14:55:03     27-10-2015
პატიმრის ჩვენებიდან: "ბედუკაძე მაგინებდა და იღებდა ფირზე. მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდა ჩემს ახლობლებს"
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდა. ფირებზე, რომელიც გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ გაასაჯაროვა, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო აღბეჭდილი. განსაკუთრებით ამაზრზენი სანახავი იყო პატიმრის ცოცხით გაუპატიურების კადრები. ცოცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიმბოლოდ გადაიქცა. იმთავითმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრებში პატიმართა წამების დროს თავად ლადო ბედუკაძის ხმა ისმოდა.
ხელისუფლება შოკში ჩავარდა. ციხის კადრების გამოჩენამ "ქართულ ოცნებას" გარანტირებული მოგება მოუტანა. სხვათა შორის, ლადო ბედუკაძის ქვეყნიდან გაყვანა, კადრების გატანა და უცხოეთში მისი გამოქვეყნება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" მოაგვარა.
გაზეთი "ქრონიკა +" პატიმართა ჩვენებებს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს მოწმე დ.ს-ს ჩვენებიდან:
"მე ჩხუბი მომივიდა ჩემს უბნელთან, რომელიც გლდანის ციხეში მუშაობდა. ბრალდების წაყენების შემდეგ სასამართლომ შემიფარდა 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა და მომათავსეს გლდანის მე-8 დაწესებულებაში. იმავე დღეს კარანტინში პირველ სართულზე. მეორე დღეს, დაახლოებით დილის 8 საათზე, ჩემთან მოვიდა ციხის 2 თანამშრომელი, როგორც შემდგომ ციხეში და ამჟამად ტელევიზიით გავიგე, ერთ-ერთი მათგანი იყო ლადო ბედუკაძე. ამ უკანასკნელმა ამიყვანა მეორე სართულზე და შემიყვანა ერთ-ერთ გისოსის კარებიან საკანში, სადაც ვლადიმერ ბედუკაძემ ხელბორკილით მიმაბა კარზე. იქ იყო ციხის ორი თანამშრომელი, საერთო ჯამში ისინი ოთხნი იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთს ბედუკაძე მიმართავდა "ბასტით", მეორეს " ბუბუთი", მეოთხე პიროვნება ჩემთვის უცნობია. შემიძლია მხოლოდ მისი აღწერა.
დამიწყეს ცემა და გინება, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა ჩხუბის სხვა თანამონაწილეები, რაზეც მე ვპასუხობდი სიმართლეს, რომ ჩხუბი მომივიდა მარტო და სხვა არავინ ყოფილა. ამის შემდეგ ბედუკაძემ მოიტანა ვიდეო-გადამღები, ხოლო დანარჩენი სამიდან ერთ-ერთმა მოიტანა ხელკეტი. ბედუკაძის მითითებით "ბასტიმ" ან "ბუბუმ" გამხადა შარვალი და ხელკეტით უკანა ტანში, სწორ ნაწლავში ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას, იგივე მეთოდით მაწამებდა დანარჩენი ორი თანამშრომელი, ხოლო ბედუკაძე მაგინებდა და იღებდა ფირზე. მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდა ჩემს ახლობლებს. ამ ფორმით ისინი მაწამებდნენ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რაც იწვევდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ამის შემდეგ მათ გამიყვანეს საკნიდან და იქვე კედელთან მიმაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა მომცა მოკიდებული სიგარეტი და მაიძულეს, რომ სიგარეტი შემეტენა სწორ ნაწლავში, ხოლო შემდეგ მომეწია, რაც შიშის გამო ძალით გამაკეთებინეს. ამ ყველაფერს ვიდეოფირზე იღებდა ბედუკაძე. ამის მერე შემეშვნენ და დამაბრუნეს კარანტინში, N127-ე საკანში, სადაც ვიყავი 2 თვე და 20 დღე. სხვა ფაქტს ჩემს მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც სხვა პატიმრის ცემა-წამებას შევსწრებივარ."