13:17:26     26-06-2015
ბუნების მოყვარული ფოტოგრაფის ულამაზესი ნამუშევრები - გაიცანით ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი
ექვსი წელია ფოტოებს იღებს. უყვარს ლაშქრობა, ბუნება, ხეტიალი.. უპირატესობას ფირზე მუშაობას ანიჭებს. ამბობს, რომ ფირის ფოტოები გაცილებით ცოცხალი, ხასხასა და უჩვეულოა. გაიცანით MyDecember Photography-ის შემქმნელი ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი - ექიმი-ორთოდონტი და ფოტოგრაფი.
- გვიამბეთ თქვენს შესახებ. რას საქმიანობთ?
- გამარჯობა. მე ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი ვარ. ფოტოგრაფიაში და ინტერნეტ სივრცეში უმეტესობა, როგორც MyDecember-ს ისე მიცნობს. პროფესიით ექიმი-ორთოდონტი ვარ. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ეს ჩემი ერთგვარი ჰობია, რომლითაც უკვე წლებია გატაცებული ვარ და რომელიც უფრო და უფრო მიყვარდება.
- რამდენი ხანია , რაც ფოტოგრაფიით დაინტერესდით და როდის სცადეთ თავად გადაგეღოთ?
- პირველად ციფრული კამერა 2009 წელს შევიძინე. ამ პერიოდიდან დავიწყე სწავლა. უმეტესად, საკუთარი შეცდომებითა და გაფუჭებული კადრებით შევიძინე ის ცოდნა, რასაც დღემდე ვიყენებ.
- ფირიანი კამერით გადაღებას ანიჭებთ უპირატესობას თუ ციფრულ ფოტოგრაფიას?
- ორივე მხარეს თავისი ხიბლი აქვს და უარს არც ერთზე არ ვამბობ. მაგრამ უფრო ფირის ფოტოგრაფია მიზიდავს. ფირზე კადრები უფრო რბილია, ხალასი ფერებით და ძალიან განსხვავებული გამოდის. პლუს , არის ძალიან დიდი მოლოდინი, არასდროს იცი, თუ როგორი გამოვა ესა თუ ის ფოტო.
- რას გაძლევთ ეს სფერო?
- ამ ეტაპზე მხოლოდ ჰობია და მეტი არაფერი. საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, თუ ისევ ცდილობ ფირზე გადაიღო, რადგან ყველაფერი უკვე ციფრულზეა გადასული. ნაკლებად შემოსავლიანია, რადგან არ ვიღებ ქორწილებს/ბანკეტებს და აშ. ხოლო ცალკეული ფოტოების გაყიდვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
- ბუნებას ანიჭებთ უპირატესობას.. რატომაა თქვენთვის გამორჩეულად საინტერესო პეიზაჟები?
- ეს ის კადრებია, რომლებიც ლაშქრობისას ან უბრალოდ ქალაქში სიარულისას მხვდება გზად. ისინი ძალიან უბრალოა, მაგრამ ეს ის მომენტებია, რომლებიც არ მინდა, რომ დამავიწყდეს და ვცდილობ ყოველთვის ფირზე აღვბეჭდო. იქნება ეს მზის ჩასვლა სადმე მთაში, თუ გვიანი შემდგომა ქალაქში.
- მოდელებთან თუ გიმუშავიათ ან თუ იმუშავებდით?
- პროფესიონალ მოდელებთან არ მიმუშავია. ვფიქრობ ეს ის ჟანრი არ არის, რომელიც ზუსტად ჩემს სტილს მიესადაგება, მაგრამ ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე და ბუნებრივი განათების ფონზე არაერთხელ გადამიღია პორტრეტები და საინტერესო კადრები გამოსულა.
- რამდენად ხშირად გიჩნდებათ გადაღების სურვილი და არის თუ არა სურვილის გაჩენა რაიმეზე დამოკიდებული?
- ეს უფრო მომენტზე და კადრზეა დამოკიდებული, რომელსაც ვხედავ და ვიცი რომ უნდა გადავიღო. მაგრამ ლაშქრობებში და ხეტიალისას უფრო მეტ კადრს ვიღებ და მოტივირებულიც მეტად ვარ.
- სად გადაიღებდით ფოტოებს , რომელია თქვენი საოცნებო ადგილი?
- რა თქმა უნდა , ახალი ზელანდია და კიდევ ერთხელ , ახალი ზელანდია. შემდეგ უკვე ირლანდია, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია.
- რას გეგმავთ სამომავლოდ. როგორ ფიქრობთ, ხართ მზად გამოფენისთვის და თქვენი ნამუშევრების საზოგადოებისათვის გასაცნობად?
- ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ მაქვს. გამოფენაზე არაერთხელ მიფიქრია, რადგან უკვე 6 წელია, რაც ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული და არქივში ბევრი საინტერესო კადრიც მაქვს, მაგრამ გამოფენის ჩატარება გარკვეულ ფინანსებთან, კავშირებთან და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. რაიმე შემოთავაზება რომ მივიღო გამოფენასთან დაკავშირებით სიამოვნებით განვიხილავ ამ საკითხს.
0