00:38:00     28-09-2015
მამის ნაცვლად მოკლული 16 წლის გოგონა და თითმოჭრილი მკვლელი
80-იან წლებში ქუთაისში ერთი საქმოსნის შვილი მოკლეს. მკვლელობას მაშინ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილის სტატუსი მიანიჭეს და მხოლოდ მოსკოვიდან ჩამოყვანილმა ადვოკატებმა გადაარჩინეს დამნაშავეები დახვრეტას. გოგონამ კარის ე.წ. გლაზოკში გაიხედა და სწორედ მაშინ ესროლეს _ ტყვიამ 16 წლის ბავშვის თვალში გაიარა და თავის ქალა ახადა. დამნაშავეებმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენეს, თუმცა მათ ნაცვლად ადვოკატმა ილაპარაკა. გარდაცვლილის ახლობლები მკვლელების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ, ამიტომ სხდომები დახურული იყო. 15-წლიანი სასჯელი გასაჩივრდა, თუმცა დახვრეტა არც ზემდგომმა ინსტანციამ მიუსაჯა...
კოტე მ-ს რუსთავის ზონაზე პატარა ავტონომია ჰქონდა. 70 წელს
გადაცილებული მოხუცი იარაღზე დაიჭირეს. ქუთაისელები ამბობდნენ, იარაღი
ჩაუდეს, უბრალოდ ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო, ახალგაზრდები მასთან
იკრიბებოდნენ და უბანს მოაცილესო. სამი წელი მისცეს და რუსთავის #17
დაწესებულებაში შემოაგდეს. ჰოდა, მოხუცები შეიკრიბნენ კამერაში. მათთან
შესვლა და საუბარი კი ერთ რამედ ღირდა. დინჯად, დარბაისლურად საუბრობდნენ
და მთავარი საზრუნავი ის ჰქონდათ, ჩაი ესვათ. შესაბამისად, ახალგაზრდა
პატიმრებს მათთან ჩაი მუდმივად მიჰქონდათ. პატიმარი #0578 მათი ხშირი
სტუმარი იყო, ათას რამეს მოიმიზეზებდა და ხანდახან მთელი დღე მათთან იჯდა
ერთ დღეს ზონაზე პატიმრების ახალი ნაკადი მოვიდა და რაღა თქმა უნდა,
მაყურებლების კამერაში ჩოჩქოლი იყო. ვინ სად და როგორ უნდა წასულიყო, იმას
არკვევდნენ მაყურებლები, როცა მათ კამერაში ჯოხზე დაყრდნობილმა კოტემ
შემოიხედა. იქაურობას მოავლო თვალი, უცხო ხალხი რომ დაინახა, ჩუმად თქვა,
მაყურებლებთან მარტო დამტოვეთო და ნარზე ჩამოჯდა. #0578-ს კამერიდან გასვლა
არც უფიქრია, ჯერ ერთი, კოტესთან ძალიან ახლოს იყო და მეორეც _
მაყურებლები არასოდეს ეტყოდნენ, გადი, შენ არ მოისმინოო. მისი დარჩენა არც
კოტეს გაუპროტესტებია, არც მაყურებლებს და მოხუცმა ჩუმად დაიწყო... ,,ახალ
პატიმრებში ერთი პატარა ბიჭია, რომ მოიყვანეს, პირველად მე მიკითხა და ისე
მიყურებს, რაღაც უნდა. ამ სიბერეში ბავშვს ნუღარ მომაკვლევინებთ,
დაელაპარაკეთ, აუხსენით', _ თითქოს თავისთვის თქვა კოტემ და კამერიდან
გავიდა, კართან მოტრიალდა და... სერგო ჰქვია იმ ბიჭს, ასე მითხრესო...
დაახლოებით ათ წუთში სერგო მაყურებლების ოთახში იჯდა, ნერვიულად
აბოლებდა და აშკარად ეტყობოდა, ასაკთან შედარებით მეტი ამბიცია ჰქონდა.
მაყურებელმა თავის ხელით მოუდუღა ყავა, ორცხობილა დაუდო თეფშზე და მშვიდად
ჰკითხა: ,,ვინ ხარ, ძმაო, რა ცხოვრებით ცხოვრობ?!'
