10:42:31     24-03-2011
მარიანა ფეიტფულის ფრანგული ჯილდო
მომღერალ მარიანა ფეიტფულს საფრანგეთის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენი გადაეცა. “ბიბისი ნიუსის” ინფორმაციით, 64 წლის ხელოვანმა ჯილდო საფრანგეთის კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრის, ფრედერიკ მიტერანისგან მიიღო.
“მე პარიზში 1964 წლიდან დავდივარ, და მთელი ეს დრო აქ ყველა ჩემდამი ყოველთვის ძალიან თბილად იყო განწყობილი,” – აღნიშნა ფეიტფულმა, ორდენის გადაცემისას. სწორედ 1964 წელს გამოვიდა მარიანას პირველი ჰიტი – სიმღერა “Tears Go By.” კომპოზიცია “როლინგ სთოუნზისათვის” დაიწერა, თუმცა ჯგუფმა თავისი ვერსია 1965 წელს გამოუშვა.
დღეისათვის, ფეიტფულის შემოქმედება 19 სოლო ალბომს მოიცავს. მათგან უკანანასკნელი, “Horses and High Heels” 2011 წლის იანვარში გამოვიდა. სხვადასხვა წლებში, მომღერალი თანამშრომლობდა დევიდ ბოუისთან, როჯერ უოტერსთან და სხვა შემსრულებლებსა თუ ჯგუფებთან. ფეიტფული რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.
ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენი ერთერთი მთავარი ფრანგული ჯილდოა, კულტურის დარგში და ის ყოველწლიურად ხელოვნების სხვადასხვა ცნობილ მოღვაწეებს გადაეცემა. 0