს მნიშვნელოვნად გააიაფებს. თუმცა, დროებით...
უნდა ითქვას რომ ასეთი მიდგომა ივანიშვილის, რომელიც რუსეთში ფარმაცევტულ ბიზნესს ფლობდა და, ზოგადად, მილიარდელების სტილია. შედიან ბაზარზე, ხელოვნურად აგდებენ ფასებს, ანადგურებენ კონკურენტებს და ისაკუთრებენ ტორტს...
შემდეგ კი, ფასებს კვლავ საკუთარი ინტერესების შესაბამისად არეგულირებენ.
ასე რომ, ოქრიაშვილსა და კურტანიძეს ნერვიულობის სერიოზული საფუძველი აქვთ, რადგან მათ ბიზნესს, შესაძლოა, მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენონ.
თუმცა, რა იქნება ამ შემთხვევაში და როგორ გაართმევს საპარტნიორო ფონდის ფულით ნასაზრდოები „ჰუმანითი ჯორჯია“ დაკისრებულ მისიას თავს, მომავალი გვიჩვენებს.
0