ვრცლად გამოცდებისა და მეორადი ჩარიცხვების შესახებ - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან ვრცლად გამოცდებისა და მეორადი ჩარიცხვების შესახებ - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან />


  22:16:18     04-09-2015

ვრცლად გამოცდებისა და მეორადი ჩარიცხვების შესახებ - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

a41598.jpg

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია, საქართველოს უნივერსიტეტებს ახალი სემესტრიდან კიდევ 28 000 სტუდენტი შეემატება,  თუმცა აბიტურიენტთა ნაწილი,  რომელიც უნივერსიტეტს გარეთ დარჩა, აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას ითხოვს.

მეორადი ჩარიცხვები არ იქნება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეთანხმებით მიიღეს.

ყველა სადავო საკითხსა და კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას დღესაც აწუხებს,  Presa.ge-ს შეკითხვებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა უპასუხა.

მან ზედმიწევნით ზუსტად განგვიმარტა რა პრობლემებთანაა დაკავშირებული მეორადი ჩარიცხვები და რატომ უთხრეს უარი აბიტურიენტებს მოთხოვნაზე.

-ქალბატონო მაია, პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი საგამოცდო პროცესით, იყო თუ არა ხარვეზები და როგორია სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით?

-არანაირი ხარვეზები  არ ყოფილა, აქედან გამომდინარე ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა.
სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება შარშან 26 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, წელს ეს რიცხვი 28 000-ია, თავისთავად ეს კარგია, უბრალოდ აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შარშან 35 00-ზე მეტი აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას გამოცდების პროცესში, წელს კი 39 000-მდე, ანუ პროცენტულად დაახლოებით იგივე რაოდენობის მათგანი გახდა სტუდენტი.

-საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წელს ძალიან დაიწია კომპეტენციის ე.წ „მინიმალური ზღვარი“, განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ ენასა და ლიტერატურას,  რამ გამოიწვია ეს?

-ის ნაწილი ვინც ასე ფიქრობს, სიტუაციის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ.
მე ყველას ავუხსენი ეს სქემა, ვისთანაც მქონდა საუბრის შესაძლებლობა. არავის არანაირი ზღვარი არ დაუწევია. სამწუხარო გახლავთ ერთი რამ, ეს არ არის დღევანდელი პრობლემა და არც გუშინდელი, წლების განმავლობაში  არსებობს იგი და ალბათ არამარტო ჩვენ ვეჯახებით მას, როცა ცდილობ მაქსიმალურად ინფორმირებული გახადო დაინტერესებული საზოგადოება და  ამ ეპოქაში ამის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელებია, ინტერნეტია და მაქიმალურად ვცდილობთ სიახლეები იქნება თუ პროცესის დეტალური აღწერა დროულად განვათავსოთ ჩვენს ვებ-გევრდზე.

გაიგივების პროცედურა შარშან პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფორმით და  გამოცდებამდე გაცილებით ადრე, ვგულისხმობ შარშანდელ გამოცდებს, ეს ყველაფერი განთავსებული იყო ჩვენს ვებ-გვერდზე, ის ვინც ყურადღებით წაიკითხავდა ამ ინფორმაციას, დეტალურ აღწერას თუ რა იგულისხმება ამ ქულების გაიგივებაში, მსგავსი კითხვა არ გაუჩნდებოდა ნამდვილად.
 
ძალიან მარტივად რომ ავხსნა მათთვის ვისაც ეზარება წაკითხვა, ე.წ სკალირების პროცედურას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტია გამოყენებულია, იმ საგნებს სადაც ტესტები ერთ ვარიანტადაა ეს არ ეხება.

ამასაც ხაზგასმით ვამბობდით. რატომ ვიყენებთ? ისევ აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა  არ დაიჩაგროს ის აბიტურიენტი, რომელსაც შესაძლოა ოდნავ უფრო რთული ვარიანტი შეხვდა სხვებთან შედარებით.

გაიგივების პროცედურას ვიწყებთ, როდესაც გვაქვს საბოლოო შედეგები, სტატისტიკური ანალიზი და შეგვიძლია დავადგინოთ არის თუ არა განსხვავება სირთულის თვალსაზრისით ვარიანტებს შორის.

ბუნებრივია,  წინასწარ ვაცხადებთ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, მაგალითად, ზოგად უნარებში 24 და მეტი იყო ეს ზღვარი, მაგრამ გაიგივების პროცედურის შემდგომ თუ აღმოჩნდება, რომ რომელიღაც ვარიანტი სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო რთული აღმოჩნდა, მაშინ შესაძლოა ამ ვარიანტისთვის, სიტყვაზე ვამბობ, 23 და ბევრ შემთხვევაში 22 ქულაც აღმოჩნდეს გამსვლელი.

ბარიერის დაწევაზე საუბარიც ზედმეტია.

რადგანაც ეს კითხვა ისევ ისმის და ჩემთანაც არაერთხელ მოსულან ამ კითხვით, კიდევ ერთხელ ავხსნი:
  
წარმოვიდგონოთ, გვაქვს მხოლოდდამხოლოდ ორი ვარიანტი, პირველ ვარიანტში დავუშვათ გამსვლელი ქულა არის 24 და ამაზე დაბალი ქულა მიიღო აბიტურენტთა 13%-მა, პირობითად ვამბობ. ვეძებთ მეორე ვარიანტში იმ ქულას რომელიც იგივე მაჩვენებლით არის, ანუ ქულა, რომელზე დაბალიც  მიიღო ისევ აბიტურიენტთა 13%-მა. ამ შემთხვაში ვამბობთ, რომ ეს 24 ქულა იგივურია იმ ქულის, რომელიც ზუსტად იგივე შედეგს გვაძლევს.

  
ყველა ქულის გაიგივება ხდება სწორედ ამ პრინციპით.

 ზოგად უნარებში აღმოჩნდა, რომ წელს პირველსა და მეოთხე ვარიანტში 23 ქულა იყო 24-ის იგივური და ამიტომ 23 ქულიანები გავიდნენ, ქართულში ნამდვილად იყო ესე, რომ ერთი ვარიანტი აღმოჩნდა ისეთი, რომ იქ უფრო მეტი რაოდენობა აბიტურიენტების იყო  ჩაჭრილი სწორედ 21 ქულაზე, ვიდრე დანარჩენ ვარიანტებში, ამიტომაც იმ ვარიანტში ამ 21 ქულის  იგივური აღმოჩნდა ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე 21.

აი, ეს არის გაიგივების პროცედურა და  რა თქმა უნდა, ბარიერის დაწევაზე საერთოდ არ არის საუბარი.


ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთვალოს გაიგივებული ქულები, თუ გადახედავს ბაზას, თვითონვე დარწმუნდება ამაში. გაიგივების ცხრილი ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

-რატომ მოხდა ისე, რომ აბიტურიენტებმა  გადალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, დააგროვეს გარკვეული გამსვლელი ქულა და მაინც დარჩნენ უნივერსიტეტების გარეთ?


-მართალი გითხრათ, ხდება იმის ტირაჟირება, რომ ამ აბიტურიენტებმა მიიღეს საშუალოზე მაღალი ქულები და მაინც გარეთ დარჩნენ, ეს ნამდვილად არ არის სწორი, იქ არის ძალიან ბევრი აბიტურიენტი, რომელმაც ბარიერი გადალახა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნუ დავხატავთ სურათს ისე, რომ აბიტურიენტების უმეტესობამ საშუალოზე მაღალი შეფასება მიიღო.
დავიწყოთ იქიდან, რომ ბარიერის გადალახვა არ არის გარანტია იმისა, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდება, თუ მას პირობითად მონიშნული აქვს ისეთი ფაკულტეტი, სადაც საკონკურსო ადგილების რაოდენობა არის 100 , განაცხადის რაოდენობა კი 200 და შესაძლოა მასზე  უკეთესი შედეგი აღმოაჩნდეს 100 ადამიანს, ბუნებრივია, ის ვერ მოხვდება ამ ფაკულტეტზე.
თავიდან, როცა დავიწყეთ ჩვენ ეროვნული გამოცდები 2005  წელს, ჩვენ თვითონ შემოვიღეთ მეორადი ჩარიცხვების წესი და აგიხსნით რატომაც, მაშინ შეზღუდული რაოდენობის ფაკულეტეტების მითითება შეეძლოთ აბიტურიენტებს, დავიწყეთ 5 არჩევანით, გავზარდეთ შვიდამდე, შემდეგ 10, 20 და ა.შ

როდესაც შეზღუდული რაოდენობის ფაკულტეტების მითითება შეუძლია აბიტურიენტს, ბუნებრივია, რომ შენ შესთავაზო დარჩენილი ვაკანტური ადგილი და რადგან არ ჰქონდა აბიტურიენტს შესაძლებლობა მეექვსე ფაკულტეტი მიეთითებინა და სურვილისამებრ ამ ვაკანტურ ადგილებზე მოხვედრა შეეძლო.
 
