20:15:13     15-07-2015
მირზა გელოვანის წერილი ფრონტიდან
მირზა გელოვანის პოეტური სამყარო სავსეა თვითმყოფადი, გულიდან წამოსული, გულწრფელი ლექსებით ,რომელთაც მომაჯადოვებელი ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას.
ხანმოკლე იყო მირზას ცხოვრება, ფრონტზე გაიწვიეს ახალგაზრდა პოეტი და სამშობლოსგან მოწყვეტილმა დაასრულა თავის სიცოცხლეც.
ფრონტიდან უგზავნიდა წერილებს მშობლებს, ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ:
"ძვირფასო მშობლებო!
მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს
მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.
დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.
ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ.
ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს.
მჯერა , მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად.
მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე."
მ ი რ ზ ა
1941წელი
ივრისპირელი მზეჭაბუკის, მირზა გელოვანის ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. დედას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სჯეროდა, რომ შვილი დაუბრუნდებოდა. შავებს ჯიუტად არ იცვამდა. "მოვა, არ დაიკარგება ჩემი შვილი", – ამბობდა ხშირად. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავად სიყვარულზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი:
"თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არ დაბრუნების“.
0