12:16:33     10-08-2015
„მუხის კუბოზე ამოვკაწრე ჩემი პირველი ლექსი“ - ინტერვიუ თორნიკე ხურციძესთან
თორნიკე ხურციძე თანამედროვე , ახალგაზრდა პოეტია. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის , თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის , აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი - მომავალი ირანისტია. თორნიკეს შემოქმედება საკმაოდ სპეციფიკური , გამორჩეული და საინტერესოა.
- თქვენ შესახებ გვიამბეთ, ვინაა თორნიკე ხურციძე?
- როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, თორნიკე ხურციძე რთული ვინმეა. პირველ რიგში , ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა რომ იყოს - რომანტიკოსია, მეოცნებე, რეალისტი, მშვიდობაა და ბრძოლა გამუდმებული, თავხედია, ხშირად უხეში, იდეალისტია, მაგრამ არ ცდილობს იდეალური პიროვნების ხატის შექმნას, თავნებაა და დაუმორჩილებელი, მონაა, თავისუფლების მოყვარული, ტკბილი სიტყვაა და სილის გაწნა, პარადოქსებით აღსავსეა და უმშვიდესი, მორალისტია თავისი საშინელი ბუნებით.
ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, თმები დაბალზე, წვერი დაბალზე, კარგად ჩაცმული, უამრავი, სხვადასხვა, ლამაზი და გასაოცარი შთაბეჭდილებებით აღსესავსე, სულ რაღაც 23 წლის, ქუთაისელი, საფიჩხიელი, მაგისტრანტია თსუ-ში - ირანისტიკაზე სწავლობს.აპოლიტიკურია, აგრესიული შიგადაშიგ, უყვარს თეოლოგია, მხატვრული ლიტერატურა, მუსიკა, მაშასადამე კითხვა, ფრიგიდულია მსოფლიო მნიშნველობის საკითხების მიმართ, ტერორიზმი და გენდერული თანასწორობა, არარელიგიური ადამიანია, ცდილობს საკუთარი სისტემა შექმნას, თუნდაც შესაქმის, არც ისე რთულად უჩანს ეს საქმე, განუსაზღვრელია, თავმდაბალია, გაწონასწორებული და სულსწრაფი. მოკლედ, ჭეშმარიტი რასტამანია.
- როდის და რა მიზეზით დაწერეთ პირველი ლექსი?
- და როგორ განვსაზღვროთ რომელია პირველი ლექსი?! განა, თქვენ, ყოველი ახალი ტექსტის წინაშე ახალი პიროვნება არა ხართ?!საინტერესო რამეა, ჩვენი მეზობლის ეზოში ლამაზი მუხა იდგა, ტოტებგაშლილი, მშვენიერი რამ, ჩრდილიც კარგი ჰქონდა და ჩვენი უბნის ღორებიც ყოველთვის მაძღრები ჰყავდა.ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, უცხო, თუმცა ლამაზი გოგონა დაიღუპა ავტოკატასტროფაში, არც ისე შორეულ წარსულში, არც ისე შორს სახლიდან, რომლის გაჭირვებულ ოჯახს არ ჰქონდა სარჩო და კუბოს შესაკრავად მუხის მოჭრა გადაწყვიტა, წარმატებით კი შეასრულა ეს განზრახვა.
ყოველ დილით, მისი წყეული მამა, გამოდიოდა აივანზე და მოლასავით გაჰკიოდა სამგლოვიარო მარსიას, კლასიკური ნიმუში იყო, ნუ ჩამთვლით არაჰუმანურად, მესმოდა მისი ტკივილი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გახლდათ.ბევრი რომ არ მივედ - მოვედო, ერთხელაც, შუადღე რომ გადავიდა, მეც მომიწია სამძიმარზე მისვლა, ალისფერი ყვავილებით ხელში, არავინ დამხვდა, ამით ვისარგებლე და მიცვალებულს გადავხადე თეთრი სუდარა, ნამდვილი მზეთუნახავი გახლდათ.იმ მუხის კუბოზე ამოვკაწრე ჩემი პირველი ლექსი...
- ვინ იყო თქვენი პირველი მკითხველი?
