14:10:13     04-09-2015
“თურქეთის ქართველი მარგალიტი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ბაიარ შაჰინთან
ის ქართველმა მსმენელმა მრავალი წლის წინ გაიცნო და ძალიან მალე შეიყვარა
თავისი ტკბილი, ქართული სიმღერებისა და ისტორიული სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის
გამო.
ბაიარ შაჰინი დღეს კვლავ ეძებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს და
ცდილობს, ყველამ გაიგოს მათ შესახებ, ამისთვის მართავს კონცერტებს ორ ქვეყანაში -
საქართველოსა და თურქეთში და ორივეგან მსმენელის გულებს ერთნაირად აღელვებს.
“თურქეთის ქართველ მარგალიტად" ცნობილი მომღერალი, ბაიერ შაჰინი (გუნდარიძე) ბათუმშია. ჩვენმა ზარმა გაახარა, გვითხრა, რომ უკვე
ერთი თვეა ბათუმშია და 22 აგვისტოს, პიაცაზე, „შინთან“ ერთად კონცერტიც გამართა.
“ბათუმელმა მსმენელმა ძალიან კარგად და დიდი
სიყვარულით მიმიღო. როგორც ყოველთვის, აპლოდისმენტებით, დიდი ტაშით გამაცილეს.
ძალიან კარგი მაყურებელია და ჩვენც ძალიან გვიხაროდა, რომ მაყურებელი კმაყოფილი
იყო.“-გვითხრა ბაიარმა.
ბაიარი ბათუმში ხშირადაა, კონცერტების გარდა საკუთარი საქმეც აქვს, ტურისტულ სააგენტოს მართავს პარტნიორთან ერთად და თურქეთიდან ტურისტები საქართველოში ჩამოჰყავს, ქართველებს კი თურქეთის ისტორიულ ადგილებს აჩვენებს, ბათუმში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
“მე ბათუმში სტუმარი აღარ ვარ, უკვე შინაური
ვარ, აქ ხშირად ჩამოვდივარ.“
ბაიარს რამდენიმე ახალი სიმღერაც აქვს, მათ მოსმენას ოდნავ მოგვიანებით შევძლებთ.
ბაიარის კონცერტები წარმოუდგენელია სამი უმშვენიერესი და მამასავით ტკბილხმიანი
გოგონას გარეშე.
„რამდენიმე კონცერტი მქონდა ართვინშიც, რა თქმა უნდა, გოგონებიც
მახლდნენ, ერთად გამოვედით, ახლა ცოტას ვისვენებ“
საქართველოში ყოფნას კიდევ რამდენიმე დღე აპირებს,
თუმცა კონცერტი დაგეგმილი არ არის, როგორც ბაიარმა გვითხრა-„ვერ მოესწრება“, თუმცა
თვის ბოლოს ისევ გეგმავს მეგობრებთან ჩამოსვლას. საქართველო ბოლომდე უნდა ნახოს.
ახლაც იხსენებს იმ ემოციას 1994 წელს თვითმფრინავში მჯდომმა პირველად რომ მოისმინა
ქართული მრავალჟამიერი. მაშინ ისტორიულ სამშობლოში პირველად იყო, ის აღფრთოვანება
და ინტერესი არ განელებია.
-ბატონო ბაიარ, თურქეთში თუ ინტერესდებიან
ახალგაზრდები ქართული სიმღერით, არამხოლოდ ქართველი, თურქი ახალგაზრდებიც?
- ადრე ამის ინტერესი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა, თურქი მომღერლების
ალბომებში ქართული სიმღერები გაჩნდა. მაგალითად, მეგრული სიმღერები, ასევე სხვა
ხალხური სიმღერებიც. ეს ძალიან გასახარია.
რასაკვირველია, მსოფლიოშიც არის ხალხური, ეთნიკური ფოლკლორის ინტერესი
და ეს ძალიან კარგია.
- რას ეტყვით ქართველ მსმენელს?
როგორც ყოველთვის, ვიტყვი რომ ქართული ფოლკლორი უნდა შემოვინახოთ, განვავითაროთ, გავაცნოთ
მსოფლიოს. არ უნდა დავაკლოთ მას მხარდაჭერა და ინტერესი...
0