21:43:36     11-08-2015
"ერთი ხელით თმაში მქაჩავდა, მეორე ხელი მაისურის ქვეშ შემიყო და ძუძუებზე მისვამდა"
"დღეს ხუთშაბათია, მათემატიკაზე მივდივარ გაკვეთილების მერე. უფრო სწორად სკოლაში ვიცდი ერთი საათი და მერე მივდივარ მათემატიკაზე. მეზიზღება, მაგრამ მამაჩემმა მითხრა ახლა თუ მასწავლებელთან არ გატარებ, მერე ვერაფრით გიშველი როცა გაიზრდებიო. აზროვნება უნდა ისწავლოო, ზუსტად ასე მითხრა. “აზ-როვ-ნე-ბა, ანა”. წილადები და ათწილადები აზროვნება თუ არის არ ვიცი, მე მაინც ვერაფერს ვერ ვიგებ.
ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დიდი ბიჭია. ლექტორიც არის მე მგონი, გიორგი ქვია, სულ მოსწავლეები ჰყავს, მე დავდივარ ორშაბათობით და ხუთშაბათობით, რომ შევდივარ ვიღაც ბავშვები გამოდიან ხოლმე და ჩემი წასვლის დროს კიდევ სხვები მოდიან. ამდენი მოსწავლე ჰყავს. როგორ არ იღლება? მე ძალიან ვიღლები. უკვე ორი კვირაა მიხსნის წილადი ათწილადად როგორ გადავაქციო და პირიქით, მაგრამ მაინც მეშლება. გიორგის ძალიან ლამაზი თეთრი კბილები აქვს. და ლამაზი ხელები. მშვიდად მიხსნის ხოლმე რასაც ვერ ვიგებ. არასდროს არ მეჩხუბება დავალება თუ არ მიწერია. დავალების წერა ძაან მეზარება და რა ვქნა?
თავიდან მარტო სიარული მეზარებოდა და მეკოს ვუთხარი ერთად ვიაროთ თქო, მაგრამ დედამისს უთქვამს მეკო კარგად სწავლობს მათემატიკას და მომზადება არ სჭირდებაო. არადა ფული არ აქვთ მასწავლებლის. ალბათ მეკომ მოიგონა ეს პასუხი, მომზადება როგორ არ სჭირდება, მაგანაც არ იცის მათემატიკა.
ოთხშაბათობით ჩემს კლასში ვიცდი ერთი საათი, ბებიაჩემი მეუბნება მოდი სახლში ჭამე და ნაჭამი წადი მათემატიკაზეო, მაგრამ მეზარება ამდენი ბოდიალი. თან სკოლიდან უფრო ახლოს არის გიორგი მასწავლებელი. დღესაც დავრჩი, ჯერ ფეისბუქს ვსქროლავდი ცოტა ხანი, მერე თეას ვეჭორავე მესიჯებით. ნახევარი რომ გახდა ვიფიქრე თმებს დავივარცხნი მეთქი ლამაზად, ჩემი პატარა სარკე მაქვს. სულ ჩანთაში მიდევს. ამოვიღე და დავიდე წინ, და ვფიქრობ თმა შეკრული უფრო მიხდება თუ გაშლილი?
კლასში კასრაძე და ბერულავა შემოვიდნენ, გამიკვირდა, გაკვეთილების მერე რაღა უნდათ სკოლაში, გაკვეთილებზეც კი არ დადიან წესიერად. ბერულავა უფრო იშვიათად დადის, მასწავლებლებიც სულ ლანძღავენ, არაფერს არ სწავლობს, კლასში თუ შემოდის იშვიათად, უკან ზის და ბიჭებთან ერთად ხმაურობს და ხელს უშლის ხოლმე, მერე ზოგჯერ აგდებენ გაკვეთილიდან, მშობელსაც იბარებენ მაგრამ არასდროს არ მინახავს მაგის მშობელი სკოლაში, ეტყობა არ ეუბნება. კლასში ვიღაცები ამბობენ, ბერულავა ჩვენზე ორი წლით დიდია, ორჯერ ჩარჩა კლასშიო ოროსნობის გამო, არ ვიცი მართალია თუ არა. ძირითადად სკოლის უკან დგას ხოლმე ვიღაც ბიჭებთან ერთად, მზესუმზირას იფურთხება და სიგარეტს ეწევა.
— ვაა ანანოო, იპრანჭები?
— აქ რა გინდათ?
— შენ გაბაროთ ეხლა აჩოტები გოგო? საქმე გვაქვს და ვდვიჟენიობთ რაა, — თქვა კასრაძემ.