ეს იყო კანონმდებლობით გაწერილი და დებულებით გამყარებული პროცედურა.

-შემდეგ რატომ გაუქმდა მეორადი ჩარიცხვები, რა პრობელემებთან იყო დაკავშირებული მათი არსებობა?

 გაგიზიარებთ წინა წლების გამოცდილებას, ანუ როცა არსებობდა მეორადი ჩარიცხვა.

სადღაც 25 აგვისტოსთვის ვაცხადებდით შედეგებს, თუმცა რანჟირების დოკუმენტი დამტკიცებული არ იყო, არც  საგრანტო კონკურსის შედეგები იყო გამოცხადებული იმიტომ, რომ ვიწყებდით ე.წ მეორად ჩარიცხვებს, ვაცხადებდით რეგისტრაციას, შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე შეეძლოთ განაცხადის გაკეთება ისევ აბიტურიენტებს, შემდეგ მეორადი ჩარიცხვა და შემდეგ უკვე საბოლოო შედეგი და აი, მაშინ ვაქვეყნებდით რანჟირების დოკუმენტს, ანუ ჩარიცხულების სიას და საგრანტო კონკურსის შედეგებს, იმიტომ რომ იყო შემთხვევები და არც თუ ისე ცოტა, როდესაც მეორადი ჩარიცხვების დროს ირიცხებოდა აბიტურიენტი და გრანტსაც იღებდა, ნაწილობრივ დაფინანსებას მაინც.

 აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი გაჩერებული იყო და საბოლოოდ როცა მივიღებდით შედეგებს, მხოლოდ მაშინ ვაცხადებდით. ეს მოითხოვდა ძალიან დიდ დროს და უმაღლეს სასწავლებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა სექტემბერში დაეწყოთ სწავლა. ეს იყო გარკვეული უკმაყოფილების მიზეზი უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან. ყველას ჰქონდა სასწავლო პროცესი აწყობილი იმგავარად, რომ მათ სჭირდებოდათ სექტემბერში სწავლის დაწყება.

ჩვენი აზრით, აქედან გამოსავალი ვიპოვეთ, აღარ შევზღუდეთ აბიტურიენტები არჩევანში და მივეცით შეუზღუდავი რაოდენობის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

რაც ყველაზე მთავარია, არა 2 კვირის და ერთი თვის განმავლობაში, არამედ 6 თვის განმავლობაში,  თებერვლიდან დაწყებული აგვისტოს 12-ის ჩათვლით აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა რამდენჯერაც უნდოდათ იმდენჯერ შეეცვალათ თავისი არჩევანი და პრიორიტეტები. წინა წლებში ამ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ აბიტურიენტებს.

მაქსიმალურად გავაიოლეთ აბიტურიენტებისათვის რეგისტრაციის პერიოდი და ისევ ვიმეორებ, 12 აგვისტოსაც საღამოს 6 საათამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რამდენი ფაკულტეტიც სურდათ იმდენი დაემატებინათ.
 
აქედან გამომდინარე დაკარგა აზრი მეორადმა ჩარიცხვებმა, სასწავლებლებს დავპირდით, რომ მათ აგვისტოს ბოლოს უკვე ექნებოდათ რანჟირებული დოკუმენტი და ჩარიცხვის პროცესის დაწყებას უკვე შეძლებდნენ პირველი სექტემბრიდან და რა თქმა უნდა, წესიდან ამოვიღეთ მეორადი ჩარიცხვები. 

ახლა უკვე კანონმდებლობაში ასეა. ვაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს და რანჟირებულ დოკუმენტს. აგვისტოს ბოლოდან უნივერსიტეტები მიხედავენ საკუთარ საქმეს.

სამწუხაროდ, ისევ დადგა დღის წესრიგში მეორადი ჩარიცხვები. სწორედ დღეს გვქონდა შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან და აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო ყველა, როცა ჩემი მოსაზრება გავუზიარე ამასთან დაკავშირებით.

-რა პრობლემებთანაა დაკავშირებული დღეს მეორადი ჩარიცხვების დანიშვნა?


 არის აბიტურიენტების კატეგორია, რომლის მშობლებიც ამბობენ, რომ ქუჩაში დარჩნენ მათი შვილები იმიტომ, რომ საკმარისი რაოდენობის უნივერსიტეტი არ მიუთითეს თავის დროზე და ახლა სურთ მივცეთ  უფლება, რომ თავისუფალ ადგილებზე გააკეთონ განაცხადი, არის კატეგორია აბიტურიენტებისა, რომლებიც კი ჩაირიცხნენ, მაგრამ რეიტინგულ ჩამონათვალში მიუთითეს ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც გადასახადი ძალიან მაღალია და არანაირი შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს და ვერ აფორმებს ხელშეკრულებას, ან არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ეს სასწავლებელი არ არის იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს და გადასახლება არ შეუძლიათ. ასეთი სტუდენტების რაოდენობა შარშანდელი და შარშანწინდელი მონაცემებით არის 500.

ახლა ჩვენ თუ ვამბობთ და დანარჩენი აბიტურიენტებიც ამბობენ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, მაგრამ ითხოვენ გამონაკლისი დავუშვათ მათთვის, ასეთივე შეცდომა დაუშვა იმ აბიტურიენტმა და ისიც ძალიან ცოდოა, ისიც „ქუჩაშია დარჩენილი“ და თუ გამონაკლისს დავუშვებთ, მაშინ მათთვისაც უნდა დავუშვათ იგივე გამონაკლისი, რომ არ იყოს არათანაბარი მდგომარეობა.  სწორედ ამაზე იყო საუბარი დღეს შეხვედრაზე.

 მე არ ვიქნები ნამდვილად სამართლიანი თუ მხოლოდ ამ კატეგორიას მივცემ შესაძლებლობას. ამის გაკეთებას მოჰყვება გარკვეული პრობლემები.

უნდა გაუქმდეს დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტი, ოღონდ ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, დებულებაში უნდა შევიტანოთ ცვლილება და დავუშვათ მეორადი ჩარიცხვები გამონაკლისი სახით, უნდა დავიწყოთ პროცედურა თავიდან, სწავლა შეჩერდეს უმაღლეს სასწავლებლებში, თავიდან უნდა შეავსონ ანკეტა-კითხვარი უმაღლესმა სასწავლებლებმა. უნდა გამოაგზავნონ ჯერ აკრედიტაციის ცენტრში, სადაც ეს უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს, შემდეგ ოფიციალურად გამოეგზავნოს ცენტრს, ჩვენ ეს უნდა გამოვაქვეყნოთ, შემდეგ გამოვაცხადოთ უკვე რეგისტრაცია. ეს ნიშნავს, რომ გაუქმების შემთხვევაში არც ერთი სტუდენტი, ვინც ჩაირიცხა, სტუდენტი არ იქნება, თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი.

-არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ამ პროცედურული საფეხურის გვერდით ავლით, პრემიერის ერთი კონკრეტული ბრძანებით შეიძლებოდა ამის მოგვარება, ეს არ არის ალტერნატივა?


-თუ ერთი კონკრეტული ყოფილი მინისტრის შეხედულებას ვეყრდნობით, მაშინ პირდაპირ გეტყვთ, იმ ადამიანისთვის ნამდვილად არ არის პრობლემა ბრძანება გამოსცეს. ამას მე სერიოზულად ვერც აღვიქვამ.
  
თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და ორივე ჯგუფის აბიტურიენტებს ერთნაირად უნდა მოვექცეთ, მაშინ ეს არ არის ალტერნატივა.    წარმოვიდგინოთ, არის რანჟირების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ადამიანი ჩაირიცხა კონკრეტულ უნივერსიტეტში, რომელიც ჰქონდა მითითებული მეორე არჩევნად.ის ვერ იხდის თანხას და გვთხოვს გადავიყვანოთ მესამე არჩევანზე, თუ ჩვენ გადავიყვანთ მას, იმ უნივერსიტეტში დარჩება ვაკანტური ადგილი,  რაც არამხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ  არამედ სხვა აბიტურიენტსაც აზარალებს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ჰქონდა მითითებული პრიორიტეტად, მაგრამ ვერ მოხვდა. ახლა, როცა გათავისუფლდა ადგილი, ეს აბიტურიენტი მთხოვს გადმოვიყვანო გათავისუფლებულ ადგილას, ეს რომ აქეთ გადმოვსვა, მისი ადგილი მითითებული აქვს ვიღაც სხვას და ის სხვა კიდევ უნდა გადმოვსვა და ა.შ ჯაჭვური რეაქციაა, ანუ სულ თავიდან უნდა გაკეთდეს პროცესი. 

გამოსავალი თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, დემაგოგიაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი პრაქტიკულადაც და თეორიულადაც.

 -ანუ ეს არ არის ისეთი მარტივი პროცესი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს...

-რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ, რომ ამას სამართლებრივი საფუძველიც სჭირდება და დანარჩენი ყველაფერი, ვინც ამბობს, რომ ამას ერთი ბრძანება სჭირდება არ არის სწორი.
კანონით უმაღლეს სასწავლებელში რანჟირებული დოკუმენტის საფუძველზე ირიცხება აბიტურიენტი და ამ კანონში ცვლილების შეტანის ინიცატორი უნდა იყოს ცენტრი.  ჩვენ უნდა მივმართოთ ცვლილებისთვის განათლების სამინისტროს, რომელიც შემდეგ ამას დაადასტურებს, მაგრამ ინიციატივა, რომ რამე ცვლილება განხორციელდეს უნდა წამოვიდეს აუცილებლად ცენტრისგან.

-დღევანდელ შეხვედრაზე რა იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც უმაღლესი სასწავლებელების რექტორებმა უარი თქვეს  მეორადი ჩარიცხვების დაშვებაზე? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მათთვის ხელსაყრელია ეს ჩარიცხვები, მათ ვაკანტური ადგილები დარჩათ...

 -არა, ასე არ არის,ისინი საკმაოდ ხისტები იყვნენ და ამბობდნენ, რომ არსებობს წესი, არსებობს კანონი და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ის, ამხელა ვადა იყო და მათ უნდა გაეთვალისწინებინათ ყველა დეტალი. ისე ჩანს, თითქოს ამ ახალგაზრდებისათვის ამით სრულდება ყველაფერი, მათ მომავალი და მთელი ცხოვრება წინ აქვთ, თუმცა ეს მეორე საკითხია.
  
მე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს სტატისტიკაც კი მივაწოდე. შარშან ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა იყო ორასზე ოდნავ მეტი, ჩვენ შარშანაც ვეწინააღმდეგებოდით ამ ჩარიცხვებს, სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ უსამართლოდ არ მოვქცეოდით სხვა აბიტურიენტებს, რომლებიც ასევე „გარეთ დარჩნენ“. თუმცა  მივეცით ამ 200 სტუდენტს ჩარიცხვის შესაძლებლობა და რამდენი ჩაირიცხა აქედან? – 75.
რამდენმა გააფორმა ხელშეკრულება უმაღლეს სასწავლებელთან? ოცამდე მათგანმა.

ანუ ეს 20-მდე მეორადი ჩარიცხვებით ჩარიცხული გადაანაწილეთ უმაღლეს სასწავლებლებზე, ან მოუვა საერთოდ ერთი ასეთი აბიტურიენტი თითოეულს, ან არა, მგონი ამისთვის ღირს კანონისა და წესის დარღვევა.

-მიუხედავად ყველაფრისა, ეს პრობლემა ყოველ წელს ჩნდება, ხომ არ არის ამის მიზეზი დაინტერესებული ადამიანების არასაკმაირისად ინფორმირებულობა ?

-გარდა იმისა, რომ მესამე წელია ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება, როცა შენთვის მნიშვნელოვანი წელი იწყება, აბიტურიენტი ხარ და უნდა ჩააბარო, როგორ შეიძლება არ მოიპოვო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

21-ე საუკუნეში, ალბათ დამეთანხმებით, ყველაზე კარგი საშუალება ინფორმაციის გასავრცელებლად არის ინტერნეტი, მითუმეტეს ამ თაობისათვის,  პლიუს რეგისტრაციას ელექტრონულად გავდივართ  და ყველა შემთხვევაში უნდა ვეწვიოთ ვებ-გვერდს, როცა ვეწვევით საიტს იქ წერია „აბიტურიენტთა საყურადღებოდ“ და უნდა წავიკითხოთ.

რეგისტრაციის დაწყებამდე გაცილებით ადრე განთავსებულია ცნობარი ვებ-გვერდზე და იქ ყველაფერი დეტალურად წერია, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, მე თვითონვე ყოველ კვირას მაქვს მიღების დღე და ყველა მსურველს, მშობელსა თუ აბიტურიენტს ვიღებ და ვპასუხობ შეკითხვებზე, პერმანენტულად ვცდილობ გავაშუქოთ ყველაფერი და უმცირეს დეტალსაც კი ვათავსებთ საიტსა და სოციალურ ქსელში.

8 აგვისტოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თხოვნით, სპეციალური ბრიფინგიც კი მოვაწყვე და გავაკეთე განცხადება, რომ არ იქნება მეორადი ჩარიცხვები და აბიტურიენტებს გაეთვალისწინებინათ და მიემატებინათ კიდევ სასურველი ფაკულტეტები ჩამონათვალისათვის. მე უკვე მართალი გითხრათ, არ ვიცი სხვანაირად როგორ მოვახერხო ადამიანების ინფორმირება.

-რას ურჩევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც მიუხედავად ამდენი „ბრძოლისა“ მაინც გარეთ დარჩნენ?

-მე ორჯერ შევხვდი ამ აბიტურიენტბის სხვადასხვა ჯგუფებს, გუშინაც იყვნენ ჩემთან ასეთი აბიტურიენტები და კარგა ხანს ვისაუბრეთ. მე მათთვის ყველასთვის მინდოდა ერთი რამე ამეხსნა, ხომ შეიძლება გავაცნობიეროთ რისთვის ვიბრძვით?

თავი დავანებოთ იმას, რომ ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის რისკის ფასად აპროტესტებენ რაღაცას, უფრო წარმოუდგენელია ის, რომ ჩემი თანდასწრებით მშობელი ეუბნება საკუთარ შვილს „წამოდი, გააგრძელე შიმშილობა“ ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მე მესმის მათი გულდაწყვეტა, მაგრამ როცა ვუხსნი რომ დავუშვათ, და თქვენთვის დავუშვი ეს გამონაკლისი, მარტამდე ვერ გახდები სტუდენტი, ამ სემესტრში ვერ მოესწრება.

 ასევე გადასახდელი გაქვს მთელი წლის ფული, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოჯახს არ აქვს საშუალება და ა.შ ეს თანხა მაინც იქნება გადასახდელი და უნდა გაითვალისწინონ, ვერც საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას და ვერც სოციალურ პროგრამაში მოხვდებიან. ისინი ასევე ვერ გადავლენ სხვა უნივერსიტეტში იმავე წელს, იმიტომ, რომ 2 თვის განმავლობაში თეორიულადაც შეუძლებელია კრედიტების იმ რაოდენობის დაგროვება, რაც ერთი წლისთვის არის განსაზღვრული და აქედან გამომდინარე ერთი წელი ისედაც იკარგება.
 
ანუ ვიბრძვით რისი გულისთვის? გაუგებარი სტატუსისთვის, როცა თან ხარ სტუდენტი და თან არა, ვერ სარგებლობ იმ უფლებებით, რითაც დანარჩენი სტუდენტები სარგებლობენ,თან უფრო მეტი კრედიტი გაქვს დასაგროვებელი მოკლე დროში, როცა მარტში ისედაც დაიწყება შემდგომი გამოცდების მოსამზადებელი პროცესი და 2-3 თვეში ეროვნულებიც.
  
გასაგებია, რომ გამოცდების ხელახლა ჩაბარება სტრესია და ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ, ისინი ამის მერე იქნებიან სრულფასოვანი სტუდენტები. არსებობს უნივერსიტეტის ალტერნატივებიც, რა თქმა უნდა.

 მე გული შემტკივა  იმ აბიტურიენტებზე, ვინც ამ კატეგორიაში მოხვდა, მაგრამ მინდოდა ამესხსნა, რომ ეს არ არის ის თემა რაზეც ასეთი განცდები უნდა ჰქონდეთ და გამოაცხადონ შიმშილობა.

 -რაც შეეხება გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს, იგეგმება სამომავლოდ რამე რეფორმა გამოცდების კუთხით?


-მე იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა აღარ განმეორდება, ყველა მოეგება გონს და მომავალზე აეწყობა, მე არ დავზარდები მათ, რომ კონსულტაცია გავუწიო, რეგისტრაციის თუ სხვა დროს დიდი სიამოვნებით დავუდგები მხარში, ოღონდ უნდა ვიყოთ ადეკვატურები.
  
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე ჯერ შევიკავებდი კომენტარისგან თავს, მაგრამ ეს ნამდვილად მაქვს გაცნობიერებული, რომ თუ რამე შეიცველება და ეს ეხება ჯერ-ჯერობით მხოლოდ გამოცდების  ადმინისტრირების მხარეს, ყველაფერი შეიცვლება აბიტურიენტების სასარგებლოდ და სექტემბერში ვისაუბრებ ამაზე.

0

ავტორი: