"დღეს ჩვენ ვართ რეალური, ესთეტიკური ათეიზმის წინაშე" - ინტერვიუ პაატა შამუგიასთან "დღეს ჩვენ ვართ რეალური, ესთეტიკური ათეიზმის წინაშე" - ინტერვიუ პაატა შამუგიასთან /> "/> " />


  09:49:14     12-07-2015

"დღეს ჩვენ ვართ რეალური, ესთეტიკური ათეიზმის წინაშე" - ინტერვიუ პაატა შამუგიასთან

a39921.jpg

"პოეზია არის დროის შეჩერების აუტანელი სურვილი, სიკვდილის საწინააღმდეგო ვაქცინა" - ამბობს პოეტი პაატა შამუგია. იგი presa.ge-ს  თანამედროვე ქართულ პოეზიასა და ლიტერატურულ პროცესებზე გაესაუბრა.

 - ვინ არის პაატა შამუგია?

- პაატა შამუგია არის ადამიანი, რომელმაც მთლად კარგად არ იცის, ვინაა პაატა შამუგია - ამიტომაც წერს და წერს. საკუთარი თავის გასაცნობად წერაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონიათ. „დოქტორ ფაუსტუსში“ გმირი ეშმაკის გასაცნობად თეოლოგიას სწავლობს, მე საკუთარ თავთან დასაახლოებლად ენაში ცხოვრებას ვსწავლობ. სათქმელი ბევრი მაქვს. ასი პირი რომ გამოვიბა და ასივეთი სხვადასხვა ლექსი ვიყვირო, ერთი სიცოცხლე მაინც არ მეყოფა იმისათვის, რომ ყველაფერი ვთქვა. ამიტომაც არ ვჩქარობ, აზრი არა აქვს.

- რა მიმდინარეობასთან გვაქვს საქმე დღევანდელ ქართულ პოეზიაში?

- დღეს ყველაზე რთულია ამის თქმა. მიჯნები მოშლილია, როგორც მიმდინარეობებს, ისე ჟანრებს შორის. ჩვენი დროის კლასიკოსი ბესიკ ხარანაული, ბოლო წლებია, წერს ლექსებს, რომლებიც სინამდვილეში ავანგარდისტული რომანია, ან პირიქით, დიდი შანსია, ეს იყოს რომანი, რომელსაც ლექსად ვკითხულობთ. ორიოდე თვის წინ, ერთი ადამიანი გამეცნო, საოცრად მომეწონა შენი მოთხრობა, უკვე მეათედ წავიკითხეო. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა, მოთხრობებსაც თუ ვწერდი. მერე დავაზუსტებინე და აღმოჩნდა, რომ „შიზოგადოებაზე“ ლაპარაკობდა, რომელიც, სინამდვილეში, პოემაა, თუმცა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ვინმეს მოთხრობა, რომანი ან სულაც საბალეტო დადგმა ეგონება. მთავარია, ტექსტში არსებულმა კულტურულმა კოდებმა იმუშავოს, სათქმელმა თავისი გაიტანოს. ლიტერატურა ისედაც მიდის იმასთან, ვისაც მიემართება.  

- რას წარმოადგენს პოეზია დღეს?  რა ტიპის რეპრეზენტაციასთან გვაქვს საქმე?

- პოეზია არის დროის შეჩერების აუტანელი სურვილი, სიკვდილის საწინააღმდეგო ვაქცინა. პეპი გრძელიწინდა და მისი რამდენიმე მეგობარი აბებს სვამენ, რომ არ გაიზარდონ და სულ ბავშვები იყვნენ. დიდებს სიხარული უმცირდებათ, ვალები ეზრდებათ, აქვთ ვირული სამუშაო და გადასახადების გადახდა უწევთო. ამიტომ დალევენ ბავშვობისშემნარჩუნებელ აბებს და დარჩებიან მარადიულ ბავშვებად. მათ დრო არ გაუჩერებიათ, მაგრამ გააჩერეს თავიანთი ყოფნა დროში, გააჩერეს თავიანთი პერსონალური დრო. ეს პერსონალური დრო არის ყველა პატიოსანი პოეტის მთავარი აკვიატებული იდეა.

