16:29:44     19-10-2015
ასე შეხვდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ჯარისკაცებს ოჯახის წევრები (ფოტოები)
დღეს ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა.
ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს ახლობლები, თავდაცვის მინისტრი და გენარალური შტაბის უფროსი დახვდნენ.
43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი რიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.
„პატივი იყო ამ ბიჭებს შევხვედროდი უკვე თბილისში. მე მათ ავღანეთში შევხვდი ჩემი მინისტრობის პირველ კვირებში. ეს ორი დღე იქნება მუდმივად ემოციური, რადგან ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეისი ჩამოდის. ხვალ საღამოს დასრულდება ამ კონტინგენტის როტაცია, უკვე მეთაურიც ჩამოვა. ალბათ ხვალ ყველაზე უფრო ამაღელვებელი საღამო იქნება, იმიტომ, რომ დროშით ჩამოვლენ და ოფიციალური ცერემონიალიც გვექნება.
მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა პირველ რიგში ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს, ბრიგადას, საიდანაც ისინი ავღანეთში წავიდნენ; ყველა სამხედროს, რომელიც მათ გვერდში იდგა მუდმივად ამ ხნის განმავლობაში. ბიჭებს, რომლებიც ახლა წავიდნენ ავღანეთში და შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან ამ მისიის შესრულების პროცესში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემადგენლობას მსხვერპლი ჰქონდა, იცით თქვენ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ დაიღუპა ჩვენი ერთი ბიჭი - ვალის ყულჯანაშვილი, მაგრამ ეს არის ომი და მისი სამწუხარო შედეგები.
ზუსტად ვიცი, ზუსტად შემიძლია დავინახო, წარმოვიდგინო, რომ ფასი რომელსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, იხდის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ფორმით ავღანეთში, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი თავად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტია, რომ ამ ბიჭების შვილები გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ და უკეთეს ქვეყანაში გაიზრდებიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
0