19:24:03     27-11-2015
“ავერსს” ბიზნესის ეროვნული ჯილდო გადაეცა

“ავერსი” 2014-2015 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის მოხვდა. მან გამარჯვება ოთხ ნომინაციაში მოიპოვა: “დინამიკური განვითარება”, “სახალხო აღიარება”, “გუნდური მუშაობის პრინციპი” და “ეფექტური მენეჯმენტი”. კომპანია და მისი დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ოქროს სამკერდე ჯვრით დააჯილდოეს.
26 ნოემბერს ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსისა” და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია “გორბის” ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიებისა და ბიზნესმენების დაჯილდოების მეთექვსმეტე ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართა.
– პირველი ბიზნესრეიტინგი 1995 წელს შედგა. პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ურთიერთდაახლოება და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესისადმი საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. ქართული ბიზნესის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში კი ბიზნესრეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს, – აღნიშნა მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “ჯორჯიან თაიმსსა” და “გორბის” იმ კომპანიების სია მიაწოდა, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 1 000 000 ლარზე მეტი შეაქვთ. ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა დაასახელეს 60 საუკეთესო და წარმატებული კომპანია, რომელთა შორის საბოლოოდ 30 საუკეთესო გამოვლინდა.
დაჯილდოების საღამოზე საუკეთესო კომპანიებმა თავადაც დაასახელეს საკუთარი რჩეული - ეს კომპანია “ვისოლი” აღმოჩნდა. მას ერთი წლით გადაეცა ბიზნესის ეროვნული გარდამავალი ჯილდო – ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული, ბრილიანტით, ლურჯი საფირონით, ფირუზით, ცირკონით, მწვანე ძოწით მოოჭვილი ხელნაკეთი “ბოლნური ჯვარი”, სხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა კომპანიებმა კი შესაბამისი დიპლომები მიიღეს.
პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პატივსაცემი პირებსგან შედგებოდა, საუკეთესო კომპანიები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: მეწარმეთა ინტერესების დაცვა; საზოგადოებრივი იმიჯი; ეფექტური მენეჯმენტი; ქველმოქმედება-მეცენატობა; სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა; ახალი ტექნოლოგიები; ახალი სამუშაო ადგილები; საქმიანობის სტაბილურობა; კომპანიის ზრდა-წარმატებულობა; აღიარება საზღვარგარეთ; საზოგადოებასთან ურთიერთობა; ეფექტური მარკეტინგი; ფინანსური გამჭვირვალეობა; გუნდის პროფესიონალიზმის დონე; პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობა.
საზეიმო ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, საქართველოში აკრედიტებული მისიებისა და ფონდების, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0