ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ />


  11:33:02     06-10-2015

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ

a43047.jpg

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცები – თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია ახალ სარეკორდო კამპანიაში ჩაერთნენ. აქცია სახელწოდებით – "მებრძოლები შესაძლებლობებს მიღმა" (Warriors Beyond Abilities), ორი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და შშმ პირთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის შეგროვება ინტერნეტ–პორტალ Indiegogo.com–ზე მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს – 3 დეკემბერს, თემურ დადიანი 18 კილოგრამიანი სიმძიმით ტურნიკზე ერთ წუთში მიზიდვაში შეეცდება გინესის რეკორდის მოხსნას, ალეკო გითოლენდია კი 3 კილომეტრიან მანძილს უმოკლეს დროში გაცურავს. ღია წყალში ცურვის საერთაშორისო ასოციაციის (WOWSA) რეკომენდაციით, სარეკორდო ღონისძიების ჩატარება აშშ-ში, ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იგეგმება.

პროექტის ბიუჯეტი – 32 210 აშშ დოლარი ითვალისწინებს ქართველი ჯარისკაცების მგზავრობის, დაბინავებისა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა-დაქირავების ხარჯებს, აგრეთვე გინესის მსაჯის მოწვევის საფასურს. დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია Indiegogo.com–ის პორტალზე და პროექტის ვებ–გვერდზე.

24 წლის თემურ დადიანი და 30 წლის ალეკო გითოლენდია ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობენ. მათ ორივე ქვედა კიდური ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობის დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგეს. რეაბილიტაციის შემდეგ თემურ დადიანმა ე.წ. "ამპუტირებული აზიდვების" შესრულებაში ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ალეკო გითოლენდიასთვის კი ეს სარეკორდო პროექტი პირველია.

0

ავტორი: