11:07:00     13-08-2015
რა გახდა ჩვილის გარდაცვალების მიზეზი? - ბავშვის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

თბილისის პირველ სამშობიაროში, ჩვილის დაღუპვაში, კოკოლაშვილები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.
ოჯახის წევრების თქმით, მშობიარე მათ კლინიკაში რამდენჯერმე მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა უკან გამოაბრუნეს.
სამშობიაროს დირექტორი ექიმების დანაშაულს გამორიცხავს. ჩვილის დაღუპვის მიზეზს ექპერტიზა დაადგენს.
"წამებში შეაჩერა ბავშვმა სუნთქვა. ან აგონ ექიმებმა პასუხი ან არ ვიცი, რას ვიზამ. მე მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი, ნახეთ ქვითრები", - აცხადებს პაციენტის დედა მაია ჯოხაძე.
პირველი სამშობიაროს გენერალური დირექტორი ზაზა ავალიანი კი ექიმების უყურადღებობას გამორიცხავს.
"ექიმების უყურადღებობა გამორიცხულია. სანაყოფე სითხე დაიღვარა ჩემს თვალწინ, ამის შემდეგ დაფიქსირებული იქნა ნაყოფის გულისცემის არაარსებობა. კვლევა გადაგზავნილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში, უკვე ეცნობა საგანგებო სიტუაციების შტაბს პათანატომიური კვლევის შედეგები და სიკვდილის მიზეზი დადგინდება შესაბამისი ორგანოების მიერ", - განაცხადა პირველი სამშობიაროს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა.
სამშობიარო სახლთან თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე. ჩვილის დაღუპვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
საქმის კურსშია ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.
0