პოეტი და პუბლიცისტი კატო ჯავახიშვილი ხუთი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური ნარკვევების ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და სლოვაკურ ენებზე. იგი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიცაა. კატო ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით შექმნილი რადიოპიესა, "ნირვანაში ჩაკარგულები", ასზე მეტ სხვა პიესასთან ერთად "Prix Europa"-ს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. - თქვენზე გვიამბეთ.. - რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე ამ ჩემს თავზე საუბარი... იმიტომ კი არა, რომ „ჩემზე სხვებმა უნდა თქვან“, უბრალოდ, ხანდახან მგონია, საერთოდ არ ვიცნობ ამ ჩემს ჩემში გადაკარგულ თავს. სულ ვიქექები და ვეძებ ხან კიკინებიან გოგოს, ხან მოტოციკლზე მომხტარ ყურსასმენებიან გოგოს, ვის აღარ?! ისე, ვინ და რა აღარ ბუდობს ადამიანში. სხვა ადამიანების გამონაცვალი ცხოვრებიდან დაწყებული, საკუთარი სახლის კედლებით დამთავრებული. დადიხარ და აგროვებ: შენსას, სხვისას, რას გაიგებ?! საკუთარი თავის ნაცვალობაც საინტერესოა, ხანდახან... ხვდები, როგორ ბევრდები, საკუთარ ტანზე ბევრად მაღალი ხდები, საკუთარ ცხოვრებაზე ბევრად წინ დგახარ და იმ რამდენიმე ცხოვრებას ანაწილებ, დანაწევრებულმა რომ გაიარე.ასე მოვაგროვე ჩემი ერთი ცალი ცხოვრება, რომელიც, იცი, როგორი მოსაწყენია?! ბევრი დენის, გაზის, ბუნკერის ქვითრებია გაფანტული. კიდევ ათასგვარი, სრულიად არალიტერატურული წვრილმანი თუ მსხვილმანი, საზრუნავი და მოვალეობა. სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სისულელეში არის ძალიან მაგარი რამ - თუ მოახერხე და ამ ქვითრებზე მაღლა დადექი, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ფეხზე დაიკიდო გადაჭრილი შუქი, შეუსრულებელი მოვალეობა, ნესტიანი სახლი, რომელსაც სარდაფი უფრო ჰქვია და ა.შ არის სხვა ცხოვრებაც, იქ მარტო ჩემი შვილია და იმხელაა ეს ცხოვრება, რომ ბევრი ცხოვრების ადგილი რჩება იმისთვის, რომ ერთად გავიზარდოთ. მინდა სამისოდ სიყვარული ვისწავლო, მასთან ერთად, საჩემოდ კი არა.კიდევ არიან ადამიანები, საოცრად განებივრებული ვარ ამ კუთხით და ბახ! - აი, ციდან პირდაპირ თავზე მეცემიან ხოლმე. ეს ადამიანები ვარ რეალურად მე, მთელი ჩემი ცხოვრება, გადარჩენაც და დაცემაც, აი, ყველაფერი ამ ადამიანებშია და არის კიდევ პოეზია, ერთი ვეებერთელა ამბავი, მარტო ჩემი და მკითხველის ამბავი, სადაც ჩემი რეალური ცხოვრების სიშიშვლის არ მრცხვენია და სადაც არც ჩემს ნაგავსაყრელებს ვმალავ და არც შეცდომებს, რომლებიც ცხოვრებაში დავუშვი.აი, ალბათ ეს ვარ მე. - როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალ და მამაკაც პოეტებს შორის? - არ მიყვარს სქესით, ეროვნებით, რეგილიგიით მანიპულირება. გაუგებარი მცნებაა ჩემთვის ქალი-პოეტი, კაცი-პოეტი, მხოლოდ ქალების ლიტ-კონკურსები და ა.შ სულ არ ვთვლი, რომ ნაკლია, როცა ნაწარმოებში სქესი იგრძნობა. ვერ ვიტან სიტყვას „პოეტესა". ახლა დავფიქრდი და ასეთივე დიდი ენთუზიაზმით სულ არ გამოიყენება სიტყვა ქალი-მხატვარი, ქალი-მუსიკოსი... „დღეს ქალი მომღერლის კონცერტი გაიმართა“ - ხომ სასაცილოა?! - რა არის თქვენი შემოქმედების ლაიტმოტივი? მიზანი? - არანაირი მიზანი არ მაქვს, ვწერ და მორჩა. მეტი ცხოვრება არ მომეცა, ასეთი მომეცა და ვიღებ, როგორიცაა ისეთს. უბრალოდ ვიტყვი ერთს: ჩემთვის მკითხველი ღმერთია! ლექსიც მაქვს ამაზე წინა წიგნში, მიუხედავად იმისა, რომ წერის დროს მკითხველზე ნაკლებად ვფიქრობ, ცოტა ეგოისტიც ვარ და შეიძლება უფრო მეტად ზიანს ვაყენებ მას, ვიდრე სიამოვნებას ვანიჭებ, ის ჩემში მუდმივად იგულისხმება. ისე კი, რა შუაშია ახლა ეს, მაგრამ დავიღალე, დავიღალე ყველანაირი მიზნით და უმიზნობითაც... ჩემი თავითაც და ისეც. ჩემი წილი მარტოობა ალბათ პოეზია. - როგორი იქნებოდა კატო ჯავახიშვილის ცხოვრება პოეზიის გარეშე? - არ ვიცი. ალბათ ვიქნებოდი მუდმივი მგზავრი სიტყვების გარეშე ან იქნებ კარგი ბუღალტერი?! ვინ იცის?! ესეც კიდევ ერთი ცხოვრება. მერე, სხვა დროს გავივლი, ნაგავსაყრელების პოეტობას რომ დავასრულებ. - რადიოპიესაზე გვიამბეთ, რომელიც თქვენი მოთხრობის საფუძველზე შეიქმნა ? - ეს მოთხრობა, „ცხვარი“ , რამდენიმე წლის წინ დაიწერა. ზოგადად პროზაში არ ვმუშაობ, მეტი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ეს სათქმელი სხვანაირად ვერ ითქვა. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ კანდელაკს, რომელმაც ეს მოთხრობა სცენარად აქცია და ევროპის პრიზის მოსაპოვებელ კონკურსზე გაგზავნა. ამის გარეშეც, დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთ საქმეს აკეთებს - რადიოპიესებს ხომ დღეს თითქმის აღარავინ დგამს?! ვნახოთ, რას იზამს ეს მოთხრობა კონკურსზე. ისე, ხანდახან მართლა კარგია ცხოვრება, ეგაა, რომ გღლის.
0