12:18:45     31-07-2015
დემონების მხატვარი — მიხაილ ვრუბელი
მიხაილ ვრუბელი არტ-ნუვოს მიმდინარეობის უდიდესი რუსი მხატვარი იყო. 1901 წელს მან მუშაობა დაიწყო მე-13 სურათზე, ციკლიდან "დემონები". ამ პერიოდში ის და მისი მეუღლე დიდებული მოვლენისთვის ემზადებოდნენ, — ისინი პატარა ბავშვს ელოდებოდნენ. მხატვრის და მისი მეუღლის ნაძეჟდას ფიქრები ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს დასტრიალებდა. გეგმავდნენ მის მომავალს და ამასთანავე დიდი გამოფენისთვის ემზადებოდნენ.
მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ოჯახისთვის ის ფაქტი, რომ ბავშვი დეფექტით, "კურდღლის ტუჩით" დაიბადა. ამან მხატვარზე დიდი ზემოქმედება მოახდინა და ვრუბელი სასოწარკვეთილებისა და მწუხარების მორევში ჩაიძირა. წინ კი გამოფენა იყო, რომელსაც ამდენი შრომა და დრო შეალია. მოსვენებადაკარგული თითქმის ყოველ დილას მიდიოდა სახელოსნოში, გარკვეული ცვლილები შეჰქონდა ნამუშევრებში. სურათებზე გამოსახული დემონებიც ყოველდღე იცვლებოდნენ, ზოგჯერ მათ სახეებზე უსაზღვრო მრისხანება აღიბეჭდებოდა, ზოგჯერ კი პირიქით, — ისინი თვინიერ, ლმობიერ არსებებად გვევლინებოდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვრუბელის "დემონები" დამთვალიერებელს სიმპათიით განაწყობს და მათში კეთილგანწყობილებას ბადებს . ამიტომაც არანაირ უარყოფით ემოციებს არ იწვევს. ალბათ იმიტომ, რომ ამ დემონურ სახეებში ირეკლება ადამიანური სევდა, მათ თვალებში ჩაგუბებული უსაშველო ტკივილი და ამ ყოფისაგან დაღლა.
როგორც ვრუბელი იტყოდა: “დემონი ავზე მეტად, ტანჯული და სევდიანი სულია“. ამიტომაც უხილავი მიზიდულობის ხიდია გადებული ვრუბელის მომაჯადოვებელ დემონურ სამყაროსთან.
ვრუბელის ცხოვრება კი ტრაგიზმით განიმსჭვალა. მხატვარში ჩაიბუდა მომაკვდინებელმა სევდამ, რომელმაც საბოლოოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოაყოფინა თავი. სიცოცხლის ბოლო წლებში საგრძნობლად დაუქვეითდა მხედველობა, რაც მძიმედ გადასატანი იყო გენიალური მხატვრისთვის. მას კარგად ესმოდა, რომ ბრმა მხატვარი ყოვლად გამოუსადეგარი იყო. ამან გაამწვავა მისი ფსიქიკური მდგომარეობა; საკუთარ თავს შთააგონა, რომ 10 წლიანი შიმშილი მას მხედველობას დაუბრუნებდა და ვრუბელმაც შეწყვიტა საკვების მიღება. სრცხვენოდა საკუთარი მეგობრების: "რატომ მოდიან ისინი ჩემთან?" "მე ხომ მაინც ვერ ვხედავ მათ?"
ბოლოს კი ვრუბელი საბოლოოდ შეეგუა ამ ტრაგედიას და მშვიდად ელოდა სიკვდილს, შემდეგ კი ფილტვების ანთებით დაავადდა, რაც კიდევ უფრო სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდა.
სიცოცხლის მიწურულს მიხაილმა სრულიად მოულოდნელად თავის სანიტარს უთხრა: "ნიკოლაი, მეყო უკვე აქ წოლა, წავიდეთ აკადემიაში". ეს იყო დიდებული მხატვრის უკანასკნელი სიტყვები. ფსიაქიატრმა უსოლცევმა, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობდა ვრუბელს, თქვა : "ის მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, მაგრამ როგორც მხატვარი, ის ჯანმრთელი იყო, ძალიან ჯამრთელი".
ასეთი იყო დემონების მხატვრის ტრაგიზმით სავსე ცხოვრების ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ გენიალურ ვრუბელს, საღად აზროვნება აღარ შეეძლო, მან შექმნა უკვდავი ნამუშევრები, სადაც ასე ღრმად ჩააქსოვა და თვალნათლივ დაგვანახა საკუთარი გულისტკვილი, ამქვეყნიური სევდა და ადამაინური ყოფისგან დაღლა.
0