13:09:57     11-11-2015
ნიკა ჩიტაძე: "საწყისი სამხედრო განათლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს"
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. ცვლილებების არსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახური, იმ სახით, როგორც ახლა საქართველოში ფუნქციონირებს, არასწორი და მანკიერია.
აქვს თუ არა საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების პოტენციალი, ამაზე Presa.ge-ს პოლიტოლოგი, "საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.
- ბატონო ნიკა, ბოლო დროს აქტუალური გახდა სამხედრო სამსახურის გაუქმების თემა, თქვენ აზრით, ეს იდეა საქართველოში რამდენად პერსპექტიულია?
- თანდათან მცირდება იმ სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი, რომლებიც გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ის პირობები, რა პირობებშიც გაივლიან სამხედრო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეები. თუ იქნება შესაბამისი პირობები რიგითი ჯარისკაცისთვის, ვგულისხმობ ყველა პირობას, ხელფასს, საცხოვრებელ პირობებს, სოციალურ გარანტიებს.
ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლებელია ჯარის მთლიანად გადასვლა პროფესიონალური ყაიდაზე, მაგრამ ამის შესაბამისი წინაპირობების შექმნაა საჭირო.
აქ საუბარია ფინასურ რესურსებზე, ჯარისკაცთა, ოფიცერთა შორის ანაზღაურების მომენტი, ბუნებრივია, უნდა იქნეს გათვალისწინებული, ასევე მათი უფლებების დაცვის საკითხები და ა.შ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება შესაძლებელია. ბევრი ქვეყანა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები სრულად გადასულია პროფესიონალურ ყაიდაზე. თუმცა გერმანიაში, რომელიც ნატო-ს წევრია, ჯერ კიდევ არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ინსტიტუტი.
გაუქმებამდე აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამ მოდელის ალტერნატივა.
- რაც შეეხება სარეზერვო სამსახურს...
- ვფიქრობ, სარეზერვო სამსახური არ უნდა გაუქმდეს. მგონია, რომ ერთთვიანი კურსები მაინც, როგორც მინიმუმ, ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ, რათა გააჩნდეთ, ასე ვთქვათ, დაწყებითი სამხედრო განათლება.
- გაჟღერდა იდეა, რომ მსურველებს შეეძლებათ მოხალისეობა 16 წლიდან...
- 16 წელი ცოტა ადრეა, საქართველოში სკოლას ამთავრებენ 17-18 წლის ასაკში. 16 წლის ასაკიდან პოლიგონზე რომ გაიყვანონ, ავტომატის დაშლა-აწყობა, გასროლა და ეს ყველაფერი ცოტა რთული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საწყისი სამხედრო განათლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს.
0