- დღეს ყველა მწერალი ან პოეტია, რამდენადაა ეს ცოცხალი ლიტ. პროცესი? ვის გამოყოფდით დღევანდელი პოეტებიდან და რატომ?

- პოეზიაზე ასე განზოგადებულად ლაპარაკი მიჭირს. თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება კულტურისადმი იმუნურია და განსაკუთრებით იმუნურია პოეზიის მიმართ. დღეს ჩვენ ვართ რეალური, ესთეტიკური ათეიზმის წინაშე. ნახევრადისტორიული გადმოცემის თანახმად, „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ როცა გამოვიდა, ზოგან მალევე აკრძალეს. აკრძალვის მიზეზი თვითმკვლელობების მატება იყო. წაიკითხავდნენ შეყვარებული გოგო-ბიჭები ამ სევდიან დრამას და პანტა-პუნტით იხოცავდნენ თურმე თავს. 

სამწუხაროდ, წიგნები აღარ კლავს. იმიტომ, რომ ინტენსიურად კითხულობენ.

მაგრამ აქვე კარგი ამბავიც მაქვს: ლიტერატურა მაშინაც ახდენს ზეგავლენას, როცა მას არ კითხულობენ. და განსაკუთრებით მასზე ახდენს ზეგავლენას, ვინც მას არ კითხულობს. წაუკითხავ წიგნებს რომ შურისძიება შეუძლიათ, ეს უკვე გვითხრა ლიტერატურამ და რაღაცნაირად უნდა დავუჯეროთ.

ყველას აქვს უფლება, იყოს პოეტი, მათ შორის, მასაც, ვისაც პოეზიაზე ბუნდოვანი წარმოდგენაც არა აქვს.   ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან ჩინელ მწერალს, მო იენს საინტერესო რამ უწერია „ღვინის ქვეყანაში“: „კომუნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, როგორც იწინასწარმეტყველა მარქსმა, არის ხელოვნების შერწყმა შრომასთან და შრომისა ხელოვნებასთან, და როდესაც შევალთ კომუნიზმში, ყველა გახდება მწერალი“. აი, ამ თვალსაზრისით ჩვენ ჭეშმარიტ კომუნიზმში ვართ. საბოლოოდ, გადასარჩევი გადაირჩევა, დამრჩენი დარჩება, ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას უწოდებს საკუთარ თავს.

გვყავს ბევრი მშვენიერი პოეტი. მართალია, ხშირად ისმის „ტრადიციების დამცველთა“ უკმაყოფილო ხმები, ეს რა არის, გალაკტიონის ქვეყანაში, ასე არ უნდა იწერებოდეს და სხვა. ეს აღვირახსნილად უჭკუო პრეტენზიები მხოლოდ მათგან ისმის, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რა არის პოეზია, მით უმეტეს, თანამედროვე ლექსი.  ვისაც ბავშვები არ ჰყავს, მათ კარგად ზრდის, ხომ გესმით?! 

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ გამომცემლები წიგნის დაბეჭდვასთან დაკავშირებით არანაირ შეზღუდვას არ აწესებენ?

- საქმე ისაა, რომ აწესებენ. ადრე თუ იდეოლოგიური ნიშნით არ ბეჭდავდნენ, დღეს ორი კრიტერიუმია იდეოლოგიის ნაცვლად: კომერციული და ესთეტიკური. თუ ამ ორიდან რომელიმე ინტერესს უკმაყოფილებ გამომცემელს, ის დაბეჭდავს შენს წიგნს. რასაკვირველია, დღევანდელი ვითარება უკეთესია. მაგალითად, საბჭოთა დრო რომ იყოს, მე არავინ დამბეჭდავდა. 0

ავტორი: