14:53:20     28-06-2015
მოხეტიალე ტყუპი დის საოცარი თავგადასავლები – "გვინდა, ვნახოთ და ვიცოდეთ მეტი"

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი გამორჩეულად საინტერესო და უჩვეულო გოგონა მირანდუხტ დავითულიანია. მირანდუხტი თავის ტყუპისცალ დასთან, თამართან ერთად, ხშირად დადის სალაშქროდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ლაშქრობების მიზნებსა და უცნაურ თავგადასავალზე, მირანდუხტი თავად გვესაუბრება.
- როგორ დაიწყო თქვენი თავგადასავალი? ვის გაუჩნდა იდეა, რომ ჩანთამოკიდებულებს გეხეტიალათ?
- მერვე კლასში , როდესაც ბავშვებმა სხვადასხვა კონკურსში წარმატებას მივაღწიეთ, სკოლას საჩუქრად დიდი რაოდენობით სალაშქრო აღჭურვილობა ჩამოუვიდა , რაც გულისხმობდა ბუნებაში სიარულს და შემეცნებითი ტურების მოწყობას... შემდეგ, ჩვენი დიდი მონდომებით, ჩავალაგეთ ჩანთები და მთებისკენ გავეშურეთ. მახსოვს 36 კმ გავიარეთ ფეხით , პირველ გასვალზე.
- ბუნების სიყვარული ბავშობიდან მოგყვებათ თუ მოგვიანებით დაინტერესდით თქვენთვის უცნობი ადგილების აღმოჩენით?
- ჩვენ ისეთი კუთხიდან ვართ , რომ არ შეიძლება ბუნების სიყვარული ბავშვობიდანვე არ გქონდეს სულში გამჯდარი . რაჭაში გავატარეთ მთელი ჩვენი ბავშვობა და სკოლის პერიოდი. ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის წყალობით კი, ადრეულ ასაკშიც დიდი სურვილი გაგვიჩნდა გვეხეტიალა უცნობ, საოცარ ადგილებში. იგი ყოველთვის გვაჩვენებდა ულამაზესი პეიზაჟების ფოტოსურათებს. იქვე ახლოს ყოველთვის დავყავდით მთებში. მოიკიდებდა დიდ ზურგჩანთას და ჩვენ მივყვებოდით. ამან უფრო გაამძაფრა ჩვენი ბუნების სიყვარული. მოკლედ რომ ვთქვა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მერვე კლასში ვიყავით , როდესაც მასშტაბური გასვლა მოვაწყვეთ მთაში ორ მასწავლებელთან და სკოლის მეგობრებთან ერთად. ეს საუკეთესო გამოცდილება იყო მომავალი „მოხეტიალეებისთვის“ .
- როგორც ვიცი, ხშირად მარტო ლაშქრობთ. საკმაოდ გაბედული ნაბიჯია გოგონებისგან. არ გქონიათ შიშის მომენტი? თქვენ ხომ ბევრი სახიფათო მარშრუტი გაქვთ გავლილი?
- ზოგადად, სახიფათოდ ის შეიძლება ჩაითვალოს , რომ ავტოსტოპითაც მარტო დავდივართ ხოლმე, თუმცა საქართველოში, ამ მხრივ, არცთუ ისე საშიში სიტუაციაა. გზად ავტოსტოპერი ბიჭები შეგვხვედრიან და გაოცებულან, რომ მარტო ვაპირებდით ავტოსტოპით წასვლას. მთავარია დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და ყველაფერს შეძლებ. ყველგან და ყოველთვის წახვალ. ჩვენ როცა ერთად ვართ არაფრის გვეშინია. ახლა უკვე დიდი გამოცდილებაც გვაქვს და ვიცით, სად როგორ უნდა მოვიქცეთ.
- მშობლები როგორ შეეგუენ თქვენს წამოწყებას?
- თავიდან ძალიან ნერვიულობდნენ , ცდილობდნენ არ გავეშვით „სახეტიალოდ“ , მაგრამ ბოლოს მაინც დაგვთანხმდნენ , მერე სიამოვნებით ათვალიერებდნენ იმ უმშვენიერესი ადგილების ფოტოებს , რომელთაც მოვივლიდით . მიხვდნენ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო და თანდათან შეეგუენ . ახლაც ნერვიულობენ, რასაკვირველია, თუმცა წასვლას აღარ გვიშლიან.
- მოლაშქრე ავტოსტოპერები ხართ. გაიხსენებთ ყველაზე უცნაურ მძღოლს, რომელიც შეგხვედრიათ?
- ანკარაში, ღამის 10 საათზე, ავტოსტოპზე ვიდექით და ტრაბზონისკენ წასვლას ვცდილობდით. რა თქმა უნდა, თურქმა გაგვიჩერა, გვითხრა , რომ შორს არ მიდიოდა , მაგრამ გზას რამდენიმე კილომეტრით მაინც შეგვიმოკლებდა. საუბარი დავიწყეთ და ვუთხარით , რომ ისეთ ადგილას გვინდოდა ჩამოსვლა, სადაც მანქანები ადვილად გაგვიჩერებდნენ. ავუხსენით, რომ ავტოსტოპით ვმოგზაურობთ და ფული ტრანსპორტისთვის არ გვქონდა. გაოცებული გვეკითხებოდა , თუ როგორ არ გვქონდა ტრანსპორტისთვის ფული - ჩვენ ხომ ასობით კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ძალიან ანერვიულდა, გვითხრა , რომ იქ ღამით ძალიან საშიშია ავტოსტოპი. ბოლოს, მანქანას ატრიალებდა და სადგურში მივყავდით. როდესაც გავაჩერეთ და გადმოვედით მანქანიდან , თავადაც გადმოგვყვა და გვეხვეწებოდა , ოღონდ ავტოსტოპით არ წახვიდეთ და ახლავე წაგიყვანთ სადგურში და ბილეთის ფულსაც მე გადავიხდიო ( 320 ლირა ღირდა ბილეთი). ჩვენ , რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით და ლამის გაგიჟდა , ფულის პრობლემა არ მაქვს და ნუ მოგერიდებათო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხალხს აჩერებდა და ეუბნებოდა : ესენი ავტოსტოპით მიდიან ტრაბზონამდე და გთხოვთ , უთხარით, რომ საშიშია , სადგურამდე წამომყვნენ და მე გადავუხდი ფულსო. საათზე მეტხანს გაგრძელდა ეს ამბავი და უფრო დაგვაღამდა . ვუთხარით წასულიყო და მივხედავდით საკუთარ თავს, თუმცა ასე გვითხრა, აქედან იქამდე არ წავალ სანამ საიმედო ტრანსპორტს არ გაგაყოლებთო. ცოტა ხნის შემდეგ, გაგვიჩერა ერთმა კეთილმა ადამიანმა. ჩვენი მძღოლი მივიდა, დაელაპარაკა , რათა მშვიდობიანად მივეყვანეთ დანიშნულების ადგილამდე და ჩვენი სიჯიუტით გაბრაზებულიც დაგვემშვიდობა. აი, ეს იყო მძღოლი , რომელმაც თავისი ყურადღებით ცოტა დაგვღალა, თუმცა ძალიან მადლიერები ვართ მისი .
- რა არის თქვენი ლაშქრობების მიზანი, მოტივაცია...?
- ვნახოთ და ვიცოდეთ მეტი , დავტკბეთ სიმშვიდით , თავისუფლებით , მშვენიერებითა და არაჩვეულებრივი გარემოთი .
- რომელი ადგილები გიყვართ განსაკუთრებით?
- ყველას თავისი ხიბლი აქვს , არ გვიყვარს გამორჩევა. ზოგადად ვიტყვით , რომ მთა უფრო გვიყვარს , ვიდრე ადვილად მისასვლელი ადგილები .
- საქართველოს საზღვრებს გარეთ , სხვა ადგილებშიდაც თუ ყოფილხართ?
- სადაც ავტოსტოპით წავედით , ეს იყო გორემე -კაბადოკია. 4 დღეში 3000 კმ დავფარეთ და ასევე ტაო-კლარჯეთი.
- რომელი ადგილის დათალიერებას გეგმავთ ახლო მომავალში?
- გვაქვს რამდენიმე იდეა, მაგრამ ამას არასდროს ვამბობთ წინასწარ, ასე უფრო კარგია თითქოს.
0