14:51:20     23-09-2015
გენშტაბის უფროსი: "ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა"
ავღანეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რომლსაც ერთი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებზე პირდაპირი ცეცხლით მოხდა თავდასხმა. ეს განცხადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ქალაქ რუსთავში გააკეთა, სადაც მან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.
„ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და დავკარგეთ ახალგაზრდა კაი ყმა. ღვთის წყალობითა და ექიმების დამსახურებით, დაჭრილი კარგად არის. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გადაიყვანენ და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე დაგვიბრუნდება. მინდა, მთელი სულითა და გულით მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად გადმოვასვენოთ ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში. კარგი ყმაწვილი იყო, ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად წავიდა,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს მინისტრებმაც. მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
რიგითი ყულიჯანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმაც .
"ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე."-ნათქვამია მის განცხადებაში.
ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა ამერიკის ელჩმაც საქართველოში.
„ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით თანავუგრძნობ რიგითი ყულიჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების - ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულიჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება“. -განაცხადა იან კელიმ.
0