16:21:37     28-12-2015
"მსოფლიო ამინდის ქაოსი" - რას წერს CNN პლანეტაზე მიმდინარე სტიქიური უბედურებების შესახებ

"მსოფლიო ამინდის ქაოსი", - ამ სათაურით აქვეყნებს CNN სტატიას 2015 წლის ბოლო კვირებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარე წყალდიდობების, ხანძრების და ძლიერი ქარების შესახებ.
ამერიკაში რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს. შტატებს ერთდროულად დაატყდა თავს ტორნადო, ქარბუქი და წყალდიდობა. დაღუპულთა რიცხვმა ორმოცს გადააჭარბა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ტეხასი დააზარალა. შტატის დედაქალაქის დალასის რამდენიმე რაიონს ტორნადომ გადაუარა. განადგურდა ასობით საცხოვრებელი სახლი.
ამ გაჭირვებაში ამერიკა მარტო არაა. ბრიტანეთში სამხედროებიც კი გაგზავნეს ჩრდილოეთ ინგლისში მიმდინარე წყალდიდობასთან გასამკლავებლად. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობას "სიცოცხლისთვის საშიშის" კვალიფიკაცია აქვს. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა მინისტრთა კაბინეტის სასწრაფო შეხვედრაც კი მოაწყო და თქვა, რომ საჭიროა მეტი სამხედრო ძალა წყალდიდობასთან გასამკლავებლად.
ესპანეთში კი იმ ხანძრებს ებრძვიან, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყნის ჩრდილო და ცენტრალურ რეგიონებში გიზგიზებს. მთავრობამ გამოყო სამი სპეციალური ვერტმფრენი ხანძრის დაახლოებით 40 კერასთან საბრძოლველად ასტურიასა და ავილას რეგიონებში. ასტურიაში სპეციალური ვერტმფრენი ჩამოვარდა და პილოტი გარდაიცვალა.
სამხრეთ ამერიკაში კი ელ-ნინიოს მიერ გამოწვეულ ქაოსს ებრძვიან. El Niño — ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, რომელიც კონტინენტზე დეკემბერში ჩნდება. ამჯერად მან ყველაზე მეტად პარაგვაი დააზიანა. ქვეყანაში 130 000 ადამიანზე მეტია ევაკუირებული.
არგენტინაში ევაკუირებულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ყველაზე მეტად კონკორდია დაზიანდა, რომელსაც კვირას ქვეყნის პრეზიდენტიც ეწვია.
ბრაზილიაში დარტყმა 38-მა ქალაქმა განიცადა. 1 800 ოჯახზე მეტ საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. რაც შეეხება ურუგვაის, მდგომარეობა აქაც მძიმეა: 11, 300 ადამიანი ევაკუირებულია. მათი უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილიდანაა.
ავსტრალიაში ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ის უჩვეულოდ მშრალმა ამინდმა გამოიწვია. ხანძარმა უკვე 116 სახლი იმსხვერპლა და როგორც ვარაუდობენ, კიდევ კვირების განმავლობაში არ ლოკალიზდება.
0