კასრაძე ძაან სასაცილო ბიჭია, ყველამ იცის რომ სინამდვილეში მაგარი მშიშარაა, მეხუთე კლასში სათამაშო გველით ვაშინებდით და მაგიდაზე შემდგარი კიოდა ხოლმე გოგოსავით. მაგრამ რაც ბერულავასთან დაიწყო ძმაკაცობა ძალით იბოხებს ხოლმე ხმას და ვითომ მაგარი როჟაა. ბერულავასთან ერთად თუ არის საშინლად იქცევა, ხან საწყალ მეექვსეკლასელებს წამოარტყამს ხოლმე თავში, ხან ვიღაცებს საქმეს ურჩევს. ერთხელ ბერულავა ერთი თვე არ გამოჩენილა, მოსკოვში იყო წასული ბიძამისთან თუ ვიღაცასთან, ჰოდა კასრაძე ისე ჭკვიანად იქცეოდა, მთელი თვე გოგოებთან იჯდა და სულ გვაცინებდა და გვართობდა. ვაბშე არ უჩხუბია არავისთან. მერე ჩამოვიდა ბერულავა და კასრაძემაც დაიწყო ისევ ეს უზრდელობები. პატარებს აჩმორებს და გაკვეთილებსაც ხშირად აცდენს. მაგანაც დაიწყო მე მგონი სიგარეტის მოწევა, და ეგეც ბერულავასთან და ვიღაც ბიჭებთან ერთად დგას ხოლმე სკოლის უკან, მარა საკონტროლოებზე მაინც მოდის ხოლმე, ხან ვის ეხვეწება გადამაწერინეო ხან ვის.
— ვის ეპრანჭები ანანო? — მომიახლოვდა ბერულავა
— არავის არ ვეპრანჭები.
— გინდა რაღაც გაჩვენო?
— რა?
— ადექი აბა ერთწამს და ფანჯარასთან წამო, რაღაცა უნდა გაჩვენო.
— რა ხდება?, — ავდექი და ფანჯარასთან მივედი, ალბათ ეზოში რამე ხდება.
უცებ ბერულავამ ხელში ამიყვანა, რაფაზე დამსვა და ფეხები ფანჯრიდან გადამაყოფინა, “გინდა გადაგაგდო?” გული გამისკდა, უცბად კანკალი დავიწყე, ძაან შემეშინდა, ქვემოთ არავინ არ იყო, ბერულავას წელზე ეკიდა ხელები და ეგრე ვეჭირე, “გამიშვი ახლავე! გამიშვი!” ვიკივლე მე და ფართხალი დავიწყე, “დამსვი!” ვკიოდი და ბერულავა იცინოდა. ჩემზე დიდია და მაღალი, გაშვების მაგივრად პირიქით, ხელი ცოტა მიჯიკა და კიდე უფრო გარეთ გამწია, შიშიგან ენა ჩამივარდა ვეღარც ვკიოდი უკვე, თითქმის გადაკიდებული ვყავდი ფანჯრიდან მთელი ტანით. “მეშინია დამსვი” ძლივს დავიჩურჩულე გულგახეთქილმა.
— კაი შეეშინდა, ცოდოა, — უთხრა კასრაძემ ბერულავას. ახლოს არ მოსულა, ისე უთხრა, შორიდან.
— ჩაიჯვი ბიჭო შენ. ჰა შეგეშინდა გოგო? კაი გეღადავები რა იყო, მართლა ხო არ გადაგაგდებდი. — ჩამომსვა ბერულავამ.
მე პირდაპირ იატაკზე დავჯექი, სულ ერთიანად ვცახცახებდი და ვკანკალებდი, შიშისგან და სიბრაზისგან, თავი დავხარე და ეგრევე ტირილი დავიწყე. თან მრცხვენოდა და თან მეტირებოდა. ამ დროს კასრაძემ სკამი აიღო და კარის სახელურში გაუყარა, ჩაკეტა, გარედან რომ ვერავის გაეღო. მე ამის დანახვაზე უფრო შემეშინდა და ხმამაღლა ავღრიალდი, თან ვბრაზდებოდი რომ მეტირებოდა.
— აუ კაი ანანო რა დაგემართა, გეხუმრეთ გოგო, — ბერულავა მოვიდა ჩემთან ახლოს იატაკზე ჩაიცუცქა და ჩამეხუტა, — კაი დამშვიდდი, რა გატირებს, პროსტა გეკაიფეთ, ნუ ტირიხარ.
