12:40:36     14-07-2015
გაუპატიურებაში ბრალდებული ბიჭის მამამ თავი მოიკლა - რა მოხდა კახეთში?
კახეთში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 17 წლის ბიჭის მამამ თავი მოიკლა. თელავის რაიონში, შუახნის მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, შვილის მიერ თანასოფლელის გაუპატიურების ფაქტმა მასზე უარყოფითად იმოქმედა და, სავარაუდოდ, ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
როგორც „პრესა.ჯი“ -ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. კახეთში 17 წლის ბიჭი 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 14 ივლისს დააკავეს.
დაკავებულს სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაზარალებული კახეთის ერთ-ერთი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გოგონაა.
შემთხვევა 3 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მანამდე სხვა გოგონაზეც იძალადა, რომელიც იძულებით მასზე დაქორწინდა და ამჟამად ის ორსულადაა.
დაზარალებული 13 წლის გოგონას მშობლები ამ საკითხის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
„ექსპერტიზაც ჩართულია ამ საქმეში. როგორც გავიგე, ბიჭმა გოგონას მობილური ტელეფონის ნომერი შეყვარებულისაგან გაიგო, შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანა და თანაც სხვა სახელით გაეცნო. მომხდარზე საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელსაც ვაცნობეთ“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება ბრალდებულის ოჯახის წევრთა პოზიციას, ბიჭის დედა შვილის მხრიდან გოგონას გაუპატიურებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გოგონა სექსუალურ ურთიერთობაზე თავად დათანხმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე–3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0