,,კაი ბიჭი ვარ,
ქურდობა მინდა...' _ გაზეპირებული ფრაზა ისროლა სერგომ და კამერაში სიჩუმე
#0578-ს თავშეკავებულმა სიცილმა დაარღვია. მაყურებელმა პატიმარს მკაცრად
შეხედა და იმანაც მაქსიმალურად თავი შეიკავა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა,
სხვებიც სიცილის ხასიათზე იყვნენ.
,,ეგ კარგია, კარგები რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი... რა უბნელი ხარ?!' _ ისევ მშვიდად ჰკითხა მაყურებელმა.
,,საფიჩხიელი', _ ამაყად გამოაცხადა სერგომ და მაყურებელმა გაოცებით შეხედა: ,,საფიჩხიელი ხარ და ამ კამერაში არავის იცნობ?!'
ერგომ მიმოიხედა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
,,სად ცხოვრობ კონკრეტულად?!' _ უსაშველო ქუთაისური აქცენტით მიმართა საფიჩხიელმა დათომ სერგოს. დათო ქუთაისის რეგიონის მაყურებელი იყო და მარტო ქუთაისი კი არა, ყველა კრიმინალი კარგად იცნობდა.
სერგო დათოს დააკვირდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო და...
,,გიცნობ შენ, თეკლეს ძმა ხარ', _ სახე გაუბრწყინდა სერგოს.
,,ა
ბიჯო, ერთი ამნაირი კიდევ და წავიდა ჩემი ნაღვაწი და ნაპარავი წყალში.
თეკლეს ძმობის მეტი არაფერი იცი ჩემზე?!' _ იწყინა დათომ და სერგოს მეორე
მხრიდან მიუჯდა.
,,კი, ნარკომანიაო, უბანში ამბობენ', _ გათამამდა სერგო.
უკვე #0578 კი არა, მთელი კამერა ახარხარდა დათოს გარდა.
,,კიდევ რას ამბობენ უბანში, მომიყევი, აბა', _ დაინტერესდა მაყურებელი.
,,არ ვიცი', _ შეცბა სერგო, რადგან მიხვდა, ერთბაშად რამდენიმე სისულელე თქვა.
,,კარგი,
უბნის ამბებს თავად გავარკვევ, რომ ჩავალ და ახლა ის მითხარი, კოტეს რას
ერჩი?!' _ კოტეს ხსენებაზე ყველამ სერიოზული სახე მიიღო, სერგო კი აშკარად
ანერვიულდა.
,,ბიცოლა მომიკლა მაგან და პასუხი უნდა აგოს', _ მტკიცედ თქვა სერგომ.
,,ვინ მოგიკლა?!' _ ჰკითხა #0578-მა, მაგრამ დათომ ხელით ანიშნა, მაცადეო.
,,ვინ იყო შენი ბიცოლა და რა იცი, რომ კოტემ მოკლა?!' _ ჩუმად ჰკითხა სერგოს.
,,ვიცი.
,,გლაზოკიდან' ესროლა. მაშინ დაბადებული არ ვიყავი მე, მაგრამ მაგი
ამბავი მე კი არა, მთელმა ქუთაისმა იცის', _ სერგო ისევ მტკიცედ
ლაპარაკობდა.
,,ანუ შენ მერაბას შვილიშვილი ხარ?!' _ ისევ ჰკითხა დათომ და როცა სერგომ თავი დაიქნია, მაყურებლებს ახედა. ცოტა ხანს სიჩუმე იყო, მერე ისევ დათომ დაიწყო.
,,მესმის შენი, მაგრამ ეგ საქმე გაირჩა ქურდებთან თავის
დროზე და კოტეს არაფერი უთხრეს. ახლა შენ თუ გინდა ქურდების სიტყვას
გადახვიდე, მაგის უფლებას არ მოგცემ და მარტო მე კი არა, ჩვენ, ყველა. თუ
პირადი შურისძიება გინდოდა, გარეთ იყო კოტე, არ იყო მაგის ნახვა ძნელი და
იქ გემოქმედა. ახლა ან მშვიდად იქნები, ან სხვა ზონაზე წადი, კოტეს ნახვა
თუ არ გინდა ყოველდღე', _ აუხსნა დათომ.
