ტიციანის ხატება  — უმშვენიერესი თამუნია წერეთელი ტიციანის ხატება — უმშვენიერესი თამუნია წერეთელი />


  18:31:36     11-07-2015

ტიციანის ხატება — უმშვენიერესი თამუნია წერეთელი

a39895.jpg

თამუნია წერეთელი, ეს ხატადქმნილი მშვენიერება სიცოცხლეშივე იქცა უამრავი პოეტისა და მწერლის შთაგონების მასულდგმულებელ წყაროდ, მაგრამ მის სილამაზეს, მის ენითაღუწერელ მშვენიერებას ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო, სწორედ მან განადიდა და შეიყვარა ის მთელი თავისი პოეტური არსებით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: საჩხერელი თავადის, აკაკის უახლოესი მეგობრის, ბეჟან წერეთლის უმცროს ქალიშვილს დროებამ უამრავი განსაცდელი მოუვლინა. ახლობლებიდან ზოგი დაუხვრიტეს, ზოგმა კი თავს უშველა და საზღვარგარეთ შეაფარა თავი. ის კი დედასთან  — ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილთან ერთად მარტო შემორჩა ჟამთა ავისმომასწავებელ მდინარებას.

აკაკის ნათლულს პოეზიის მომნუსხველი ძალა ბავშვობიდავე იზიდავდა. ცნობილი ქუთაისელი მეცენატი ქალის, კატო ნიკოლაძის მიერ მოწყობილ საღამოებზე გოგონა აკაკის ნაწარმოებებს კითხულობდა, თან კითხულობდა ისე, რომ დიდ პოეტს ცრემლი ერეოდა, ხოლო სხვები კი აღტაცებას ვერ მალავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულისა და უდარდელი ბავშვობის ტკბილ მოგონებად დარჩენილიყო. 20-იანი წლების რეალობას დასაღუპად გაემზადებინა ეს საოცარი ქმნილება.

დედა-შვილს შიმშილით სიკვდილი ელოდა, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა: ცნომილმა მეწარმემ  — ქებაძემ, რუსთაველის პროსპექტზე მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და იქ მოლარედ სამი ულამაზესი ქალიშვილი მიიწვია. მათ შორის იყო თამუნია წერეთელი. და სწორედ მაშინ მოხდა სასწაული. მაღაზიის გახსნის მეორე დღესვე მთელ თბილისს მოეფინა ახალი ამბავი: არაამქვეყნიური სილამაზის ახალგაზრდა ქალი გამოჩნდაო ქალაქში.

იყო 1925 წლის ზაფხული... ერთ მშვენიერ დღეს ამ მაღაზიას ტიციან ტაბიძე ესტუმრა მეგობრებთან ერთად... და რა იხილა მშვენიერება, ახალგაზრდა ქალის სხეულში განკაცებული, ის უმალვე იქცა მისი პოეზიის განუშორებელ მუზად.

თითქოს ამ სილამაზეს განგებამ იმიტომ შთაბერა სული, რომ ტიციანის მუზას, პოეზიის უმაღლეს კვარცხლბეკზე აეყვანა და უკვდავეყო უკვდავსაყოფი.

იოსებ გრიშაშვილი წერდა:

,,თამარი თბილისის ქუჩების ეშხი და სილამაზე იყო. მისი გამოჩენა და ატყდებოდა ქუჩაში ჩოჩქოლი: აგერ თამუნია წერეთელი მოდისო. გვიყვარდა, პოეტური სული ჰქონდა. პოეზიის დიდი პატივისმცემელი იყო, როცა არ შევაღებდით კარს, იგი ყოველთვის თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გვხვდებოდა".

ტიციანი ყოველდღე დადიოდა მაღაზიაში. უყურებდა და ტკბებოდა ამ სილამაზით, შემდეგ, შინ დაბრუნებული კი, შთამბეჭდავ სტრიქონებს ჰქმნიდა:

"ბედნიერი ვარ - როგორც არასდროს,
- "თამარს ვინ იტყვის მართლა რა იყო" ?..
ჩემი ცხოვრება ისეც წამია,
და სხვა თამარმა შვაზე გამიყო.

თამარს ვინ იტყვის - რა იყო მართლა,
თამარს ვინ იტყვის - მართლა რა არი!
თავზე დამნათის მე ძველი ქართლი,
,,მოდი-ნახის" კი ვარ პატიმარი."

/,,თამუნია წერეთელს", 1925წ. ივლისი, ბორჯომი/ 

1928 წელს თამუნია გათხოვდა...

1929 წლის 16 მარტს (თავის დაბადების დღეს) ქალიშვილის შეძენიდან 15 დღის შემდეგ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ექიმებმა თამუნიას ფეხი მოჰკვეთეს. ასე დაიწყო საშიენლი ტრაგედიაც...

გაოგნდა თურმე ტიციანი ეს ამბავი რომ შეიტყო, მოინდომა თამუნიას ნახვა და საავადმყოფოდან ახალგამოყვანილი ფერმიხდილი ქალი მოინახულა თურმე მისმა მეხოტბემ. ამაღელვებელი ყოფილა ეს შეხვედრა.

გავა რამდენიმე თვე და ტიციანი აფორიაქებულ სულს სტრიქონებად გადმოღვრის, სადაც გულით დაიტირებს ხელთუქმნელი მშვენიერების წუხილს:

რა დამავიწყებს იმ შავ გაზაფხულს,
ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს,
ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს,
გაუხარებელ დაფლეთილ მუზას.
ნუღარ მეტყვიან - ,,მოდი, ნახეო",
უნახავადაც ეს მჯერა ერთ წამს,
გულის მაგიერ გული არ მოვა,
არ მოებმება არც ფეხი ლერწამს.
მაწუხებს მხოლოდ, ვერ მოვასწარი,
თავის დროს შენთვის მეთქვა, მეამბო,
თუ როგორ არის დაუვიწყარი
სხვა პოეტებში უფეხო რემბო.

/,,თამუნია წერეთელს", 1929 წ./

გრიგოლ ცეცხლაძე წერს:

,,როცა თამუნიამ ფეხი დაკარგა და ადრინდელი სილამაზეც აღარ ჰქონდა, ტიციანი მაინც მისი ერთგული დარჩა და ისევ უმღეროდა", და მართლაც, იმ წელს ტიციანმა შექმნა ქართული პოეზიის შედევრი ,,ანანურთან"... და ვიდრე ტიციანსაც მოძებნიდა ბოროტი ხელი და თავის ულმობელ ზრახვას აღასრულებდა, პოეტი არ ივიწყებდა თამუნიას.

1929 წლის 22 ივლისს იგი მოინახულებს თავისი პოეზიის მუზას და აჩუქებს ლევ ტოლსტოის წიგნს, ასეთი საგულისხმო წარწერით: ,,თამუნია წერეთელს, იმ სიხარულით, რომლითაც იწერებოდა ამ სათაურით ლექსი". 1934 წელს კი თავისი რჩეული ლექსების წიგნს მიართმევს: ,,თამუნია წერეთელს, ვისი შთაგონებითაც დაწერილია მცირე წიგნი ლექსებისა".

ერთ უბედურ დღესაც გაქრა ტიციანი, თბილისმა კი თანდათან მიივიწყა წერეთლის ასული. ქრებოდა ძველი თბილისი თვალსა და ხელს შუა და თან მიჰქონდა თამუნიას ხატადქმნილი მშვენიერებაც, რომელსაც ეტრფოდნენ ასნი და ათასნი, რომლისთვისაც ცოცხლობდნენ და ისწრაფოდნენ. ბედისაგან განწირულმა მშვენიერმა თამუნიამ კი თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა, უსაზღვრო ტანჯვითა და წამებით1968 წელს დაასრულა ლამაზი, ხანმოკლე ცხოვრება.

 


0

ავტორი: