15:29:52     28-12-2015
მაგდა პაპიძის დედამთილი: "მაგდა 10-დან 2 საათამდე შუალედში რამდენჯერმე შემოვიდა, გადასაფარებელი გარეცხა"
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილი ლილი ქაფიაშვილი მკვლელობის დღეს იხსენებს. ქაფიაშვილმა „პრაიმთაიმთან“ საუბრისას 19 დეკემბრის ღამეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით ღამის 10 საათისთვის მისი რძალი მასთან რამდენჯერმე შევიდა, ტილოები და დივნის გადასაფარებელი გარეცხა.
„მე და ჩემი მეზობელი ჩემს ოთახში ვიყავით, დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა. მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა. უკან რომ შემოვიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო და მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. 10-ისკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წყლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის-მეთქი. ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო. ასე გვიან რატომ წაიყვანა-თქო, თან ძალიან ყინავდა იმ საღამოს. რა ვიცი, ბავშვმა ხაჭაპური მოითხოვა და წაიყვანაო. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი და მერე უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე.
შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივნის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელი შემეკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედე, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი-მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ და აქამდე ფერი არ გადასვლია-თქო. მერე დამცინეს კიდეც, ვთქვი ფხვნილი ხომ არ არის ასეთი ფერი-მეთქი“, - განაცხადა მოკლულის დედამ.
ქაფიაშვილის თქმით, მაგდა 10-დან 2 საათამდე შუალედში რამდენჯერმე შევიდა. ბოლო შესვლაზე კი დედამთილს ქმართან დარეკვა სთხოვა.
„მაგდამ მითხრა მე რომ დავურეკო, არ მიპასუხებს და მიდი, შენ დაურეკეო. მე დასარეკი არ მქონდა. ზარებს ვუშვებდი და არ მპასუხობდა. ამ შესვლა-გამოსვლების შემდეგ, არ მეძინებოდა. სადაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო. მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა და პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ პატრულის არასდროს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ-მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ, დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს. ცუც - ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც, დაიძინე მოდიან“ - ასე მომწერა.
მე უკვე მოსულები მეგონენ და გამოვვარდი სახლიდან. ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, კორიდორში სულ შუქები ანთია ხოლმე და რატომღაც, იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მარტო ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო-მეთქი. მე მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში, ჩავწექი. მეთქი, ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ, ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი ჩამეძინა თუ ჩამთვლიმა, მაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი. მაგდა ვარ, მიშველეო. მე მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა და რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ. იმიტომ, რომ ამის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა ხოლმე. ამის გამო ამპულაც ჩაიდგა, მოდი საერთოდ არ დავლევო.
გარეთ რომ გავვარდი, ომარი ძირს იწვა სისხლიანი. ერთი ეს მახსოვს, მაგდა დარბოდა ჩემ უკან. ბავშვი სად არის-მეთქი, ვკითხე და მაგდამ, მანქანაშიაო. ომარს თავი დავანებე და მანქანასთან მივვარდი. ბავშვი „სიდენიებს“ შორის იყო ჩაჭედილი. თბილი იყო ჯერ, თოკო, თოკო, დავიწყე ყვირილი, ამ დროს მეზობლებიც მოვარდნენ“, - განაცხადა ლილი ქაფიაშვილმა.
არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
წყარო
0