15:22:40     29-09-2015
მღებრიშვილი: "ყველა დამნაშავე პირი დაისჯება"
"ნარუშილოვკების" სკანდალურ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა.
როგორც გიორგი მღებრიშვილი ამბობს, დაწყებულია გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება. მინისტრის თქმითვე, მომზადებულია ახალი კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც რეგულაციები დაიხვეწება.
"ეს საშვები გაიცემა 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ პროცესის ადმინისტრირება უფრო მარტივი გახდება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. აქვე ვიტყვი, რომ მინების დაბურვის ბრძანება და სხვა რეგულაციების პროექტებიც მზად არის," - განაცხადა მღებრიშვილმა.
"თუ ვინმე დამნაშავეა და იქნება გადაცდომა დაისჯება აუცილებლად. მე ზუსტად ვერ გეტყვით. დაიწყო გამოძიება. რომ გვცოდნოდა ვინ და როგორ იყო, აღარ დავიწყებდით გამოძიებას. თუ დაარღვიეს კანონი დაისჯება ყველა, იქნება ის ჩემი მოადგილე თუ სხვა"-ასე გამოეხმაურა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერებს.
ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამაც.
სწორედ იზორიას ძმა ფიგურირებს ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში. კადრებში ჩანს, რომ მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოძრაობის წესების დარღვევის გამო აჩერებს, თუმცა იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის და პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას.
"გამოძიება დაწყებულია მიიღებთ ყველა კითხაზე პასუხს მალე. მეტი პასუხი არ არის გმადლობთ,"- უთხრა ჟურნალისტებს იზორიამ.
საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც.
"მე როგორც მოვისმინე დაწყებულია მოკვლევა, მიმდინარეობს გამოძიება. თუ ვინმეს აქვს დარღვევა არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირია თუ უბრალო მოქალაქეა ყველა აგებს პასუხს," - განაცხადა მან.
სკანდალური ვიდეო კადრების ერთი ნაწილი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მეორე ნაწილის გავრცელებას კი პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი გიორგი ბაბუნაშვილი დღეს გეგმავს.
0