- მეგობრები, ჩემი ნუგეში და მომავლის იმედი, ჩემი პირველი მკითხველები იყვნენ, კლასელები, რომლებიც ტიროდნენ ჩემს ნაწარმოებებზე, არადა ჩემთვის სრულიად ბუნებრივ ტექსტებს ვწერდი, თუმცა ამ წერას, ნამდვილად არ ერქვა ეს სახელი, დღეს ეჭვიც კი მეპარება ამ ცნებაში შემიძლია თუ არა ვიგულისხმო ის, რაც მინდა რომ მასთან დავაკავშირო.საკმაოდ კარგი შეფასებები მქონდა, სხვათაშორის. შემდეგ ქართულის მასწავლებელი, ჯერ სკოლაში, მერე რომელთანაც ვემზადებოდი, დიდად გამათამამეს ისე, ამდენსაც ვერ გავბედავდი, რომ არა ეს ხალხი, თუმცა ლიტერატურა, როგორც ასეთი, მათ შემაყვარეს, მათ მიბიძგეს ამ უნეტარეს ხრამში გადავარდნისკენ, მათ მკრეს ხელი დაღუპვისკენ, საოცრად მოქნილი ხელები ჰქონიათ, ღმერთმანი, და რა კარგი ჰქნეს, ყოველგვარი დანდობის გარეშე, რომ გამწირეს ლიტერატურისთვის.მერე, სოც. ქსელები, სრული აბსურდი და კატასტროფა, ამაზე საუბარი არც მინდა, ლიტერატურული პორტალიც კი ისეთივე ნეხვია ჩვენთან, როგორც თვითონ ბევრი ამ სფეროში მოღვაწე.ახლა კი ვიცი, რომ არც სოცპოეტი და არც ინტერნეტპოეტი, არც პოპულისტი არ ვარ, უბრალოდ მე სხვა მიწისგან მოვიზილე, ჩემი ლექსები მოსასმენი სულაც არ არის, ჩემი ლექსები საკითხავი მასალაა, მოთმინებით ველოდები ჩემს ვარსკვლავს, აღმოსავლეთით რომ აუცილებლად აბორწყინდება.
- ლექსის რამდენიმე მიმდინარეობა გამოსცადეთ. მაინც, რომელია თქვენი სტილი?
- ამ შეკითხვისთვის ლამისაა მადლობაც გითხრათ, მიყვარს ფერადოვნება, ამიტომ თავს არ ვზოგავ, მაქსიმუმს ვცდილობ, არც ის მინდა არასერიოზულად იყოს აღქმული რასაც ვაკეთებ, ამიტომ თეორიული ცოდნის გარეშე ხელს არაფერს ვკიდებ, საფუძვლიანი მზადება სჭირდება წერას, ისე არაა, ხელი წამოკრა და მორჩა.თავიდან, პირველ წლებში, რა თქმა უნდა, ალბათ უმრავლესობა მწერლებისა, ვწერდი რითმიან ლექსებს, შემდეგ უკვე ვერლიბრებს, მოგვიანებით კომპოზიციებს ვქმნიდი, მიქსებს, ერთი შეხედვით ადვილი საქმე რომ სჩანს, მაგრამ ურთულესია, მარცვლებს შეგნებულად ვამახინჯებდი, რომ რაიმე ახალი მუსიკა მიმეღო, სასიამოვნოა, ალქიმიკოსივით რომ ურევ და ურევ შენი უკვდავების ქვიშას.საკმაოდ გატაცებული ვიყავი ტანკა, ჰაიკუ, და გენდაისი - იაპონური მიმართულებით.მინიმალიზმი ძალიან მეახლოვება, სიმართლე გითხრათ.განსაკუთრებით მინდა გამოვყო გენდაისი, შედარებით უცხო ხილია, არავინ მეგულება ქართულ პოეზიაში გააზრებულად რომ ეწერა ამ სტილში, თორემ შემთხვევით, შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს ამ გაუგებრობაში.
- თუ დაიბეჭდა თქვენი ლექსები სადმე ? კრებული ხომ არ გაქვთ?
- ქუთაისში, ბედნიერი სტუდენტობის პერიოდში, რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ჩემი ლექსები. მერე კი სასწაული მოხდა, კერძო პირებმა, ვისაც დიდი სიმპათია ჰქონდა ჩემს მიამრთ (რატომ არ ექნებოდათ?!) შემომთავაზეს კრებულის დაბეჭვდა, თუმცა საოცარი ეს არ არის, როგორღაც ისე მოხდა, რომ დავთანხმდი, დღემდე თვითონაც ვერ ამიხსნია ეს მოვლენა, 2012 წელს, თბილისში დიბეჭდა ჩემი კრებული სახელწოდებით ‘’კედელი’’, პრეზენტაცია ქუთაისში მოვაწყვე, მეგობრების დახმარებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, შემდეგ რამდენიმე საინტერესო დისკუსია გაიმართა მის შესახებ, ჩემი მონაწილეობით და მის გარეშეც, ეს არის ნამდვილი ბედნიერება, როცა შენს ლექსებზე საუბრობენ, უშენოდ!შემდეგ, თბილისში, მწერალთა კავშირის სახლში გადმოვინაცვლეთ, ინტერვიუები, რეცენზიები და დრო, რომელმაც ყველაფერი ჩააწყნრა, თუმცა დიდი არც არაფერი ყოფილა.
- თქვენს პოლონეთში ვიზიტზე გვიამბეთ!
- ადამ მიცკევიჩს, როგორც პიროვნებას რომ არ ვცემდე დიდ პატივს, ვიტყოდი, პოლონეთმა თავისი მშვენიერი ქალებით, ბაღებით, ლაღი, ღიმილიანი სახეებით კი არ დამამახსოვრა თავი, არამედ იმ პირობებით, როგორშიც იქ ცხოვრება მოგვიწია მე და ჩემს მეგობრებს-მეთქი.სანახაობრივი თვალსაზრისით მშვენიერი გამოდგა, არ მეგონა, არ ველოდი, ისეთი ევროპა დამხვდა იქ, ცოტაც და კინაღამ მომეწონა თანამშრომლობის იდეა მათთან.კომფორტი, სისუფთავე, მხიარულება, ცხოვრების ხალისი, რუზრუზი, სულ თუ არაფერი იმის შეგრძნებას გვიტოვებდა, რომ ცოცხლები ვიყავით.ეს ლიტერატურული მოგზაურობა იყო, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა კონკურსები, შიდა, ასე მე დავარქვი, ქართველებს შორის, და საერთაშორისო, ესეც ჩემი მოფიქრებულია, რომელშიც გავიმარჯვე, ასეთებიც ხდება, თუმცა სიტყვა გამარჯვება ცოტა არ იყოს და გადაჭარბებულიც მეჩვენება, მეგობრული შეჯიბრი იყო, სადაც მისმა უზენაესობა უერთიერთსიყვარულმა გაიმარჯვა.კარგი მოგონებები და მეგობრები შევიძინე იმ ცისფერთვალება ხალხთა მხარეში.
- როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ, რომ წერთ თუ ეს სენივითაა, რომელსაც ვერ მოიშორებთ?
- ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს წერასთან, ეს არის არც დამთრგუნველი, არც დასაფლავების შინ... თუ არა, სხვაგან წავედი, ასეა თუ ისე, შამანივით არ ვბუტბუტებ, არც რაიმე საშუალებას ვიყენებ ფანტაზიის გასაფართოვებლად, არალეგალურს, არც ეპილეპსია მაქვს, არც პოპულარობა მსურს, არც ფული, არც თვგადასავალს ვეძებ, არც ჩემი ნიჭჲთ მოჯადოვებას ვცდილობ გოგოებისას, ქალების, ბაშვების, კაცების, მოხუცების, მკვდრების, ისე უბრალოდ, არც თამაშია, ეს ყველაფერი, ცხადია.სიამოვნებას მარტო ის მანიჭებს, როდესაც იმ ავტორების შეფასებას, უფრო სწორად კი მოსაზრებას ვისმენ ჩემს ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩემთვის არის პატივსაცემნი, ეს ურთიერთპატივისცემის გრძნობა, საზღვრების ჩაშლა, გენიალურ ავტორებს და შენს, ანუ ჩემს შორის, სიმართლესთან პირისპირ დგომა, ნათელი მაგალითი იმის, რომ ეს ავტორები მარტო არ არიან ამ ქვეყანაზე, რომ სხვაც არის მათი მსგავსი, და თუ მართლა ისეთი ძლიერები არიან, როგორადაც მე მიმაჩნია, აი, გეთაყვა, ოვალური სარკე, ჩაიხედონ და იხილონ, მომავალი, რომელსაც მათი ხელები ვეღარ შეწვდება.
0