11:36:42     08-07-2015
წითელმელნიანი კალამი და შეცვლილი პროფესია - ინტერვიუ ილუსტრატორ ანა გრიგოლიასთან
ანა გრიგოლია 22 წლის ილუსტრატორია. იგი გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს სარეკლამო სააგენტოში და პარალელურად, ტატუს ესკიზებს ხატავს. ანა გვიამბობს, თუ როგორ იქცა წითელმელნიანი კალამი მისი წარმატების თილისმად.
- რამ განაპირობა თქვენი მომავალი პროფესია?
- ბავშვობიდან ვხატავდი და ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი პროფესია ხელოვნებასთან დაკავშირებული იქნებოდა. ტექნიკურ საგნებსაც კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკას, ფიზიკასა და ხაზვას, ამიტომ არქიტექურის ფაკულტეტი ავირჩიე აკადემიაში, რადგან ეს პროფესია ხელოვნებას და ტექნიკურ საგნებს აერთიანებს. სტუდენტობის დროს არქიტექტორადაც ვმუშაობდი და სასტუმრო ამბასადორის რეკონსტრუქიის პროექტშიც მივიღე მონაწილეობა.
- როგორ დაიწყეთ ილუსტრაციებზე მუშაობა?
- ჩემი პროფესია ძალიან რთული და სტრესული აღმოჩნდა. სადიპლომოს პროექტი რომ დავამთავრე, ძალიან გადაღლილი ვიყავი და განტვირთვა მჭირდებოდა, ამიტომ ერთ ღამეს სახლში ვიპოვნე წითელმელნიანი კალამი და უბრალოდ, განტვირთვის მიზნით, ილუსტრაციების ხატვა დავიწყე. ყოველ ღამე ერთ ნახატს ვხატავდი.
- როგორ იქცა განტვირთვის საშუალება პროფესიად?
- საერთოდ არ ველოდებოდი, მაგრამ ამ ილუსტრაციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც მირჩევდნენ უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს. ასევე მეგობრის რჩევით გავხსენი ინსტაგრამის გვერდი ჩემი ილუსტრაციებისთვის, სადაც ძალიან მოკლე პერიოდში ათასობით "folower"-ი გაჩნდა. სხვადასხვა ქვეყნიდან მწერდნენ რომ მათთვის ტატუ დამეხატა. წიგნის ფესტივალიდან მომწერეს, რომ ჩემი ილუსტრაციებით იყვნენ დაინტერესებულები. ასევე ძალიან ცნობილმა ონლაინ მაღაზია "VIDA"-მ, რომელიც სხვადასხვა გრაფიკულ ნამუშევარს ყიდის, შემომთავაზა მათთან თანამშრომლობა. მალე მივხვდი, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც მეც მსიამოვნებდა და ხალხსაც მოსწონდა. ჩემი ორი ნახატი უკვე გახდა ტატუ და ძალიან კარგი გრძნობაა, როცა შენს ნამუშევარს ვიღაც მთელი ცხოვრება ატარებს. პროფესია შევიცვალე და სარეკლამო სააგენტო "Saatchi & Saatchi"-ში დავიწყე გრაფიკულ დიზაინერად მუშაობა. დღითიდღე ვხვდები რომ ეს სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ყოველთვის მინდოდა.
0