,,ქურდებმა ხო, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო...' _ დაიწყო სერგომ და სილაც მოხვდა.
,,რა სხვა დრო? მაშინ რომ ქურდები იყვნენ, ახლა აღარ ჭრის იმათი სიტყვა თუ გასაჩივრებას აპირებ? სიტყვებს აზრი დაატანე, თორემ ყოველდღე გაგლახავენ პატიმრები. აქ რომ გაგიცინეს წეღან, კაციჭამიები არიან, იცოდე', _ მკაცრად უთხრა დათომ სერგოს და კამერიდან გაუშვა.
,,კოტეს თუ კაცი ჰყავდა მოკლული, არ მეგონა', _ თავისთვის ჩაილაპარაკა #0578-მა.
,,კაცი არა, ქალი... უფრო სწორედ, გოგო', _ ჩუმად თქვა დათომ.
რამდენიმე დღის შემდეგ #0578 რაც შეიძლება ფრთხილად შეეხო თემას. კოტესთან იყო კამერაში და ძალიან, ძალიან ფრთხილად ჰკითხა, სერგოს ბიცოლა როგორ შემოგაკვდაო?! კოტეს თითქოს დენმა დაარტყა, #0578-ს შეხედა, ჩაი მოწრუპა და წართმეული ხმით დაიწყო.
,,მეგი ერქვა იმ უბედურს. მამამისი საქმოსანი იყო და ფულს ვაწერდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოგვიცხადა, აღარ გადაგიხდითო და მასთან მისულ ქურდებს იარაღი მიუშვირა. ეს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. მითხრეს, შენ უნდა მოკლაო და წავედი. სახლის კარს არ აღებდა ხოლმე და გარეთაც თითქმის არ გამოდიოდა. დაველოდე, სანამ მარტო დარჩებოდა სახლში და ბოლოს სწორედ ის უბედური გოგო გამოვიდა. ამ დროს ეზოში მილიციის მანქანა შემოვიდა და მე ჩემს მანქანაში ჩავწექი. სახლში რაღაც დარჩენია იმ ბავშვს და მობრუნებულა. მე ვერ დავინახე. მილიცია მალე წავიდა და მეც კიბეები ავირბინე. კარზე დავაკაკუნე და როგორც კი მივხვდი, ,,გლაზოკში' ვიღაცამ გამოიხედა, გავისროლე. დაცემის ყრუ ხმა გავიგე და კიბეზე რომ დავეშვი, მაშინ გავიგე იმ კაცის ღრიალი. ჯერ ვიფიქრე, გადარჩა-მეთქი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, კარს არ გააღებდა და რაც მთავარია, ისე ღრიალებდა, მეზობლები გამოვიდოდნენ. კიბეზე ნაცნობი შემეფეთა, დამინახა, იარაღიანი რომ გავრბოდი და იმავე საღამოს ამიყვანეს. გამომძიებლებმა მითხრეს, რომ გოგო მოვკალი. ადვოკატი ქურდებმა ამიყვანეს, ფულიც იმათ გადაიხადეს, რომ არ დავეხვრიტე, მაგრამ მე აგერ, საჩვენებელი თითი მოვიჭერი, რომ იარაღს ვერასოდეს გამოვკრა', _ კოტემ სახსარში მოჭრილ თითს დახედა.
,,ის კაცი ცოცხალია?!' _ ჩუმად ჰკითხა #0578-მა.
,,არა, მალევე
მოკვდა. ამბობენ, ვიღაცამ მოწამლაო. არ ვიცი, მაგ დროს მე რუსეთში ვიჯექი,
აქ არ მომახდევინეს სასჯელი, ამიტომ, სრული 15 წელი გამომივიდა, არც ჯაბას
ამნისტია შემეხო და არც სხვა რამ. თუმცა კიდევ 15-ს მოვიხდიდი, ოღონდ ის
გოგო ცოცხალი იყოს', _ თავი ჩაღუნა კოტემ.
სხვათა შორის, ,,კაი ბიჭი' სერგო, თბილისში ცხოვრობს და ტაქსაობს, კოტე მ. კი მარტში გარდაიცვალა.
პატიმარი #0578