შეკვეთილი მკვლელობა შემკვეთის გარეშე - ვის აფარებს ხელს პროკურატურა? შეკვეთილი მკვლელობა შემკვეთის გარეშე - ვის აფარებს ხელს პროკურატურა? />


  10:06:07     22-01-2016

შეკვეთილი მკვლელობა შემკვეთის გარეშე - ვის აფარებს ხელს პროკურატურა?

a47961.jpg

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. გამოძიების მტკიცებით, ბესიკ ხარძიანი ქილერებმა: უკრაინის მოქალაქემ, ოლეკსანდრ დამეტოვმა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს.

პროკურატურამ გამოაქვეყნა ვიდეო-მტკიცებულებები, ფაქტები, დეტალები, რითაც გამოძიების ვერსიით, დამეტოვისა და დოევის დანაშაული მტკიცდება, თუმცა, არაფერი უთქვამთ მთავარზე: ვინ და რატომ შეუკვეთა ქილერებს ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

ვინ არის შემკვეთი და რა არის მკვლელობის მოტივი?

შეკვეთილი მკვლელობა, ცხადია, შემკვეთის გარეშე არ არსებობს. შეკვეთილი მკვლელობა არც მოტივის გარეშე არსებობს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურა გახსნილად აცხადებს შეკვეთილი მკვლელობის საქმეს მაშინ, როცა დუმს შემკვეთისა და დანაშაულის მოტივის შესახებ.

გამოძიება აღიარებს რომ უცხოელი ქილერები საქართველოში, სადაც „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“, ყალბი პასპორტებით შემოვიდნენ და ხარძიანს საკმაოდ დიდი ხანი უთვალთვალებდნენ. გამოძიების ვერსიით, ქილერები თბილისის ქუჩებში შეიარაღებულნი გადაადგილდებოდნენ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათ კუსტარულად დაამზადეს ცეცხლსასროლი იარაღი, დაიქირავეს ბინა და სასტუმრო, იყიდეს მოპედი და ჩაფხუტი, დაჰყვებოდნენ „ობიექტს“ და ბოლოს - 2015 წლის 28 მარტს, ბიზნესმენი ხარძიანი საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მას სამი ტყვია ესროლეს, აქედან, ერთი საკონტროლო იყო.

მეტიც: მკვლელობის შემდეგ ქილერმა მშვიდად დატოვა შემთხვევის ადგილი, მოპედი კეკელიძის ქუჩაზე, ერთერთ გარაჟთან დააგდო, რკინიგზის სადგურის მიმართულებით ტაქსით წავიდა, თამარ მეფის ხიდთან მანქანიდან გადავიდა და მკვლელობის იარაღი მტკვარში გადააგდო.

შემდეგ, ქილერი თავდაცვის სამინისტროს გავლით ჩავიდა სანაპიროზე, გააჩერა ტაქსი, მივიდა სახლში, დაუკავშირდა თანამზრახველს და ნაქირავები მანქანით ერთად გაემართნენ სარფის მიმართულებით, საიდანაც ისევ ყალბი პასპორტებით, ფეხით გადაკვეთეს საზღვარი და თურქეთში გადავიდნენ.

გამოძიებამ ქილერების საქმიანობის დეტალებიც კი გაარკვია. მათ შორის ისიც თუ რომელ მაღაზიაში როდის შეიძინეს ქურთუკი, მოპედი, ჩაფხუტი, რომელი ტაქსით იმგზავრეს და ასე შემდეგ...

ამის ფონზე კი, საფუძვლიან ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ პროკურატურას არ აქვს პასუხი კითხვაზე: ვისი შეკვეთით და რატომ მოკლეს ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი.

ამიტომ, მოკლულის ოჯახის ახლობლები ეჭვობენ რომ საქართველოს პროკურატურა ხარძიანის მკვლელობის შემკვეთს ხელს აფარებს და საქმე იქითკენ მიჰყავს რომ მისი ვინაობა ოფიციალურად ნაკლებად გახდეს ცნობილი.

ვინ იქნება შემდეგი?

გამოძიება ირწმუნება რომ ხარძიანი ქილერებმა მოკლეს, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ამავე დროს, შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ საქართველო კვლავ ბნელ 90-იანებს უბრუნდება, სადაც შეკვეთილი მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

პროკურატურამ ოფიციალურად აღიარა რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა შეკვეთილი იყო, თუმცა, არ თუ ვერ გავიდა შემკვეთზე, რამაც შესაძლოა, მსგავსი დანაშაული წაახალისოს.

იქ, სადაც ბიზნესმენებსა და პროკურორებს კლავენ და აყაჩაღებენ, იქ, სადაც საქართველოს „დირექტორი“ გვეუბნება რომ დანაშაულს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, იქ, სადაც შეიარაღებული ქილერები ჩვენს გვერდით გადაადგილდებიან და იქ, სადაც მკვლელობის შემკვეთი დაუსჯელი რჩება, შს სამინისტრო დანაშაულის შემცირებასა და კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე საუბრობს.

ასეთია დღეს მწარე რეალობა საქართველოში...    

0

ავტორი: