მსხვერპლი თუ ცივსისხლიანი მკვლელი? - მაგდა პაპიძის საქმე და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მსხვერპლი თუ ცივსისხლიანი მკვლელი? - მაგდა პაპიძის საქმე და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები />


  23:03:23     22-12-2015

მსხვერპლი თუ ცივსისხლიანი მკვლელი? - მაგდა პაპიძის საქმე და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები

a46664.jpg

დღეს ქმრის და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის მაგდა პაპიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სასამართლო სხდომა თებერვალში გაიმართება. მანამდე კი არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შემზარავი კრიმინალური ფაქტით გაოგნებულ საზოგადოებას აინტერესებს. ვინ არის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ასეთი უმძიმესი დანაშაული ბრალდება? - ის მართლაც ცივსისხლიანი მკვლელია, როგორც გამოძიება ირწმუნება, თუ უდანაშაულო მსხვერპლი, ვისაც სასტიკ დანაშაულს აბრალებენ?

მივყვეთ მოვლენების მიმდინარეობას:

20 დეკემბერს საქართველო უმძიმესმა ინფორმაციამ შეძრა: დიღომში ახალგაზრდა ქალმა, სავარაუდოდ, ქმარი და 5 წლის შვილი მოკლა. მაგდა პაპიძე პოლიციამ იმავე დღესვე დააკავა. მოგვიანებით მას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის და დაცვის მხრიდან სრულიად განსხვავებული ვერსიები იქნა წარმოდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, პაპიძე დამნაშავეა და მისი პირველი ჩვენება, სადაც მან ბრალი აღიარა, რეალური იყო. ცნობილია, რომ მოგვიანებით პაპიძემ ჩვენება შეცვალა და თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.

მაგდა პაპიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ პაპიძე უდანაშაულოა და მისი დაპატიმრება საჭირო არ იყო, რადგან გამოძიებას ხელს არ შეუშლიდა. მაგდა პაპიძეს ასევე სურდა თავისი ქმრისა და შვილის დაკრძალვაზე დასწრება", - განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ პაპიძეს მეგობარი მამაკაცი, ოთარ ბერრძენიშვილი ჰყავდა, რომელიც ცოლ-ქმრის მეზობლად ცხოვრობდა. გამოძიებამ მამაკაცი დაკითხა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

პროკურორ ელენე ჩხეიძის თქმით, ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია გამოძიების მიერ და დანიშნულია ექსპერტიზა. ნაგვის ბუნკერიდან ამოღებულია ასევე მაგდა პაპიძის შვილის ფოტოები, რომელიც გამოძიების მტკიცებით მან მკვლელობის შემდეგ გადაყარა. არაოფიციალურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციაც, რომ მაგდა პაპიძემ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ატვირთული ქმრის და შვილის ფოტოები მთლიანად წაშალა.

პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მოტივზე. ჩხეიძის თქმით, მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს და მასთან ჰქონდა კონფლიქტი.

თავად ბრალდებული მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, მეუღლესთან ცუდ ურთიერთობას ადასტურებს და ამბობს, რომ მისი 27 წლის ქმარი პათოლოგი იყო, მას სულ ეჩხუბებოდა და აწამებდა.

პაპიძის თქმით, მას მეუღლის მიმართ ზიზღი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედამაც გააკეთა. მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია, - თქვა ლია შამუგიამ.

შამუგიას თქმით, პაპიძე თავის მცირეწლოვან შვილს არ მოკლავდა. მეუღლეებს შორის კონფლიქტის შესახებ კი მან არაფერი იცოდა.

ბრალდების მხარის იმასაც აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს. თავად მაგდა პაპიძე სასამართლოს ამ მომხდარის ამ ვერსიას უყვება: პაპიძის თქმით,




„მისი მეუღლე და შვილი სახლიდან ღამის 11 საათზე გავიდნენ და შინ დაბრუნება დააგვიანდათ. ის შეეცადა, მეუღლეს ტელეფონზე რამდენჯერმე დაკავშირებოდა. თუმცა, მის ქმარს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ბრალდებულის მტკიცებით, მას ჩაეძინა და ღამის 3 საათზე გამოღვიძებული სახლიდან ოჯახის წევრების საძებნელად წავიდა. თუმცა, სახლიდან გამოსვლისას კართან მოკლული მეუღლე ნახა, შვილი კი გაგუდული დახვდა.

პაპიძის თქმითვე, მას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. "19-ში ჩემმა შვილმა, თორნიკემ სთხოვა მეუღლეს, ომარს, გასულიყვნენ გარეთ ხაჭაპურის საჭმელად. ისინი გარეთ გავიდნენ ძალიან თხლად ჩაცმულები. როდესაც დააგვიანეს, მე დედამთილს, ლილის ვთხოვე, დაერეკა ომართან, მე არ დავურეკე ომარს, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ომარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან მისი ტელეფონი ხშირად ჯდებოდა ხოლმე. ამასთან, მე ვიცოდი, რომ ისინი მანქანით ვერ წავიდოდნენ, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ომარმა განმიცხადა, რომ ის მანქანით უბნიდან ვერ გავიდოდა, ზედმეტი კითხვების დასმა კი კვლავ ამიკრძალა. მე დაღლილი ვიყავი და იმ ღამით ჩამეძინა ლოდინში. 3 იყო დაწყებული, როდესაც გავიღვიძე და გადავწყვიტე საძებნელად წავსულიყავი. გარეთ გავედი, სადარბაზოდან გასასვლელში ვიწრო ადგილია, სადაც ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ომარზე დავეცი. ამის შემდეგ, მეგონა, რომ ის მთვრალი იყო და წაიქცა. ხშირად იყო ხოლმე, რომ ნასვამი ბრუნდებოდა სახლში. მე სისხლი არ დამინახავს. არ მიფიქრია, რომ მეუღლე და ჩემი შვილი ცოცხლები არ იყვნენ. ამის შემდეგ წავედი მანქანის გადასაყენებლად, რადგან მინდოდა ჩემი შვილი და მეუღლე მანქანაში ჩამესვა. მანქანაში ვერ ჩავსვი და ამის შემდეგ დავიწყე ყვირილი. რის შემდეგაც ჩემი დედამთილი ლილი და მეზობლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე ჩემი შვილი და მეუღლე არ მინახავს და პოლიციაში მითხრეს, რომ ორივე მე მოვკალი და ბრალი მქონდა წარდგენილი. ამას მე არ ვაღიარებ", - განაცხადა პროცესზე პაპიძემ.


ბრალდებულის თქმითვე, 19 დეკემბრამდე, მისი ქმრისა და შვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ურო ეყიდა, რათა გარკვეული სამუშაოები ეწარმოებინა. როგორც მაგდა პაპიძე სასამართლოზე ყვება, მან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მეუღლე და მისი შვილი უგონოდ იყვნენ, პირველად ურო იმიტომ გადააგდო ნაგვის ურნაში, რომ შეეშინდა, რადგანაც მისი მეუღლე ომარი ხშირად ემუქრებოდა მას.


"ერთ დღეს, ომარმა მე წამიყვანა ისე, რომ არ მითხრა, სად მივყავდი. გააჩერა ტაქსი და ამიყვანა ჯვარზე. შემდეგ იქ ფეხის წვერებზე დამაყენა და ცინიკურად რაღაც კითხვებს მისვამდა. ამის შესახებ მე ჩემს მეგობარს, ოთარ ბერძენიშვილს მოვუყევი. როდესაც ომარი სვამდა, აგრესიული იყო და სწორედ ამიტომ შემეშინდა, როდესაც წაქცეული დავინახე, ვიფიქრე, ნასვამი იყო და მე გადავწყვიტე აღნიშნული ურო გადამეგდო", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

საქმის პროკურორის თქმით, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს თავის არეში აღენიშნება ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, რაც შესაძლოა სწორედ უროთი იყოს მიყენებული. სწორედ ამიტომ, პროკურორი დაინტერესდა თუ რატომ გადააგდო ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ პირველ რიგში ურო. ასევე პროკურორი დაინტერესდა, თუ რატომ იყო ოთახი სისხლიანი. მაგდა პაპიძემ პროკურორის კითხვებზე განაცხადა, რომ ოთახი იმიტომ გასისხლიანდა, რომ ის ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად ავიდა, რადგან მისი უგონოდ მყოფი მეუღლე და შვილი საავადმყოფოში გადაეყვანა.

არაოფიციალურად სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციებიც ვრცელდება. სოციალურ ქსელში მონათხრობის ერთ-ერთი ვერსია ასეთია: „ფაქტობრივად გახსნილია ეს საქმე... ამ გოგომ მოკლა ქმარ-შვილი... შემდეგ დედამთილს დაურეკა, ხაჭაპურზე გავიდნენ და არ ჩანანო... მერე დედამთილი რომ აფორიაქდა, უთხრა რომ სახლში არ ჩამოხვიდეო, მოვიდნენ ახლაო. 2-ის ნახევარზე თქვა ეგ. მერე ბავშვი გაიტანა. ნივთები შორს გადაყარა, ურო სისხლიანი ზეწრები და ქმარს რომ მიათრევდა, მოწმემ დაინახა, მეზობელმა... ამიტრომაც კივილი ატეხა, ვითომ იმ წამს ნახა. მისი ქმარი პათოლოგი კი არა საერთოდ არ სვამდა. პირიქით ყველას წყინდა მის ახლობლებს რომ სწერვა და კაპრიზულ გოგოს ყველაფერს უთმობდა აბსოლუტურად. ძალიან უყვარდა ცოლი და ბავშვი. ბავში სანამ მამა არ მოვიდოდა საჭმელს არ ჭამდა. ცოლსაც უყვარდა , ყოველ შემთხვევაში კონფლიქტები არ ჰქონიათ. გოგო ფიზიკურად ძლიერია, ფრენბურთელი იყო - გაუცინარი, უმეგობრო და ჩაკეტილი...

სახლში არის სისხლის კვალი კი არა ყველაფერი. ამ გოგომ სახლი დაალაგა, დააწკრიალა მარა სისხლის კვალი დარჩა. სპეციალური საშუალების გამოყენების მერე ვიზულურად უხილავი გახდა გვამის მდებარეობა და გათრევის კვალი კი ჩანს. კარის მერე უკვე ხილული კვალიც არის. ანუ საღამოს მოკლა და ხალხმა რომ დაიძინა, მერე გაათრია და შემთხვევით მოწმემ დაინახა,“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. მეორე მომხმარებლის თქმით, „გამომძიებლებმა თქვეს, რომ ბევრი ფსიქოპატი შეგხვედრიაო, ასეთი ცივსისხლიანი კი ჯერ არაო. უემოციოდ პასუხობს და კიდია ყველაფერიო,“ - წერს ერთ-ერთი მომხარებელი.

გამოძიების დასრულებამდე ალბათ კიდევ უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური ვერსია გავრცელდება. შემდეგი სასამართლო სხდომა მომავლი წლის თებერვლისთვისაა ჩანიშნული.

0

ავტორი: