17:02:51     14-08-2015
დაპირისპირება ხიდაშელსა და წულუკიანს შორის - ვინ მოიგებს ივანიშვილის გულს?
ე.წ. კაბელების საქმის გამო, იუსტიციის მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება.
მას შემდეგ, რაც ჯერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ბრალდებული, მრავალთვიანი პატიმრობის შემდეგ კი, სასამართლოს მიერ გირაოთი გათავისუფლებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა, წულუკიანმა მინისტრის კრიტიკა ღიად დაიწყო.
მანამდე, პირადად ბიძინა ივანიშვილი და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ამტკიცებდა რომ ალასანიას მინისტროს დროს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვაში მონაწილეობდნენ.
ამ სკანდალს, საბოლოო ჯამში, ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაც მოჰყვა, ხოლო დაკავებული მაღალჩინოსნები ციხეში ჩაყარეს.
წულუკიანი და ხელისუფლების მაღალი პირები კი, ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს დამნაშავეებად მოიხსენიებდნენ, რასაც „ანალიზში შესული“ ივანიშვილიც უკრავდა კვერს.
თუმცა, როდესაც სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ბრალდებული მაღალჩინოსნები გირაოთი გაათავისუფლა, ხიდაშელმა ისინი კვლავ უწყებაში დააბრუნა, რასაც წულუკიანისა და მისი სახით, შესაძლოა, ივანიშვილის გულისწყრომაც მოჰყვა.
„როდესაც ჩემი თანამშრომელი ბრალდებულია, მირჩევნია განაჩენს შინ დაელოდოს“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც თავდაცვიდან მყისიერად გამოეხმაურნენ და კანონმდებლობაში ჩახედვა ურჩიეს.
„ჩავიხედოთ კანონში, მე შევასრულე კანონის მოთხოვნა“, - უპასუხა მას ხიდაშელმა, რითაც ორაზროვნად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წულუკიანის, როგორც იურისტის არაკვალიფიციურობას.
როგორც ჩანს, უცნაურმა მინისტრმა, ხიდაშელის მითითების შემდეგ მართლაც ჩაიხედა კანონმდებლობაში და ახლა უკვე „შეცვლილი პლასტინკით“ სცადა სიტუაციის განეიტრალება, თუმცა, უკან დახევა კი გამოუვიდა...
„თუ თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც თითქოს, შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, მისი ფიქრები ძალიან შორს წასულა. მე მაქვს ორი გზა, ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვიწუნებ, არც ვიწონებ - ეს არ არის ჩემი საქმე.
ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ივანიშვილის მიერ დამნაშავეებად შერაცხული მაღალჩინოსნების თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებაზე, ჯერჯერობით „ანალიზი არ გაუკეთებია“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
მილიარდელი ავისმომასწავებლად სდუმს. არადა, სავარაუდოდ, მისი „ანალიზის“ იმედი აქვს ხიდაშელთან პოლემიკაში წაგებულ წულუკიანსაც, რომელმაც ოღონდ „მისთვის“ ენუგეშებინა და, ინტერპოლიც კი დაადანაშაულა ქართველი სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლაში, როცა ამ უკანასკნელმა არ გაითვალისწინა ხელისუფლების ხუშტური სააკაშვილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.
0