მეუბნებოდა და თან მეხუტებოდა, ჯერ ვერ მივხვდი, მეგონა შემთხვევით მოუხვდა, და მერე უცბად შევამჩნიე, ხელებს ძუძუებზე მისვამდა და თან კისერთან მკოცნიდა, ძალიან შემეშინდა და შემრცხვა, გაოგნებულმა კივილი დავიწყე “გაეთრიეეე!” ვყვიროდი და არ მიშვებდა, მე ხელების ქნევა დავიწყე, ხელებს და ფეხებს ვურტყამდი, ბერულავამ წამაქცია და ზემოდან დამაწვა, ცდილობდა ტუჩებში ეკოცნა, სველი ტუჩები ჰქონდა სიგარეტის სუნიანი, ერთი ხელით თმაში მქაჩავდა, მეორე ხელი მაისურის ქვეშ შემიყო და ძუძუებზე მისვამდა, “გაუშვი ბიჭო შარია, ვინმეს ეტყვის!” გავიგონე კასრაძის ხმა, რომელიც იქვე იდგა და გვიყურებდა. “აბა რა გგონია ამხელა ძუძუები რომ გაგიზრდია?” მე გაოგნებული ვკიოდი და ვცდილობდი მომეშორებინა, ხელებს ვურტყამდი და ფრჩხილებით ვპორჭყნიდი, ხელზე ვუკბინე, ბერულავა იცინოდა “რა გაკივლებს გოგო, დავიჯერო არ მოგწონს მოფერება?” სულ ერთიანად ვცახცახებდი, ფეხებს და ხელებს ვიქნევდი, ბერულავას ოფლის სუნი ჰქონდა, ფუ ბინძური! ვუკიოდი “გაეთრიეე!” ბერულავა თან ჩემი შარვლის გახსნას ცდილობდა, და თან სიცილით მელაპარაკებოდა “შენზე ამბობენ ჭორიკანა ანანომ ყველაფერი მშვენივრად იცისო და რა გაკივლებს პატიოსანი გოგოსავით?” მე მეშინოდა, გაბრაზებული ვტიროდი და ვყვიროდი “გაეთრიე! მამაჩემი მოგკლავს იცოდე!”
მამაჩემი რომ ვახსენე ბერულავა უცბად გაშეშდა, გაჩერდა და ხელი გამიშვა, წამოვხტი და ცოტა შორს, კედელთან დავდექი, თმა აწეწილი მქონდა, ამდენ ჭიდაობაში მაისური გამხევია, მუხლი გადატყავებული მქონდა და სისხლი მომდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, აღარ მეტირებოდა უკვე. მინდოდა რომ მომეკლა ორივე. დამეხრჩო ჩემი ხელით. ბერულავა მიყურებდა ბოროტულად, კასრაძე შეშინებული იყო ხან მე მიყურებდა ხან იმას. ბერულავამ დანა ამოიღო, გახსნა და მომიახლოვდა, ადგილზე გავშეშდი, ძაან ახლოს მოვიდა ჩემთან, სახე ახლოს მოწია ჩემს სახესთან, ყარდა ოფლის და სიგარეტის სუნით, დანის წვერი მომადო ლოყაზე “ერთ სიტყვას იტყვი ვინმესთან და იცოდე სახეს დაგისერავ” მითხრა ძაან ხმადაბლა, მერე კასრაძეს უთხრა წავედითო, კარი გააღეს და გავარდნენ.
მე გაოგნებული ვიდექი. გაბრაზებული ვსუნთქავდი. გული ძაან მიცემდა. გაშეშებული ვიყავი. დამპალი ბერულავა! დამპალი კასრაძე! ნახე რა ვუქნა ორივეს! მამას მოვუყვები და ნახავენ რაც მოუვათ! დამპლები! საზიზღრები! იდიოტები! მეზიზღებიან! მამას ვეტყვი რა მოხდა, ყველაფერს მოვუყვები, მათემატიკაზე მივდიოდი და მანამდე კლასში ვიყავი მარტო და შემოვარდნენ და.. ნაგვები! ნახავენ რაც მოუვათ! მოკლავს მამა ორივეს! იდიოტები! გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა. რატომ მოხდა. ხო მითხრა ბებიაჩემმა სახლში მოდი გაკვეთილების მერეო. უნდა წავსულიყავი. რატომ დავრჩი კლასში მარტო. დებილი ვარ. ჩემი ბრალია. იქვე იატაკზე დავჯექი და ტირილი დავიწყე".
მომზადებულია klasi.ge-ს მიხედვით (კლასი ახალი ონლაინ ექსპერიმენტია. ეს არის პროზაული სერიალი სკოლის მოსწავლეების შესახებ. პროექტი ცდილობს აღწეროს “ბავშვების” რეალური ყოველდღიურობა)
0