18:09:25     09-07-2015
„ეს „ნაბი...ები“, დაჭრეს კადრები“- რას აცხადებს კუს ტბის ინციდენტის თვითმხილველი?
მოქალაქე ალბი კორძაია ირწმუნება, რომ 2 დღის წინ კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს თავადაც შეესწრო.
გოგონა აცხადებს, რომ შს სამინისტროს მიერ ლიკა კიკიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა „დაჭრილია“.
"დარწმუნებული ვარ რომ შსს-მ დაჭრილი ვიდეოები გაავრცელა ... ჩემი თვალით ვნახე იქ უამრავი პოლიციელი, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ“.
„პრესა.ჯი“-მ ალბი კორძაიასთან დაკავშირება მოახერხა.
- ქრონოლოგიურად იქნებ მოგვიყვეთ, რა სცენას შეესწარით კუს ტბაზე ორი დღის წინ?
- გამთენიისას ავედი აღნიშნულ ტერიტორიაზე, მანამდე გავაჩერე ტაქსი და ვთხოვე მივეყვანე „ვიტამინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაში დიდი სისწრაფით მიმავალმა პატრულის მანქანამ გადაგვისწრო. ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ მანქანა ოცმეთაურს ეკუთვნოდა, სიმართლე გითხრათ, მე პირადად ვერ ვერკვევი ამ ავტომობილებში. კუს ტბაზე რომ ავედი, ძალიან ბევრი პოლიციის ავტომობილი და აგრესიულად განწყობილი სამართალდამცავები დამხვდნენ, „ძაან გონორზე“ იყვნენ. შევამჩნიე პატრულის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ზოგიერთი შავ გადაცმულ ფორმაში იყო, ზოგსაც ზურგზე ეწერა POLICE. იმ ოცმეთაურმა როცა შენიშნა ტაქსის მანქანა, დაუყვირა მძღოლს:- „ეი, შენ ბიჭო ტარება არ იცი, ახლა ისწავლე?!“ ტაქსისტი ეგრევე ჩაჯდა მანქანაში და გაბრუნდა. მე კი თავი ავარიდე უსიამოვნებას და „ვიტამინის“ შენობაში შევედი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ცხოველები გოგონას დააკავებდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
- როდის შეიტყვეთ ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ?
- დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მოვიდა ჩემთან კლუბის თანამშრომელი და მითხრა: ვიხურებით, ჩვენ მენეჯერს პრობლემა შეექმნა - იჭერენო. მივხვდი, რომ ადგილზე სამართალდამცავთა ყოფნა კავშირში იყო ამ დაკავებასთან, თუმცა მერგონა, რომ დაკავებული მამაკაცი იყო და არა ახალგაზრდა გოგონა.
- ლიკა კიკიანის დაკავების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიხართ?
- მე ეს გოგო საერთოდ არ დამინახავს. ვნახე აგრესული და მობლატავე პოლიციელები. მე ამ გოგონას ვიდეო ვნახე სოციალურ ქსელში, ამაზე ყურადღება დიდად არ გამიმახვილებია, თუმცა მეორე დღეს, როცა ვნახე შსს-ს დაჭრილი კადრები, მივხვდი, რომ ხელის დაფარებას ჰქონდა ადგილი და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის მეთქვა სიმართლე. ეს „ნაბი...ები“ დაჭრეს კადრები... მათ კადრებში ორ პოლიციელს მოჰყავს ეს გოგო, თითქოს ადგილზე სხვა პოლიციელები არ იყვნენ, არადა, ჩემი თვალით ვნახე ადგილზე მობილიზებული ძალიან ბევრი სამართალდამცავი. სიტუაციას "აპრავებენ" ახლა, და ხელს აფარებენ მოძალადე პოლიციელებს... დარწმუნებუული ვარ, რომ ეს გოგო არ იტყუება, სადაც ლამის ტაქსისტი სცემა იმ ოცმეთაურმა, ამ დაუცველ გოგოს რას უზამდნენ.
7 ივლისს, ლიკა კიკიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პოლიციელმა სცემა.
კიკიანის მტკიცებით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა ფიზიკური ძალადობა - მას დაუმტვრიეს ტელეფონი.
კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის თქმით, მოძალადე პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ.
0