09:43:29     07-07-2015
“ ჩემი მასწავლებელი საკუთარი თავია” - ინტერვიუ მხატვარ გუგა თევდორაძესთან
გუგა თევდორაძე 28 წლის მხატვარია. არა ერთ ჯგუფურ გამოფენასთან ერთად, იგი სამი პერსონალური გამოფენის ავტორია. მისი ნამუშევრები იყიდება როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მხატვარსა და სახელოსნო „თევდორეზე“ უფრო მეტს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- თქვენ შესახებ გვიამბეთ. როდის დაიწყეთ ხატვა, რას ნიშნავთ თქვენთვის ხელოვნების ეს სფერო?
- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. 4 წლისამ შევქმენი პირველი ნამუშევარი და ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვიცოდი, რა გზას ავირჩევდი ცხოვრებაში. ჩემი სამომავლო მიზნები და სურვილები, შესაძლოა, მხატვრის ოჯახში დაბადებამაც განაპირობა. მგონია, რომ როდესაც ხარ ხელოვანი, უნდა იყო გამორჩეული, განსხვავებული ხელწერა უნდა გქონდეს... ვფიქრობ, რომ ეს ჯილდოა ღმერთისგან ბოძებული, მთავარია იგრძნო, განავითარო... ამისათვის ბევრი შრომაა საჭირო, ნიჭი აქ მხოლოდ მეორეხარისხოვანია - მხატვარს უნდა ჰქონდეს ამბიცია, სხვაგვარად ვერ განვითარდები. დღეს მე ბედნიერი ვარ, მაქვს 300-მდე ნამუშევარი გასხვისებული (არ მიყვარს სიტყვა „გაყიდვა“) კერძო კოლექციებში (ინგლისი,ავსტრია,გერმანია,საფრანგეთი,აშშ,რუსეთი,უკრაინა,საქართველო,ჰოლანდია,ინდოეთი,ინგლისი და სხვა ). ვერასდროს გავჩერდები... ხელოვნება დაუსრულებელი პროცესია, ამაშია მთელი ხიბლი და ღირებულება.
- სამხატვრო განათლება თუ გაქვთ?
- დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. ასევე სამხატვრო აკადემია. სასწავლებლის პერიოდს ძალიან კარგად ვიხსენებ. იქ ვისწავლე სიყვარული, შრომა, ბევრი კარგი მოგონება მაქვს ამ სასწავლებლის პედაგოგებსა და სამხატვრო სასწავლებლის ხემძღვანელებზე, რასაც აკადემიაზე ვერ ვიტყვი,სამწუხაროდ. ჩვენს დროში, აკადემია აღარ არის ის აკადემია, რომელსაც უფროსი თაობის მხატვრები აღწერდნენ. ჩემი მასწავლებელი საკუთარი თავია.
- მუშაობის პროცესი როგორია?
- სახლში მაქვს სახელოსნო. ზოგჯერ რამდენიმე ნამუშევარზე ერთად ვმუშაობ. არ მინდა ხშირად ვახსენო ღმერთი, მაგრამ სწორედ რომ „კოდი“ მან ჩადო ჩემში. აი, როცა ვქმნი ნამშევარს, აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადავდივარ, რეალობას ვწყდები, საოცრად მისტიკურია,ინტიმი და ნირვანა ჩემი იმჟამიერი მდგომარეობაა,ამის ახსნა სიტყვებით, ვფიქრობ, გამიჭირდება.
- გალერეაზე გვიამბეთ!
- 12 წელია გვაქვს გალერეა „თევდორე“, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა-გაყიდვა გავქვს მე და მამას, ლადო თევდორაძეს. ეს გალერეა ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, სადაც მამა-შვილის დაზგური ფერწერის სრული სახეა წარმოდგენილი. ექსპოზიცია მუდმივად განახლებადია.
- გამოფენას თუ გეგმავთ უახლოეს მომავალში.
- ახლა მექნება ერთდღიანი გამოფენა რუმს ჰოტელში, სადაც გაყიდული ნამუშევრებიდან გარკვეული თანხით ვეხმარები უნარშეზღუდულ ბავშვებს.
0